ხულოში პრორუსული „ალტ-ინფოს“ პარტიას ოფისი გახსნის დღესვე დაუხურეს

პუბლიკა

პრორუსული, ძალადობრივი „ალტ-ინფოს“ პარტია „კონსერვატიულ მოძრაობას“ ხულოში ოფისი გახსნის დღესვე დაახურვინეს. როგორც ფართის მეპატრონე დათო სოლომონიძე „პუბლიკასთან“ ამბობს, მას თავდაპირველად არ ჰქონდა ინფორმაცია პარტიის შესახებ, თუმცა როგორც კი შეიტყო, ოფისიდან მათი პლაკატები ჩამოხსნა.

„მე არ ვიცოდი და როგორც კი გავარკვიე ვინ იყვნენ, გუშინვე ვუთხარი, რომ აღარ ამოსულიყვნენ. დღეს უკვე მათ პლაკატებს ვხსნი. 1 500 ლარი უნდა გადაეხადათ. მითხრეს, რომ „კონსერვატიული პარტია“ ვართ ევროპული ხედვებითო და მოგეხსენებათ, საქართველოში ბევრი პოლიტიკური პარტიაა ასეთი ხედვით. როდესაც გავარკვიე ვინც იყვნენ, წუხელვე დავურეკე და ვუთხარი, რომ უნდა წასულიყვნენ“, – ამბობს დათო სოლომონიძე.

ფართის მეპატრონეს პრორუსული პარტიის შესახებ ორგანიზაცია „სოლიდარობის თემმა“ აცნობა.

„ახალგაზრდებმა, „სოლიდარობის თემის“ წარმომადგენლებმა და ხულოს მოსახლეობამ ერთობლივად მივმართეთ ფართის მესაკუთრეს, ვაცნობეთ, პრორუსული, ანტიისლამური განწყობების მატარებელი და მოძალადე დაჯგუფება რომ არის. ვთხოვეთ, რომ ისინი გაეშვა ფართიდან და მესაკუთრე დათო სოლომონიძემ სამოქალაქო პასუხისმგებლობა აიღო და მიუხედავად იმისა, რომ ხულოში ნამდვილად ძალიან მძიმე ეკონომიკური მდგომარეობაა და რთულია სივრცეების გაქირავება, მან გამოიჩინა სამოქალაქო პასუხისმგებლობა და ისინი თავისი ფართიდან გაუშვა. ჩვენ ვცდილობთ, რომ თუკი სადმე კიდევ ეცდებიან მსგავსი სივრცის შექმნას, გვქონდეს ამაზე რეაგირება“, – უთხრა „პუბლიკას“ „სოლიდარობის თემის“ წარმომადგენელმა ნესტან ანანიძემ.