მოძრაობა ეკონომიკის ახალ მინისტრთან საჯარო დებატებს მოითხოვს

პუბლიკა

მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ეკონომიკის ახალ მინისტრს, ლევან დავითაშვილს საჯარო დებატებში იწვევს, – ამის შესახებ დღეს პრესკონფერენციაზე მოძრაობის ლიდერმა, ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა.

„ჩვენი მიზანია, პირდაპირ მივმართოთ უკვე შეცვლილ მინისტრს, ბატონ დავითაშვილს და ვურჩიოთ, რომ ნუღარ გაიმეორებს წინამორბედის შეცდომებს… ასევე, მოვუწოდებთ და მოვითხოვთ, მოემზადოს, გამოვიდეს და გასცეს ყველა იმ შეკითხვას პასუხი, რომელიც საკითხის ირგვლის არსებობს.

მოვისმინეთ მისი გამოსვლა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში. თვითონაც ასახელებს ამ პრობლემას, რომ თითქოს რაღაც ვერ გააგებინეს მოსახლეობას და რომ პროტესტი ამიტომ მიდის… ის მიიჩნევს, რომ შესაბამისად ინფორმირებული არ ვართ და ამიტომ ვაპროტესტებთ, ჩვენ კი მივიჩნევთ, რომ უამრავი შეკითხვაა პასუხგასაცემი – როგორც პროექტის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, ასევე მის ტექნიკურ-ეკონომიკურ დასაბუთებასა და ხელშეკრულებაზე”, – აცხადებს გოლეთიანი.

როგორც მან აღნიშნა, ეს მათ კატეგორიული მოთხოვნაა და ასევე პრინციპული მნიშვნელობა აქვს იმასაც, რომ პროცესი მედიისა და საზოგადოებისთვის საჯარო იყოს.

მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ მათ მოთხოვნაზე რეაგირება არ იქნება გონივრულ ვადაში, გადავლენ კომპანია ENKA-ს ოფისთან და მოუწევთ, რომ „დაბლოკონ შესასვლელი და მსგავს აქტიურ პროტესტს მიმართონ”.

„არ გავჩერდებით სანამ, უშუალოდ ამ დებატს არ მივაღწევთ ბატონ დავითაშვილთან… [წინააღმდეგ შემთხვევაში] შორიდან  საუბრისას აღარ ექნებათ იმის ლეგიტიმაცია, რომ რაღაც ვერ გაგვაგებინეს. ასე არ გამოვა, უნდა დავსხდეთ ერთ სივრცეში და რა ვერ გაგვაგებინა, აგვიხსნას, ვაძლევთ ამის შესაძლებლობას…

ამიტომ არ მივცემთ, პირდაპირი მნიშვნელობით, მოსვენებას, რომ ასე გვაიგნორონ გაუთავებლად და ამით თვითონ კმაყოფილები იყვნენ და მოსახლეობა შეიყვანონ დიდ გაუგებრობაში, თუ რა ხდება პროექტის ირგვლივ“, – აღნიშნა გოლეთიანმა.

სტამბოლის საფონდო ბირჟის ვებგვერდზე 20 სექტემბერს გამოქვეყნდა განცხადება, რომლის მიხედვითაც, კომპანია ENKA ნამახვანჰესის კასკადის აშენებაზე საქართველოს ხელისუფლებასთან ხელშეკრულებას წყვეტს.

მას შემდგომ საზოგადოებისთვის უცნობია, რა ეტაპზეა კომპანიასთან მოლაპარაკებები, რა იგეგმება, გაწყდა თუ არა ხელშეკრულება, როგორ აგრძელებენ მხარეები ურთიერთობას და ა.შ.

ეკონომიკის მაშინდელი მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, ისინი მოლაპარაკებებს აწარმოებენ ENKA-სთან, რომ არბიტრაჟის გარეშე დასრულდეს მოლაპარაკებები. ნათია თურნავას განცხადებით, თუ ინვესტორი არ დარჩება პროექტში, შესაძლებელია, ნამახვანჰესის პროექტი სახელმწიფომ განახორციელოს. მისი თქმით, ასევე შესაძლებელია, რომ სახელმწიფო სრულად არ ჩაერთოს პროექტში და სხვა ინვესტორიც მოიყვანოს.