სპორტი უნდა გავმიჯნოთ ყოველგვარი პოლიტიკისგან - პრემიერი

პუბლიკა

„სპორტი უნდა გავმიჯნოთ ყოველგვარი პოლიტიკისგან და არავის უნდა მივცეთ საშუალება, რაღაც გარკვეული ინტრიგა, პროვოკაცია, ავანტიურა შეიტანოს სპორტში, მესმის, რომ გაკოტრებული პოლიტიკოსები შეეცდებიან გარკვეული პროვოკაციების მოწყობას, მაგრამ მინდა, გავაფრთხილო ყველა, რომ იქნება ძალიან მკაცრი რეაგირება“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

პრემიერი ამ კომენტარით 27 თებერვალს დაგეგმილ საქართველო-რუსეთის რაგბის მატჩზე მოქალაქეების უკრაინის დროშებით მისვლის ინიციატივას გამოეხმაურა.

„მნიშვნელობა არ აქვს, რომელი გუნდი ჩამოდის და ამის არაერთი გამოცდილება გვქონია ჩვენ. ჩვენი, ქართველი მორაგბეები პირველად არ ხვდებიან რუს მორაგბეებს. სპორტი და მოქალაქეები, რუსი ხალხი არის ერთ მხარეს, მეორეა ჩვენი პოლიტიკური ურთიერთობები რუსეთის პოლიტიკურ ხელისუფლებასთან, ამიტომ ერთი მეორისგან უნდა დავაშოროთ.

ხალხთაშორისი ურთიერთობა არის ერთი. მოგეხსენებათ, პანდემიამდე ათასობით რუსი ტურისტი ჩამოდიოდა, ახლაც ჩამოდიან, დიდი სურვილი მაქვს, კიდევ ჩამოვიდნენ, დაისვენონ და ჩვენი ლამაზი ქვეყანა ნახონ, ხალხთაშორისი ურთიერთობა უნდა განვითარდეს, უნდა აღდგეს ნდობა და განმტკიცდეს ურთიერთობები.

ასევეა სპორტსმენებს შორის. ჩვენი ბევრი სპორტსმენი რუსეთში მოღვაწეობს, მიდიან, მოდიან, ყველგან ტარდება მატჩები, ასე, რომ ყოველგვარი პოლიტიკისგან უნდა დავაშოროთ სპორტი. ძალიან კარგად მესმის, რომ გაკოტრებული პოლიტიკოსები შეეცდებიან ამ სიტუაციაში გარკვეული პროვოკაციების მოწყობას, მაგრამ მინდა, გავაფრთხილო ყველა, რომ ნებისმიერ ასეთ პროვოკაციაზე იქნება ძალიან მკაცრი რეაგირება. მინდა, ყველას ვთხოვო, მეტი პასუხისმგებლობა გამოვიჩინოთ.

ჩვენს ოპონენტებს, ამ გაკოტრებულ პოლიტიკოსებს რა უნდათ, ჩვენ ძალიან კარგად ვიცით. მათ უნდათ ეკონომიკის გაჩერებაც, ტურიზმის დაკეტვა, ქვეყნის დაკეტვა, ახალი ომის დაწყებაც, ნებისმიერი პროვოკაციის გამოყენება, რომელიც გაართულებს ჩვენს ვითარებას, იმიტომ, რომ ამაში ხედავენ ხელისუფლებაში დაბრუნების თეორიულ შანსს. ჩვენ ამის უფლებას არავის მივცემთ. ჩვენი პასუხი ნებისმიერ პროვოკაციაზე, იქნება ეს კვირას თუ ზოგადად, იქნება ძალიან მკაცრი.

ჩვენ ქვეყანაში არავის მივცემთ სიტუაციის არევის საშუალებას. ის, რაც მოვახერხეთ ჩვენ, უპრეცედენტოა და გადაჭარბების გარეშე ვამბობ ამას. 9 წლის განმავლობაში ჩვენს ქვეყანას არ ჰქონია ომი. მოვახერხეთ ის, რომ ოკუპაციის პირობებში შევინარჩუნეთ მშვიდობა, სიმტკიცე, განვითარება და უამრავი სხვა პერსპექტივა გავუჩინეთ ჩვენს ქვეყანას“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.


ბორჯღალოსნები რუსეთს კვირას, 18:00 სთ-ზე დინამოზე შეერკინებიან. თავდაპირველად მატჩზე დროშებით მისვლასთან დაკავშირებით Facebook-ღონისძიება გააკეთა მოქალაქე ნიკა ანასაშვილმა. გუშინ ევროპული საქართველოს თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ თქვა, რომ საქართველო-რუსეთის მატჩზე ევროპელები და მათი მხარდამჭერები რუსეთის ჰიმნს უკრაინის დროშებით უპასუხებენ. მოწოდება გაავრცელა მოძრაობა „სირცხვილიამაც“ და ქომაგებს მოუწოდა „უკრაინის დროშებით სტადიონის გავსებისკენ“.