ინსპექტორის ნაცვლად შექმნილ 2 ახალ სამსახურს კოკა კაციტაძე და ლელა ჯანაშვილი უხელმძღვანელებენ

პუბლიკა

საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კენჭისყრით გადაწყდა, რომ სახელმწიფო ინსპექტორის გაუქმების შემდეგ შექმნილ ორ ახალ სამსახურს ლელა ჯანაშვილი და კოკა კაციტაძე უხელმძღვანელებენ.

დეპუტატებმა ლელა ჯანაშვილი პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ხელმძღვანელად აირჩიეს. მასთან ერთად კენჭისყრაზე გავიდა თამარ ალფაიძის კანდიდატურა, თუმცა მან დეპუტატთა მხარდაჭერა ვერ მოიპოვა.

მოქმედი პროკურორი კოკა კაციტაძე სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელად აირჩიეს. მეორე კანდიდატმა, ემზარ გაგნიძემ პარლამენტის მხარდაჭერა ვერ მიიღო.

1 მარტიდან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ნაცვლად იქმნება ორი ახალი უწყება – სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური. ამ ორ სამსახურს შორის განაწილდა ფუნქციები, რომლებსაც სახელმწიფო ინსპექტორი 2016 წლიდან აერთიანებდა.

სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია სამსახურის გაუქმების გადაწყვეტილებას საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს. ცნობილია, რომ საქმე წარმოებაში მიიღეს, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, როდის დაიწყებს სასამართლო საკითხის განხილვას.