კომიტეტმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის პოსტზე ორივე კანდიდატს მისცა რეკომენდაცია

პუბლიკა

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა პეროსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ორივე კანდიდატს მისცა რეკომენდაცია. კომიტეტის მხარდაჭერილი კანდიდატების საკითხი კენჭსაყრელად პლენარულ სხდომაზე გავა.

კენჭისყრაში მხოლოდ „ქართული ოცნების“ დეპუტატები იღებდნენ მონაწილეობას. მათგან 7-მა ხმა ლელა ჯანაშვილს მისცა, 2-მა კი თამარ ალფაიძეს.

„დასკვნის მიეხედვით, ორივე კანდიდატს მიეცემა რეკომენდაცია, პლენარულ სხდომაზე, კენჭისყრაზე იქნას გატანილი მათი საკითხი“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ორ კანდიდატთან გასაუბრების შემდეგ ოპოზიციონერმა დეპუტატებმა არც ერთ მათგანს არ დაუჭირეს მხარი.

დეპუტატი ხათუნა სამნიძე მიიჩნევს, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის ასარჩევად კონკურსი ხელახლა უნდა გამოცხადდეს.

„ძალიან მძიმე მოსასმენია, როცა ორივე კანდიდატი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ორად გაყოფის გადაწყვეტილებას ეთანხმება, მაგრამ ვერ აფასებენ პროცესს, რასაც პარლამენტში გასული წლის ბოლოს ჰქონდა ადგილი. ჩვენ მათგან ამის გამბედაობა ვერ დავინახეთ“, – განაცხადა სამნიძემ.

კომიტეტი დღეს ლელა ჯანაშვილსა და თამარ ალფაიძეს გაესაუბრა.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის თანამდებობაზე მათი კანდიდატურები პარლამენტს პრემიერმა წარუდგინა.

გუშინ არასამთავრობო ორგანიზაცია „უფლებები საქართველომ“ განცხადება გაავრცელა, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ასარჩევად პარლამენტისთვის წარდგენილი ორი კანდიდატი ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლობით განსაზღვრულ კრიტერიუმებს. ორგანიზაციამ პარლამენტს პროცესის შეჩერებისკენ მოუწოდა.