ვაპირებ საკრებულოში დანიშნული მანქანით ვიტაქსაო და უფასოდ გადავიყვანო ადამიანები - კობერიძე

პუბლიკა

„საკრებულოში დამენიშნა მანქანა – ყოველთვიურად სამასი ლიტრა ბენზინით. ეს მანქანაც და ბენზინიც ხალხის ფულითაა შეძენილი. ამიტომ, ვაპირებ უფასოდ ვიტაქსაო და გადავიყვანო ადამიანები. ამ ფორმით კი დავაბრუნო მათი ფული“, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს წევრი პარტია „გირჩი-მეტი თავისუფლებიდან“ ცოტნე კობერიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

როგორც კობერიძე ამბობს, ის ხვალიდან თბილისში თეთრი ტაქსით იმოძრავებს, რომელსაც გირჩის სტიკერი ექნება.

„ყოველი გასვლის წინ დავსთორავ და შეგიძლიათ მომწეროთ მისამართი სად ხართ.
ჩემი სარგებელი ისაა, რომ ბევრ ადამიანს ვნახავ, მოვუსმენ, პირდაპირი კომუნიკაცია მექნება თბილისელებთან, გავესაუბრები გირჩზე. მგზავრი საჩუქრად მიიღებს გირჩის ლოლიპოპს. ერთადერთი შეზღუდვა: მანქანაში მხოლოდ Pink Floyd-ი იქნება ჩართული.
როცა ამოიწურება ბენზინი გავჩერდები და შემდეგ თვეს დაველოდები. არცერთ მეტრს არ გავივლი ჩემი საქმეებისთვის“, – წერს კობერიძე.


თბილისის თვითმმართველობის არჩევნების პირველ ტურში ცოტნე კობერიძე კენჭს ოპოზიციის ნაწილის ვიცე-მერობის კანდიდატად იყრიდა. არჩევნების მე-2 ტურში კი ის ზურა გირჩი ჯაფარიძემ ჩაანაცვლა.