საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ბექა ბასილაია აცხადებს, რომ ბრალდებულს პაემნის უფლება შეეზღუდა და ოჯახის წევრებს მასთან თვეში ერთხელ შეეძლებათ შესვლა.
„მიხეილ სააკაშვილის დაუმძიმეს რეჟიმი და მას განუცხადეს, რომ კუთვნილი პაემნის უფლებით ვერ ისარგებლებს და თვეში მხოლოდ ერთხელ ექნება შესაძლებლობა, შეხვდეს ოჯახის წევრს, რაც არის პატიმრობის კოდექსის უხეში დარღვევა“, – განაცხადა ბასილაიამ.
მიხეილ სააკაშვილი ამას უკრაინის პროკურატურის მიერ მის დაზარალებულად ცნობას უკავშირებს.
მისი ცნობით, კვირას შეატყობინეს, რომ ერთი კვირის ნაცვლად, თვეში ერთხელ შეძლებს, შეხვდეს ოჯახის წევრებს.
ინფორმაციის გადასამოწმებლად „პუბლიკა“ პენიტენციურ სამსახურს დაუკავშირდა.
პეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით, სააკაშვილის მიმართ რაიმე სახის შეზღუდვა არ დაწესებულა და „ინფორმაცია რეალობას არ შეესაბამება”.
„სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის ბრძანების შესაბამისად, მსჯავრდებულს სასჯელის შემდგომი მოხდა, დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში განესაზღვრა. ,,პატიმრობის კოდექსის“ 65-ე მუხლის თანახმად კი, ის მსჯავრდებული, რომელიც სასჯელს დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში იხდის თავსდება საკანში, უფლება აქვს, ერთი თვის განმავლობაში ჰქონდეს ერთი ხანმოკლე პაემანი, ხოლო წახალისების ფორმით – თვეში ერთი, დამატებითი, ხანმოკლე პაემანი.
მსჯავრდებული მ.სააკაშვილი, ასევე, ინფორმირებულია, რომ ერთი წლის განმავლობაში შეუძლია ჰქონდეს ორი ხანგრძლივი პაემანი, ხოლო წახალისების ფორმით – წელიწადში ერთი, დამატებითი, ხანგრძლივი პაემანი”. – ამბობენ პენიტენციურ სამსახურში.