შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის დირექტორი ნიკა ახალბედაშვილი, ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის, დავით ლორთქიფანიძის პირველ მოადგილედ დაინიშნა. ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.
სამინისტროს განცხადებით, ცვლილებები ეროვნული მუზეუმის დებულებაში 2022 წლის 3 მარტის N05/05 ბრძანებით დამტკიცდა.
„ბრძანების თანახმად, მისი დანიშვნა 19 მარტიდან შევა ძალაში. გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე ზედამხედველობას გაუწევს ეროვნული მუზეუმის საფინანსო, საბიუჯეტო, ინფრასტრუქტურულ, საკადრო და ორგანიზაციულ საკითხებს, ასევე, დირექტორატის ან/და გენერალური დირექტორის მიერ მისთვის დაკისრებული სხვა ფუნქციების შესრულებას და, ამ მხრივ, ხელს შეუწყობს გენერალურ დირექტორსა და დირექტორატს, ეროვნული მუზეუმის გამჭვირვალე და ეფექტიან მართვაში“, – წერია გავრცელებულ განცხადებაში.
კულტურის მინისტრის გადაწყვეტილებით, 2021 წლის გაზაფხულზე, ეროვნულ მუზეუმს გამოეყო მუზეუმთა ჯგუფები და მუზეუმის ბაზაზე შეიქმნა 4 მუზეუმი/მუზეუმთა ჯგუფი:
1. შალვა ამირანაშვილის ხელოვნების მუზეუმი, ეროვნული გალერეა და სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი;
2. სპორტის მუზეუმი;
3. გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმი;
4. სიმონ ჯანაშიას სახელობის მუზეუმი, რომელიც ასევე მოიცავს 7 მუზეუმს და ორ კვლევით ცენტრს.
როგორც სამინისტრო გავრცელებულ განცხადებაში წერს, მინისტრის 2021 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილებით, სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმის დირექტორის, ზვიად კვიციანის სახით, სსიპ ეროვნული მუზეუმის დირექტორატს ახალი, მე-5 წევრი შეემატა.