ეს იქნება სამართლებრივი პროცესი – დავითაშვილი ENKA-ზე

პუბლიკა

„რაც შეეხება ENKA-სთან დაკავშირებით, როგორ შეიძლება, რომ, დავუშვათ, დღეს რაიმე პასუხი გავცეთ? ვიცით, რომ ეს პროცესი საკმაოდ რთულია. არ არის მარტივი იმიტომ, რომ კომპანია ENKA-ს თავისი პრეტენზიები აქვს – ისინი შეფერხდნენ მუშა პროცესში“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ბრიფინგზე.

მინისტრი ამით გამოეხმაურა ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე აქტივისტებს, რომლებიც კომპანია „ენკაზე“ და, ზოგადად, პროექტის სამომავლო ბედთან დაკავშირებით შეკითხვებზე პასუხის გაცემას მოითხოვენ.

„მათ ასევე რაღაც გარკვეული წინადადებები აქვთ, თუმცა ჩვენ შეიძლება რაღაცებს ვითვალისწინებდეთ, რაღაცებში არ ვეთანხმებოდეთ. ამიტომ, ეს პროცესი იქნება სამართლებრივი პროცესი და ბუნებრივია, რომ ვიდრე არ იქნება სამართლებრივი პროცესის რაღაც პროგრესი, ჩვენ ამაზე მეტ ინფორმაციას ვერ მივაწვდით ვერავის, რაც არ უნდა გვინდოდეს, რომ მივაწოდოთ.

იმიტომ, რომ ეს პროცესი თავის თავში მოიცავს ბევრ ელემენტს. ამიტომ ჩვენ გვყავს ჩვენი მხრიდან ჩართული საექსპერტო კომპანიები, საკონსულტაციო კომპანიები, იურიდიული კომპანიები. მათ შორის, სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანიზაციები არიან ჩართულები, რომლებსაც პროექტთან დაკავშირებით აქვთ თავიანთი შენიშვნები რაღაცების შესრულებასა თუ შეუსრულებლობასთან დაკავშირებით.

არსებობს ასევე სასამართლო პროცესები და ბევრი რამისგან შემდგარია ეს პროცესი. ეს კომპლექსური საკითხია. არ არის ერთწახნაგოვანი. ამიტომ, უნდა გვესმოდეს ჩვენ ეს ყველაფერი, რომ დაველოდოთ სწორად წარმართულ სამართლებრივ პროცესს, რომლის შესახებაც ადეკვატური და სრული ინფორმაცია ექნება საზოგადოებას და განსაკუთრებით დაინტერესებულ პირებს“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.


მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ეკონომიკის ახალ მინისტრს, ლევან დავითაშვილს საჯარო დებატებში იწვევს, – ამის შესახებ დღეს პრესკონფერენციაზე მოძრაობის ლიდერმა, ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა.