სააკაშვილმა უვადო შიმშილობა გამოაცხადა

პუბლიკა

მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ დღეიდან უვადო შიმშილობას იწყებს.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მან საქართველო გადაარჩინა და ამისთვის ისჯება და პუტინის დავალებით, საქართველოს ხელისუფლება მის ინვალიდიზაციას და მკვლელობას აპირებს.

„ვერ მიიღებთ იმას, რომ წყნარად ისე ჩავქრე, ვითომ ვერაფერი“, – თქვა სააკაშვილმა.

მისი თქმით, საჭირო თუ გახდა, ვნახავთ, როგორ კვდებიან ნამდვილი ლიდერები.

„ეს არის შიმშილობა, რეაქცია იმაზე, როგორც გვეპყრობა რეჟიმი მე და ჩვენს ხალხს. ჩემი ჯანმრთელობა აქ მეასეხარისხოვანია“, – განაცხადა სააკაშვილმა.

მისი განცხადებით, ყველა ნახავს, რას ნიშნავს სამშობლოს სიყვარული და ქვეყნის ყველაფერზე მაღლა დაყენება.

„შიმშილობა უკავშირდება იმას, რომ მე არ მივცემ საშუალებას, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის პირობებში მაინც ისე გამანადგურონ რაც ხდება. ჩემი მოთხოვნაა ადეკვატური ჯანმრთელობის დაცვის განხორციელება, როგორც ესაა მოთხოვნილი სახალხო დამცველის კონსილიუმის და ცენტრი „ემპათიის“ მიერ. ეს არ არის ის, რომ მორიგი ვიღაც საცოდავი დაშინებული ექიმი შემომიყვანონ და მერე ქმარი მოუხსნან ან შვილი ინსტიტუტიდან გამოუგდონ ან სხვადასხვანაირი ხრიკი, რაც კარგად ავითვისე სსტემის მაფიოზურ საქართველოში, ეს არ გამოვა“, – განაცხადა საააკაშვილმა.

სააკაშვილის სიტყვით გამოსვლამდე მოსამართლეებმა დააკმაყოფილეს დაცვის მხარის შუამდგომლობა და პენიტენციურ სამსახურს სააკაშვილის ჯანმრთელობის დაცვა დაავალეს. გარდა ამისა, მოსამარლე ნინო ელიეშვილმა განაცხადა, რომ სასამართლო ასევე ავალებს უწყებას, პატიმრის ჯანმრთელობაზე ცნობები მიაწოდოს სასამართლოს. მოსამართლეების განჩინებაში ვერ მოხვდა კონკრეტული გვარები, მაგალითად სააკაშვილის პირადი ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის გვარი.