გაუქმებული მანდატები უნდა შეივსოს გახსნილი სიებით - ყველა მანდატი უნდა დაუბრუნდეს ოპოზიციას - დეკანოიძე

პუბლიკა

დღეს საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პარლამენტი სამი ოპოზიციონერი დეპუტატის – შალვა ნათელაშვილის, ბადრი ჯაფარიძისა და ელენე ხოშტარიას – უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტას განიხილავს.

ბადრი ჯაფარიძის მანდატის გაუქმების შემდეგ პარლამენტში სააკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას საფრთხე ემუქრება. კომისიის შექმნას 50 ხმა სჭირდება, ბადრი ჯაფარიძის გარეშე კი საკითხს 49 მხარდამჭერი ჰყავს.

ამასთან დაკავშირებით საპარლამენტო ფრაქცია „ენმ – ძალა ერთობაშიას“ თავმჯდომარემ, ხატია დეკანოიძემ ბრიფინგი გამართა.

დეკანოიძემ განაცხადა, რომ მანდატები, რომლებიც ჩამოერთმევათ ოპოზიციონერ დეპუტატებს, უნდა შეივსოს გახსნილი პარტიული სიებით.

„ყველა იმ პარტიას, რომელსაც აქვს ხალხის მიერ მინიჭებული მანდატი, რომელიც დღეს უნდა ჩამოერთვას ბიძინა ივანიშვილის განკარგულებით ბადრი ჯაფარიძეს და შალვა ნათელაშვილს, უნდა შეივსოს გახსნილი სიებით, პროპორციული სიებით, რომელიც იქნება რეალურად ის პროპორცია, რაც არჩევნებზე ქართველმა ხალხმა გაყალბებულ, ზეწოლით არჩევნებზე მიანიჭა პოლიტიკურ პარტიებს“, – განაცხადა დეკანოიძემ.

მისი თქმით, კონსულტაციებს გადიან საერთაშორისო პარტნიორებთან და არასამთავრობო სექტორთან.

„ყველა მანდატი უნდა დაუბრუნდეს ოპოზიციურ პარტიებს. გარდა ამისა, მოვუწოდებთ „ოცნებას“, არც ერთ შემთხვევაში ეს უსუსური ნაბიჯი, რომელიც მიმართულია იმისკენ, რომ თქვენ გეშინიათ ოპოზიციის, გეშინიათ იმის, რაც მოხდა ზუგდიდში, რუსთავში, რაც მოხდება ბათუმში, რაც არის წალენჯიხაში, მეტი ამ ნაბიჯს სხვა ახსნა არ აქვს, ჩვენ უფრო გავძლიერდებით“, – განაცხადა დეკანოიძემ.

„პუბლიკა“ ცესკოს დაუკავშირდა შეკითხვით, შესაძლებელია თუ არა გაუქმებული სიების გახსნა და საპარლამენტო მანდატების ამ სიიდან შევსება, რაზეც გვიპასუხეს, რომ კანონმდებლობით, გაუქმებული სიის აღდგენა შეუძლებელია და არც საპარლამენტო მანდატების შევსებაა შესაძლებელი ისეთ შემთხვევაში, როცა პარტიას საარჩევნო პროპორციული სია ჩახსნილი აქვს.

კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე სოციალურ ქსელში განმარტავს, რომ სიების აღდგენის მექანიზმის შესამუშავებლად გარდამავალი დებულებები უნდა დაიწეროს, რომელიც პარლამენტში უნდა დარეგისტრირდეს, საკომიტეტო მოსმენები გაიაროს, პლენარულზე სამი მოსმენით დამტკიცდეს და საბოლოოდ ძალაში შესასვლელად პრეზიდენტმა ხელი მოაწეროს.


საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომის პარალელურად ოპოზიციურმა პარტიებმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საპარლამენტო სიის ჩახსნის მოთხოვნით მიმართეს.

„ენმ – ძალა ერთობაშიამ“ გააუქმა პროპორციული სია 37-ედან 177-ე ნომრამდე.

ენმ-ს გარდა საარჩევნო სიები ჩახსნა „ლელომ“, „ლეიბორისტულმა პარტიამ“, „სტრატეგია აღმაშენებელმა“, „ევროპულმა საქართველომ“.

ოპოზიციური პარტიები არჩევნების შედეგებს არალეგიტიმურად მიიჩნევდნენ და პარლამენტს ბოიკოტს უცხადებდნენ.

მანდატიანმა დეპუტატებმა საკანონმდებლო ორგანოს უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის მოთხოვნითაც მიმართეს, თუმცა საპარლამენტო უმრაველსობამ მათი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

პარტიების ნაწილმა საპარლამენტო ბოიკოტი 19 აპრილის შეთანხმების შემდეგ შეწყვიტეს. ენმ პარლამენტს მას შემდეგ შეუერთდა, რაც შეთანხმებიდან 100 დღის თავზე „ოცნებამ“ დოკუმენტი ანულირებულად გამოაცხადა.

პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილების მიღბის შემდეგ ნაციონალურმა მოძრაობამ ხელახალი ბოიკოტი სააკაშვილის დაკავების შემდეგ გამოაცხადა, თუმცა 31 იანვარს განაცხადა, რომ ბოიკოტს კვლავ წყვეტს.