საქართველოს მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კომუნალურების დაანგარიშებასთან დაკავშირებით მოსახლეობის წუხილზე ისაუბრა.
პრემიერმა ფინანსთა მინისტრს დაავალა, „თელმიკოს“ მიერ მოსახლეობისთვის დარიცხული თანხების და კანონიერების შესწავლის პროცესში ჩაერთოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური.
„მოგეხსენებათ, ბევრი ჩვენი თანამოქალაქე იღებს არასაკმარისად არგუმენტირებულ პასუხებს, თუ მას შეიძლება, არგუმენტირებული ვუწოდოთ, რაც დამატებითი სპეკულაციის საშუალება გახდა. ვიცი, ამ საკითხზე სემეკმა დაიწუო შესწავლა და გააკეთა განმარტება, რომ სამუშაო ჯგუფი ადგილზე სწავლობს თელიმკოსა და თელასის მრიცხველების აღრიცხვის სისტემებს, მაგრამ სრული სურათის დასადგენად მივიღე გადაწყვეტილება, დავავალო ლაშა ხუციშვილს, თელმიკოს მიერ მოსახლეობისთვის დარიცხული თანხების სისწორის და კანონიერების შესწავლის პროცესში ჩაერთოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიც და გონივრულ ვადაში წარმოადგინოს შემოწმების შედეგი“, – განაცხადა პრემიერმა.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისია (სემეკი) კომპანიებში „თელმიკოსა“ და „თელასში“ შედის.
მარეგულირებელი კომისია კომპანიებში მოქალაქეების საჩივრების საფუძველზე აპირებს შესვლას. ისინი ადგილზე შეისწავლიან ქვითრების გამოწერის საკითხსა და მრიცხველების აღრიცხვის სისტემებს.