ოპოზიციის ნაწილი ცდილობს, უკრაინის საკითხი შიდაპოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილად აქციოს - პაპუაშვილი

პუბლიკა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განმარტა, რატომ არ დაესწრება ფრაქცია „ქართული ოცნება“ რიგგარეშე სხდომას, რომელიც დღეს, 12:00-ზეა ჩანიშნული.

პაპუაშვილის განცხადებით, ოპოზიციის ნაწილი უკრაინაში ომის შიდაპოლიტიკური დღის წესრიგის საკითხად გადაქცევას ცდილობს.

„ჩვენ ვხედავთ და ბოლო დღეებში ვართ ამის მოწმე, სამწუხაროდ, ოპოზიციის ნაწილი ცდილობს, უკრაინის საკითხი გახადოს საკუთარი შიდაპოლიტიკური დღის წესრიგის საკითხად. გვესმის დეზინფორმაციის მთელი ტალღა საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ, რომელიც ოპოზიციის ნაწილის მხრიდან მოდის უკრაინასთან დაკავშირებით და რა თქმა უნდა, მათ შორის, რეზოლუციასთან მათი დამოკიდებულებაც ადასტურებს იმას, რომ ცდილობენ უკრაინის საკითხის გამოყენებას შიდაპოლიტიკური დღის წესრიგისთვის.

ეს არის მთავარი არსი „ქართული ოცნების“ ფრაქციის განცხადების, რომ არ უნდა მივცეთ საშუალება და ეს იქნება სწორედაც რომ არასწორი სოლიდარობა უკრაინელი ხალხის მიმართ, რომ უკრაინის თემის შიდაპოლიტიკური დღის წესრიგისთვის იქნას გამოყენებული. უკრაინის საკითხი ეს არის საქართველოს უსაფრთხოების საკითხიც, მაგრამ ეს არ არის შიდაპოლიტიკური საკითხი იმ გაგებით, როგორც ცდილობენ წარმოაჩინონ“, – განაცხადა პარლამენტის სპიკერმა.

შალვა პაპუაშვილს არ სჯერა, რომ რიგგარეშე სხდომის ინიციატორებს მხოლოდ ერთიანობის დაფიქსირების სურვილი ამოძრავებთ.

„ჩვენ გუშინ ვისმენდით, მათ შორის, რიგგარეშე სხდომის ინიციატორების მხრიდან, რომ თითქოს, მათი სურვილი იყო პარლამენტში ერთობის დაფიქსირება. ამავე დროს გუშინვე ვისმენდით პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის განცხადებას, რომელიც კვლავ აჩვენებს ისევ ერთხელ ფარისევლობას ამ დამოკიდებულებისა თითქოს, ერთიანობას, მეორე მხრივ, იმავე წუთში „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის თავმჯდომარე  აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არის რუსული ხელისუფლება და როგორც პუტინი დამარცხდება უკრაინაში, იმავე მომენტში უნდა დამარცხდეს საქართველოს ხელისუფლებაც და ა.შ.

არანაირი ერთობის სურვილი, რა თქმა უნდა, მათ არ აქვთ, ეს არის, მათ შორის, უღირსი მცდელობა, რომ უკრაინის ასეთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ეხება უკრაინის უსაფრთხოებას და ამავე დროს, საქართველოს უსაფრთხოებას, აქციონ ყოველდღიური, ასე ვთქვათ, მერკანტილური პოლიტიკის დღის წესრიგის ნაწილად. ამის დაშვებას ფრაქცია „ქართული ოცნება“ არ აპირებს,“ – განაცხადა პაპუაშვილმა.


„ქართული ოცნება” პრეზიდენტის განკარგულებით დანიშნულ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაში მონაწილეობას არ მიიღებს.