ქადაგიშვილის თქმით, პარლამენტი უკრაინის საკითხზე რეზოლუციის ახალ პროექტზე მუშაობს

პუბლიკა

საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, „ქართული ოცნება“ უკრაინასთან დაკავშირებით რეზოლუციის ახალ პროექტზე მუშაობს.

მისივე თქმით, რეზოლუციის პროექტზე საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი მუშაობს.

„უნდა გამოვდიოდეთ საქართველოს ინტერესებიდან და არანაირად არ უნდა მივცეთ საბაბი იმისათვის, რომ რუსეთს თავისი აგრესიის საქართველოზე გავრცელების საშუალება მიეცეს. აქედან გამომდინარე უნდა იყოს ყველა ის განცხადება, ყველა ის რეზოლუცია, რომელსაც სხვათა შორის ჩვენც ვამზადებთ უკვე, რომ ეს მოვლენები საქართველოში ესკალაციის გადმოტანასთან დაკავშირებით მაქსიმალურად იქნას აცილებული.

მოგეხსენებათ, ამ გეგმის შესაძლო განხორციელებასთან დაკავშირებით ერთი საგანგაშო სიგნალი გაჟღერდა, როცა ბიბილოვმა, ოკუპირებული რეჟიმის წარმომადგენელმა განაცხადა, „ვიწყებთ მზადებას შესაძლო ქართული პროვოკაციებისგან თავის დასაცავად“. აქედან გამომდინარე, სიტუაციას უნდა შევხედოთ არა შიდა დღის წესრიგიდან გამომდინარე, რომ „აბა, ახლა ჯინაზე, რას გაგიკეთებ და თავზე დაგაქცევ“, არამედ უნდა ვიმოქმედოთ იქიდან გამომდინარე, რომ ეს არის რეალური საფრთხე, რომელიც ევროპის კონტინენტის დიდ ნაწილს და მათ შორის, საქართველოს ემუქრება. ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ არიდებული იქნას საფრთხე“, – თქვა ქადაგიშვილმა.