„მე არ ვუყურებ ამ საკითხს ასე მტკივნეულად“ - კანდიდატი ინსპექტორის სამსახურის გაყოფაზე

პუბლიკა

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორობის ერთ-ერთ კანდიდატთან, თამარ ალფაიძესთან გასაუბრება დასრულდა.

კომიტეტის სხდომაზე თავის წარდგენის შემდეგ თამარ ალფაიძემ დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ ის სამეცნიერო-პედაგოგიური წრიდან მოდის და უკვე 24 წელია სხვადასხვა უნივერსიტეტში პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა და ამაყობს, რომ სტუდენტებს ასწავლის უმთავრესს – თავისუფლებას.

თამარ ალფაიძემ ციფრულ ეპოქაში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა და ამ კონტექსტში პირადი ცხოვრებისა და მონაცემების დაცვის აუცილებლობაზეც. მისი თქმით, მნიშვნელოვანია ტექნოლოგიურ განვითარებასთან ერთად მოქალაქეების ინფორმირება. როგორც აღნიშნა, საქართველოც ამ გამოწვევების წინაშე დგას და უმთავრესი ცნობიერების ამაღლებაა.

მან ასევე გამოსვლაში ხაზი გაუსვა, რომ დაინტერესებულია  ხელოვნური ინტელექტის სამართლებრივი რეგულირების საკითხით და ასევე კიბერუსაფრთხოებისა და კიბერსამართლებრივი საკითხებითაც.

„მე დიდხანს მისმენდნენ, თან ძალიან დიდხანს მისმენდნენ, შემდგომ გადის დრო და მე ვუსმენდი მათ ძალიან დიდხანს. ყველაზე კარგი მოსაუბრე არის ალბათ ის, ვინც იცის მოსმენა, და თუ უსმენს, გააჩნია რას უსმენს. მთავარი არის ინფორმაციის წყარო, ინფორმაციის გადამოწმება და ინფორმაციის თავისუფლება, რომელიც ვლინდება პროცესში, ეს პროცესი კი დაკავშირებულია მის მიღება- გავრცელება-დამუშავება-დაცვასთან და ა.შ.

ჩემი სამოტივაციო წერილი იწყება პროფესორ ჰარარის სიტყვებით,  რომელიც 21-ე საუკუნეში ხვალინდელობის მოკლე მოვლენებს აღწერს, თუ საით მივემართებით – ჰუმანიზმიდან დატაიზმისკენ. ასე განვითარდა ჩემი ცხოვრებაც  – ჰუმანიზმიდან -დატაიზმამდე, დიჯეობიდან დიჯიტალიზაციამდე და ა.შ.“, – თქვა მან თავის გამოსვლაში.

ისევე როგორც წინა კანდიდატის შემთხვევაში, თამარ ალფაიძის მიმართაც დეპუტატების შეკითხვები ძირითადად შეეხებოდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების პროცესს, საკონსტიტუციო სარჩელს, მედიის რეგულირების საკითხს და ასევე, უკანონო მოსმენებს.

თამარ ალფაიძესთან გასაუბრებას კომიტეტის სხდომაზე ძირითადად ოპოზიციური პარტიის დეპუტატები ესწრებოდნენ და კითხვებს სვამდნენ. დეპუტატებმა გამოთქვეს აზრი – რომ გასაგებია, რომ იზიარებს და მხარს უჭერს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაყოფას და ფუნქციების გამიჯვნას – და ჰკითხეს: როგორ აფასებს თავად პროცესს, როგორც ეს მოხდა.

„ინსპექტორის სამსახურის გაყოფაზე ბევრი კითხვა იყო და ვუპასუხებ, არ მინდა პოლიტიკურ პროცესად რამე აღქმადობა დაინახოთ ჩემგან, მე ამ პროცესს ვუყურებ აბსოლუტურად სხვა თვალით. ეს არის ინსტიტუციური პროცესი ჩემთვის და არა პერსონიფიცირებული.

ძალიან ვწუხვარ, რომ ასე მოხდა, მაგრამ ალბათ მოხდა იმიტომ, რომ საჭირო იყო ინსტიტუციურად ამ ორი რგოლის ერთმანეთისგან განცალკევება. ასეც იყო თავიდან ჩაფიქრებული, მაგრამ მე მაქვს კითხვა – რატომ შეერთდა თავის დროზე?

მე არ ვუყურებ ამ საკითხს ასე მტკივნეულად, თუმცა ვიმეორებ, რომ სამწუხაროა, რაც მოხდა.  მეც იმედი მაქვს, რომ საკონსტიტუციოც მიიღებს თავის გადაწყვეტილებას, მაგრამ იმის იმედი უფრო მაქვს, რომ ინსტიტუციურად საკითხს უფრო დავალაგებთ მომავალში და გაზაფხულდება 1 მარტიდან“, – განაცხადა თამარ ალფაიძემ.