„თავიდან ბოლომდე თქვენი პასუხისმგებლობაა“ - მიქანაძე ოპოზიციას მანდატების გაუქმებაზე

პუბლიკა

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე გივი მიქანაძე პლენარულ სხდომაზე პოლიტიკური გამოსვლის დროს ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მანდატების გაუქმებას გამოეხმაურა.

„ჩვენს კოლეგებს ოპოზიციიდან, მინდა, შევახსენო, რომ სიები თქვენ გაანულეთ, სხდომები თქვენ გააცდინეთ, განცხადებები უფლებამოსილების შეწყვეტაზე თქვენ დაწერეთ, ამიტომ, თავიდან ბოლომდე თქვენი პასუხისმგებლობაა ის, რომ დღეს პარლამენტში ოპოზიცია წარმოდგენილია 64 დეპუტატით და დღევანდელი სხდომის შემდეგ შესაძლოა წარმოდგენილი იყოს 61 დეპუტატით“, – განაცხადა მიქანაძემ.

მისი თქმით, სპეკულაცია, თითქოს მანდატების შეჩერება უკავშირდება საგამოძიებო კომისიის შექმნის ხელშეშლას, უსაფუძვლოა, რადგან პარლამენტში რჩება 61 ოპოზიციონერი, კომისიის შექმნას კი 50 ხმა სჭირდება.


სააკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას ოპოზიციური ფრაქციებიდან/პოლიტიკური ჯგუფიდან მხარს არ უჭერენ „მოქალაქეები“, „ევროპელი სოციალისტები“ და „საქართველოსთვის“.

დანარჩენი ფაქციებიდან ენმ-ს 50 ხმა ჰქონდა შეგროვებული, ბადრი ჯაფარიძის გარეშე (თუ ვინმე სხვა არ გამოიჩენს ინიციატივას) კი საკითხს მხარდასაჭერად ერთი ხმა აკლდება.