დიდუბეში 3 ადამიანის დაჭრის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.
დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულ თ.ბ.-ს თბილისში, მეტროსადგურ დიდუბის მიმდებარე ტერიტორიაზე სავარაუდოდ ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფ, მისთვის უცნობ მამაკაცებთან ურთიერთშელაპარაკება მოუვიდა, რის ნიადაგზეც თ.ბ.-მ 3 პირს ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა“,- ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მათივე ცნობით, დაჭრილი მამაკაცები სამედიცინო დაწესებულებაში არიან მოთავსებული და უტარდებათ შესაბამისი დახმარება.
გამოძიება ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს, სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით.