წვრთნები დასრულდა და სამხედროები თავიანთ გარნიზონებს დაუბრუნდებიან - რუსეთის თავდაცვის სამინისტრო

პუბლიკა

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის, იგორ კონაშენკოვის თქმით, რუსული დანაყოფების ნაწილი სამხრეთ და დასავლეთ სამხედრო ოლქებში თავიანთი დავალების შესრულების შემდეგ უბრუნდებიან სამხედრო ობიექტებს.

„სამხრეთ და დასავლეთ ოლქების შენაერთებმა შეასრულეს თავიანთი დავალებები, უკვე დაწყებულია შეიარაღების დატვირთვა სარკინიგზო და საავტომობილო ტრანსპორტზე. დღეს მათი თავიანთ გარნიზონებში გადაყვანა დაიწყება, ცალკეული დანაყოფები კი სამხედრო კოლონებით დაბრუნდებიან“, – განაცხადა კონაშნეკოვმა.

რუსეთის სამხრეთ და დასავლეთ სამხედრო ოლქები კავკასიის რეგიონს, უკრაინის, ბელარუსის და ბალტიის ქვეყნების მოსაზღვრე ტერიტორიებს მოიცავს, ასევე კალინინგრადის ოლქსა და ნაწილობრივ ფინეთის მოსაზღვრე ტერიტორიას.

უკრაინის საზღვრებთან თავმოყრილი რუსული შეიარაღებული ძალების ნაწილი ბოლო დღეებია სხვადასხვა რეგიონში სამხედრო სწავლებას გადიოდა. აშშ-ის დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთმა უკრაინის საზღვრებთან, მათ შორის, ბელარუსში 130 000-მდე ჯარისკაცს და მძიმე შეიარაღებას მოუყარა თავი.

კრემლში კი ამტკიცებენ, რომ უკრაინაში შეჭრას არ აპირებენ. ამ კვირაში რუსეთი ცალკე სწავლებას ატარებს შავ ზღვაშიც, რომლის მეშვეობითაც უკრაინა, ფაქტობრივად, საზღვაო ბლოკადაში მოაქცია.