სავარაუდოდ, სასულიერო პირის ძალადობის ვიდეოზე შსს-მ გამოძიება ორი მუხლით დაიწყო

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 21 თებერვალს სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომასალასთან დაკავშირებით გამოძიება ორი მუხლით დაიწყო. ინფორმაცია ამის შესახებ „პუბლიკას“ უწყებაში დაუდასტურეს.

უწყების განცხადებით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ძალადობით ან ძალადობის მუქარით ჩადენილი დევნა) და 157-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით (პირადი ცხოვრების ამსახველი საიდუმლოების უკანონოდ მოპოვება და სოციალური ქსელით გავრცელება).

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, თუ როგორ ძალადობს ერთი, სავარაუდოდ,  სასულიერო პირი მეორეზე. ვიდეო 4 წუთს გრძელდება. ამ პერიოდის განმავლობაში ერთი მეორეს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებს და რამდენჯერმე ეკითხება, რატომ ჩაიცვა ანაფორა. გარდა ამისა, პირი, რომელიც მეორეს სცემდა, გადამღებს ეუბნება – „არ გათიშო, გადაიღე“.

ძალადობის ვიდეოსთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა საპატრიარქომ, რომელიც ამბობს, რომ „ეს ფაქტი ყოველგვარ ზნეობრივ თუ ეთიკურ საზღვრებს სცილდება და მიუღებელია როგორც ქრისტიანული, ისე მორალური და ადამიანური თვალსაზრისით, მით უმეტეს, რომ ვიდეომასალაში ადამიანები საბერო შესამოსლით არიან წარმოდგენილნი“.

საპატრიარქოს მტკიცებით, ვიდეომასალაში ასახული არცერთი პირი არ არის ბერად აღკვეცილი, ისინი მორჩილები არიან. მათივე თქმით, ფაქტის გადამოწმება და შესაბამისი რეაგირება ვიდეოს გავრცელებისთანავე დაიწყეს.