მდინარაძე კარლ ჰარცელზე: ამ განცხადების გაკეთების გადაწყვეტილება იყო არასწორი

პუბლიკა

უმრავლესობის დეპუტატმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ დეპუტატებისთვის მანდატების გაუქმებაზე ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის განცხადებას კატეგორიულად არ ეთანხმება და ამ განცხადების გაკეთებაზე გადაწყვეტილება არასწორი იყო.

„მე ბატონი კარლ ჰარცელის აზრს, მიუხედავად ჩემი მისდამი პატივისცემისა, კატეგორიულად არ ვეთანხმები, იმიტომ, რომ ეს არ იყო სწორი გადაწყვეტილება. ბატონმა კარლმა არ იმსჯელა ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარე, რაც ამ გადაწყვეტილებას დაედო საფუძვლად და ამისგან დამოუკიდებლად გააკეთა ეს განცხადება, რაც არ იყო სწორი.

უამრავ კარგ საქმეში ეს ადამიანი გვეხმარება, მაგრამ კონკრეტულად ეს გადაწყვეტილება, რომ ასეთი განცხადება გაეკეთებინა, იყო არასწორი. არც მიზანშეწონილობაზე იყო სწორი შეფასება და არც სამართლებრივ საფუძველზე“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში 16 თებერვალს კარლ ჰარცელის კომენტარს გაავრცელა, რომელიც ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მანდატების გაუქმების საკითხს შეეხება. „გუშინდელი პოლიტიკური არჩევანი გაკეთდა იმ პრინციპების საფუძველზე, რომელთა განხილვას არ დავიწყებ, თუმცა, შესაძლოა, ეს არჩევანი პარლამენტში პოლიტიკური ინკლუზიურობისა და დემოკრატიული პლურალიზმის ხარჯზე მოხდა. ევროკავშირი კვლავ მოუწოდებს ყველა მხარეს, გამოიყენონ პარლამენტი, როგორც მთავარი პლატფორმა პოლიტიკური დებატებისთვის და პოლიტიკური მიზნების წინ წასაწევად“, – აცხადებს კარლ ჰარცელი.

________________________________________

15 თებერვალს პარლამენტმა სამი ოპოზიციონერი დეპუტატის – „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას, „ლელოს“ ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის და „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის, შალვა ნათელაშვილის – სადეპუტატო უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა.