ყოვლად დაუსაბუთებელი და აბსურდული ბრალდება - ფინანსთა სამინისტრო უკრაინის დაზვერვაზე

პუბლიკა

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოსა და უკრაინის ვიცე-პრემიერის, ირინა ვერეშჩუკის განცხადებებს ეხმაურება.

სამინისტროში ამბობენ, რომ ამ ინფორმაციის მიხედვით, საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობა შეთანხმებულია რუსეთთან საქართველოს გავლით სანქცირებული პროდუქტის კონტრაბანდის სახით შეტანაზე.

„ეს არის ყოვლად დაუსაბუთებელი და აბსურდული ბრალდება“, – ამბობენ სამინისტროში. 

ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, რუსეთის ფედერაციისთვის საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ სანქციების დაწესების პირველივე დღეებიდან საქართველო უმკაცრესად აკონტროლებს ქვეყნის ყველა საბაჟო-გამშვებ პუნქტს და მიმართავს ქვეყანაში შემოსული და გასული ტვირთების მონიტორინგს.

„საქართველოს ფინანსთა სამინისტრო სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ ნებისმიერი ტიპის საქონელი, როგორც სამხედრო, ისე ორმაგი დანიშნულების, ასევე ყველა ის პროდუქცია, რომელიც მოხვედრილია სანქციების სიაში, ექვემდებარება მკაცრ საბაჟო კონტროლს საქართველოს ხელისუფლების მიერ.

აღსანიშნავია, რომ ამის შესახებ დეტალურად ინფორმირებულია ყველა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორი. საქართველო მომავალშიც გააგრძელებს ამ მიმართულებით უმკაცრეს კონტროლს და პარტნიორებისთვის ინფორმაციის გაზიარებას“, – ნათქვამია განცხადებაში.


უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამმართველოს ცნობით, რუსეთი საქართველოს გავლით კონტრაბანდის მიღების არხებს ავითარებს.

როგორც დაზვერვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, საქართველოს დაზვერვის წარმომადგენლებმა დირექტივა მიიღეს პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან, რომ ხელი არ შეეშალათ კონტრაბანდისტების საქმიანობისთვის.