თსუ-ის რექტორი გიორგი შარვაშიძე პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებით მიმართავს და დეკანის არჩევის წესის ცვლილებას მოითხოვს. მის მიერ მომზადებული პროექტით, დეკანად ასარჩევად ვალდებულება, რომ პირი იყოს პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი, უქმდება და საკმარისი იქნება აკადემიურ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება.
კერძოდ, რექტორის შემოთავაზებული ცვლილებებით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით დეკანად შეიძლება აირჩეს პირი, რომელსაც აქვს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკადემიურ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება. დამატებით მოთხოვნებს კი კონკრეტული უმაღლესი დაწესებულები თავად დააწესებენ.
რა იცვლება? – კანონის დღეს მოქმედი რედაქციით კი დეკანად შეიძლება აირჩეს შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი.
პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, საკითხის განხილვა დაევალა განათლების კომიტეტს. რეგლამენტის მიხედვით, თუ წამყვანმა კომიტეტმა მისაღებად ცნო იგი, კომიტეტი პარლამენტის ბიუროსთან შეთანხმებით, განსაზღვრულ ვადაში შეიმუშავებს კანონპროექტს.
როგორ ასაბუთებს გიორგი შარვაშიძე ცვლილებების საჭიროებას:
როგორც რექტორის წერილშია აღნიშნული,მას მიაჩნია, რომ მოქმედი ჩანაწერი შეუსაბამოდ ზღუდავს პირთა წრეს, რომელსაც უნდა ეძლეოდეს ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობის დაკავების, შესაბამისად, ამ მიზნით კანდიდატურის წარდგენისა და მისი კანდიდატურის განხილვის უფლებას.
მისივე მოსაზრებით, დეკანის თანამდებობა ადმინისტრაციული თანამდებობების კატეგორიას განეკუთვნება, რაც გულისხმობს იმას, რომ ამ თანამდებობის შრომითი, ფუნქციური დატვირთვა მენეჯერული ხასიათისაა და მიზნად ისახავს არა უშუალოდ საგანმანათლებლო თუ სამეცნიერო პროცესში მონაწილეობას, არამედ ამ პროცესების არსის ცოდნას და მათი ორგანიზებულად, გეგმიურად მიმდინარეობის მენეჯერულ/მართვით ხელშეწყობას.
„აღსანიშნავია, რომ კანონის დღევანდელი რედაქციიდან გამომდინარე, დეკანებს ერთდროულად უკავიათ, როგორც დეკანის, ისე პროფესორის ან ასოცირებული პროფესორის თანამდებობა, რაც ბუნებრივია დაკავშირებულია მათ გაორმაგებულ შრომით დატვირთვასთან“, – წერს შარვაშიძე.
მის მიერ მომზადებული წინადადებით, ასევე იცვლება აკადემიურ თანამდებობაზე ასარჩევ პირთა ასაკი. ნაცვლად 65 წლისა, პროექტში წერია, რომ „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიურ თანამდებობაზე არ შეიძლება არჩეულ იქნეს 70 წელს მიღწეული პირი, ხოლო აკადემიურ თანამდებობაზე მყოფი პირი, რომელმაც მიაღწია 70 წელს, აკადემიური თანამდებობიდან განთავისუფლდება აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის ვადის გასვლის შემდეგ“.