თავშესაფრით სარგებლობისთვის მსხვერპლის სტატუსი აუცილებელი აღარ იქნება - კანონპროექტი

პუბლიკა

საქართველოს პარლამენტში ინიციირებულია კანონპროექტი „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე”.

საკანონმდებლო ინიციატივა ძალადობის მსხვერპლთა უფლებების დაცვის თვალსაზრისით ცვლილებებს ითვალისწინებს. ერთ-ერთი ცვლილების თანახმად, თავშესაფრით სარგებლობისათვის აღარ იქნება აუცილებელი მსხვერპლის სტატუსის არსებობა.

კანონპროექტის ძირითადი არსი 

განმარტებითი ბარათის თანახმად, კანონპროექტის ძირითად მიზანს წარმოადგენს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერის გაძლიერება და სტამბოლის კონვენციის დებულებების ასახვა ქართულ კანონმდებლობაში.

კანონში შესატანი ცვლილებების მიხედვით: 

  • ახლებურად რეგულირდება ქალთა მიმართ ძალადობის ან და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მიერ სახელმწიფო მომსახურებებით (მათ შორის თავშესაფრით/კრიზისული ცენტრით) სარგებლობის საკითხი, რაც ხელს შეუწყობს თავშესაფრით სარგებლობისთვის არსებული
    ბარიერის დაძლევას;
  • მხარდაჭერის მომსახურებით (მათ შორის, თავშესაფრით) სარგებლობისათვის მსხვერპლის სტატუსის არსებობის წინაპირობა უქმდება;
  • იცვლება „ოჯახის წევრის“ განმარტება და პირთა წრეს ემატება ინტიმური პარტნიორი;
  • განისაზღვრება მუნიციპალიტეტების უფლებამოსილება, მონაწილეობა მიიღონ ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ გასატარებელ როგორც პრევენციული ხასიათის, ასევე მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების ღონისძიებებში.

მსხვერპლის სტატუსის, როგორც წინაპირობის გაუქმება

კანონის მოქმედი რედაქციით, სახელმწიფო სერვისებით, მათ შორის, თავშესაფრით სარგებლობისთვის აუცილებელი წინაპირობაა მსხვერპლის სტატუსის ქონა, რომლის მოპოვების სამი ალტერნატივა არსებობს: მსხვერპლის სტატუსი; შემაკავებელი ორდერი; დამცავი ორდერი.

ცვლილების მიხედვით, მხარდაჭერის სარგებლობისთვის (მათ შორის თავშესაფრით სარგებლობისათვის) მსხვერპლის სტატუსის არსებობა აღარ იქნება საჭირო. თავშესაფრის მიმწოდებლის მიერ განისაზღვრება კრიტერიუმები, რომლის საფუძველზეც მიიღება გადაწყვეტილება პირისთვის თავშესაფრის მომსახურების მიწოდების ან უარის თქმის შესახებ.

შემოთავაზებული ცვლილებით, თავშესაფარში მოთავსების ვადაც იცვლება და 3 თვის ნაცვლად 4 თვით განისაზღვრება. ასევე, თავშესაფრის მომსახურების მიწოდება არ არის დამოკიდებული მსხვერპლის მზადყოფნაზე, ითანამშრომლოს სამართალდამცავ ან პროკურატურის ორგანოებთან ძალადობის
აქტების ჩამდენი პირების წინააღმდეგ.

ოჯახის წევრის კატეგორიის გაფართოება

კანონის მოქმედი რედაქციით, პრევენციული მექანიზმები (შემაკავებელი და დამცავი ორდერები) მხოლოდ მოძალადე ოჯახის წევრზე ვრცელდება, რომელშიც არ შედის ინტიმური პარტნიორი.

ცვლილების მიხედვით, დაემატა ინტიმური პარტნიორის კატეგორია: ინტიმური პარტნიორები – პირები, რომლებიც არ იმყოფებიან/იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ან არარეგისტრირებულ ქორწინებაში, არ ეწევიან/ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას, თუმცა არიან ან იყვნენ ინტიმურ ურთიერთობაში, რაც მოიცავს რომანტიკულ ან/და სქესობრივ ურთიერთობას.

კანონპროექტის მიხედვით, ასევე,  ჩნდება მხარდაჭერის მომსახურება/პროგრამის ჩანაწერი, რომელიც ეხმარება მსხვერპლს ძალების აღდგენასა და ძალადობის შედეგების დაძლევაში.

ცვლილების მიხედვით, ეს მომსახურება/პროგრამა უნდა ითვალისწინებდეს მსხვერპლთა მხარდაჭერას რომელიმე შემდეგი მიმართულებით: მსხვერპლთა დაცვა; სამართლებრივი დახმარება; ფსიქოლოგიური და სოციალური დახმარება/რეაბილიტაცია და მათი ფიზიკური თუ ფსიქო-ემოციური გაჯანსაღებისთვის ზრუნვა; დროებითი საცხოვრისით (თავშესაფრით) უზრუნველყოფა; ჯანმრთელობის დაცვა; პროფესიული მომზადების ან/და დასაქმების ხელშეწყობა; ან სხვა ისეთი დახმარება, რომელიც მსხვერპლის საჭიროებაზეა მორგებული.

მუნიციპალიტეტის უფლებამოსილების გაფართოება

კანონის მოქმედი რედაქციით, არსებობს ზოგადი ჩანაწერი იმის თაობაზე, რომ მუნიციპალიტეტებს ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების მიმართულებით ღონისძიებების განხორციელების უფლებამოსილება აქვთ.

ადგილობრივ თვითმმართველობის კოდექსში მუნიციპალიტეტების კონკრეტული უფლებამოსილებები ამ მიმართულებით არ არის განსაზღვრული.

კანონში შესატანი ცვლილებების მიხედვით კი, ძალადობის პრევენციის ღონისძიებების განმახორციელებელ ერთ-ერთ ორგანოდ ემატება მუნიციპალიტეტი.ზუსტდება მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებები: მუნიციპალიტეტები უფლებამოსილი იქნებიან შექმნან მხარდაჭერის მომსახურება და განახორციელონ ისეთი მიზნობრივი პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს მსხვერპლთა მხარდაჭერას შემდეგი მიმართულებებით: სამართლებრივი დახმარება, ფსიქოლოგიური და სოციალური რეაბილიტაცია, ასევე დროებითი საცხოვრისით (თავშესაფრით) უზრუნველყოფა და სხვა;

საკანონმდებლო ცვლილებების ინიციატორები არიან: ნინო წილოსანი; ხათუნა კვიციანი; მიხეილ სარჯველაძე; ნინო იობაშვილი; თეონა აქუბარდია; რამინა ბერაძე; რატი იონათამიშვილი.

პარლამენტში წარდგენილ საკანონმდებლო ცვლილებებს  დადებითად აფასებენ ორგანიზაციაში „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოში“ და შესაბამის შეფასებას აქვეყნებენ.

TI-ის შეფასებით, წარმოდგენილი ინიციატივა დადებითად უნდა შეფასდეს, რადგან ერთი მხრივ, პრაქტიკაში არსებული ხარვეზების აღმოფხვრა ხდება, ხოლო მეორე მხრივ, ქართული კანონმდებლობა შესაბამისობაში მოდის ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციასთან (ე.წ. „სტამბოლის კონვენცია”).

სტამბოლის კონვენცია მნიშვნელოვანი საერთაშორისო აქტია ქალთა უფლებების დაცვის თვალსაზრისით. იგი ითვალისწინებს სახელმწიფოთა ვალდებულებებს, უზრუნველყონ ოჯახში და ზოგადად, ქალთა მიმართ ძალადობის პრევენცია და ებრძოლონ კონკრეტულ დანაშაულებს.