მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ დღეიდან უვადო შიმშილობას იწყებს.
სასამართლოს ეზოში სააკაშვილის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით პირველი კომენტარი გააკეთა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ. მისი თქმით, სააკაშვილის გადაწყვეტილება საფრთხისშემცველია მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის. ის იმედოვნებს, რომ, მოთხოვნის შესაბამისად, სააკაშვილთან ექიმს დაუშვებენ.
„ჩვენ ვთანხმდებით, რომ საუბარია არა პატიმარზე, არამედ ტყვეზე. რატომ ვუწოდებ მე მიხეილ სააკაშვილს ტყვეს და არა პატიმარს? ტყვე ხარ, როცა გამოკეტილი ხარ 4 კედელში ერთი ადამიანის ნება-სურვილზე; ტყვე ხარ, როდესაც სამედიცინო მომსახურების მიღების შესაძლებლობა არ გეძლევა; ტყვე ხარ, როცა არ გეძლევა კუთვნილი უფლებების რეალიზების შესაძლებლობა, მაგალითად, სატელეფონო ზარის და ა.შ., რისი უფლებაც პატიმარს აქვს.
მიხეილ სააკაშვილის მოთხოვნა და უკიდურეს ზომაზე წასვლა, დღეს ხელმეორედ, მას შემდეგ, რაც 50 დღე იშიმშილა და, პრაქტიკულად, ფატალურად დაასრულა შიმშილობის უმძიმესი აქცია, რა თქმა უნდა, შეიცავს სერიოზულ საფრთხეს მისი სიცოცხლისთვის. მოთხოვნა არის ძალიან ჰუმანური და ადამიანური და სამართლიანი, რომ შეუშვან მასთან კვალიფიციური, პროფესიონალი სამედიცინო სამსახურის წარმომადგენელი, რასაც ითხოვს საზოგადოება უკვე თვეების განმავლობაში. იმედი მინდა მქონდეს, რომ მასთან დაწესებულებაში ექიმი იქნება დაშვებული, ექიმი, რომელიც მას სჭირდება იმისთვის, რომ მისი სიცოცხლე და ჯანმრთლება იყოს დაცული“, – განაცხადა მელიამ.