2008 წელს ომი არ იყო გარდაუვალი, ანუ ამ ომის აცილება სავსებით შესაძლებელი იყო - ღარიბაშვილი

პუბლიკა

„მინდა გავიხსენო, რამდენიმე დღის წინ კონდოლიზა რაისას ინტერვიუ, რომელიც CNN-ის ეთერში გავრცელდა, სადაც იგი ახსენებს, რომ ამერიკის მთავრობა იმდროინდელ პრეზიდენტ სააკაშვილს არწმუნებდნენ, რომ რუსეთი აპირებდა ომს და მას ყველაფერი უნდა გაეკეთებინა ომის თავიდან ასაცილებლად. სხვა ამერიკელი მეგობრების კომენტარებიც მახსოვს, რომ ომი არ იყო გარდაუვალი 2008 წელს. ომის აცილება თავიდან იყო სავსებით შესაძლებელი“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

პრემიერმა განაცხადა, რომ მისთვის სახელმძღვანელო ის მოღალატეობრივი რეზოლუციის ტექსტია, სადაც ნათლად წერია, რომ სამხედრო მოქმედებები ქართულმა მხარემ დაიწყო და ამ დოკუმენტს სააკაშვილის დავალებით მაშინდელმა ხელისუფლებამ ხელი მოაწერა.

„ჩემთვის სახელმძღვანელო არის ის კაპიტულაციური, მოღალატეობრივი დოკუმენტი და რეზოლუციის ტექსტი, რომელზეც სააკაშვილის დავალებით ხელი მოაწერა მაშინდელმა ხელისუფლებამ, სადაც ნათლად, თეთრზე შავით წერია, რომ მათივე… წარმოიდგინეთ, როგორი მოღალატეობრივი ქმედება ჩაიფიქრა [წინა ხელისუფლებამ], რომ სამხედრო მოქმედებები დაიწყო ქართულმა მხარემ და ამ ყველაფერზე ხელი მოაწერა სააკაშვილის ხელისუფლებამ…

შედეგი ჩემთვის არის მთავარი შედეგი ჩვენთვის. იქ ხალხი დაიღუპა, ჩაიხოცნენ ჩვენი გმირი ჯარისკაცები, ჩააბარეს კოდორი, ასობით სოფელი და რაც მთავარია, [ოკუპირებული რეგიონების] აღიარება მოჰყვა აი ამ ყველაფერს – ამ გაუთვლელ პროვოკაციას, რომელსაც პროვოკაციით უპასუხეს, ბუნებრივია და ძალიან მძიმე შედეგები მოჰყვა ამ ყველაფერს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.