ბავშვები, რომელთაც 6 წელი ოქტომბრამდე უსრულდებათ, სკოლაში სწავლას შეძლებენ - კანონპროექტს დაჩქარებულად განიხილავენ

პუბლიკა

ზოგადი განათლების შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებით, სწავლის დაწყება შეეძლებათ ბავშვებს, რომელთაც 6 წელი 30 სექტემბრის ჩათვლით შეუსრულდებათ. ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი ამილახვარმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

ამილახვარი ამბობს, რომ აღნიშნული ცვლილებით შესაძლებლობა ექნება უკვე წელსვე 2500- მა პირმა მიმართოს სკოლას.

კანონში არსებული ჩანაწერით, ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების ასაკი 6 წელია, რაც 6 წლამდე ასაკის ბავშვებს, სკოლაში სწავლის დაწყების შესაძლებლობას არ აძლევს.

„მშობლების ძალიან დიდი მომართვიანობის საფუძველზე, რამდენიმე კვირიანი ინტენსიური მუშაობის შედეგად, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა, სამინისტროსთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გადავწიოთ დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების ასაკი. განვსაზღვროთ 6 წელი, რომელიც პირს შეუსრულდება 1 -ელ ოქტომბრამდე. აღნიშნული ცვლილებით შესაძლებლობა ექნება უკვე წელსვე 2500- მა პირმა მიმართოს სკოლას. ვინაიდან პირველკლასელთა ელექტრონული რეგისტრაციის ვადა ახლოვდება, კანონპროექტი დაჩქარებული წესით განიხილება, რადგან მყისიერად შეძლოს სარგებლობა ყველამ, ვინც ამ პერიოდამდე არის დაბადებული“,- განაცხადა ამილახვარმა.

ამილახვარის თქმით, ინტენსიურად მიმდინარეობს ახალი სკოლების მშენებლობა და არსებულის რეაბილიტაცია, რაც იძლევა საშუალებას დამატებითი ადგილები გაჩნდეს სკოლებში.

მისივე თქმით, მიდგომა ბავშვის სკოლაში შესვლის ასაკის გადახედვასთან დაკავშირებით მომავალშიც გაგრძელდება, ახალი სასწავლო ინფრასტრუქტურის შექმნის კვალდაკვალ.

„ჩვენ ვმუშაობდით მეთოდისტებთან, ფსიქოლოგებთან, დარგის ექსპერტებთან ერთად და გვაქვს უკვე ხედვა წარმოდგენილი. ყოველ წელს ამას სჭირდება სისტემის მომზადება, რადგან დაახლოებით 17 ათასამდე მოსწავლეს შესაძლოა ეს შეეხოს, თუ ჩვენ ავიღებთ წყალგამყოფს 31 დეკემბერს, რომელიც ყველაზე გონივრული, ყველაზე სამართლიანი და ლოგიკური თარიღია.

გვაქვს უკვე ხედვა, რომ სასკოლო ინფრასტრუქტურის მშენებლობასთან ერთად, როცა სისტემა იქნება მზად, ამ თემაზე მუშაობა გავაგრძელოთ. ჩვენ ამ რეფორმას ვიწყებთ დღეს და გავაგრძელებთ და ყოველწლიურად მოხდება გადახედვა იმ პრინციპით, რასაც დღეს ვაინიცირებთ. ეს ცვლილება უზრუნველყოფს იმას, რომ ამ ეტაპზევე დარეგისტრირდეს ყველა, ვინც 1 ოქტომბრამდეა დაბადებული“, – განაცხადა ამილახვარმა.