საქართველოს ნეონაცისტ მოქალაქეს, რომელიც ნიუ იორკში მკვლელობებს გეგმავდა, 15-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

პუბლიკა

საქართველოს ნეონაცისტ მოქალაქეს, რომელიც ნიუ იორკში მკვლელობებს გეგმავდა, 15-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

აშშ-ის პროკურატუტის განცხადებით, მიხეილ ჩხიკვიშვილი, რომელიც ახლა 22 წლისაა, ხელმძღვანელობდა „მანიაკი მკვლელობების კულტს“ და ქირაობდა სხვა ადამიანებს სხვადასხვა სახის დანაშაულის ჩასადენად, მიმართულს ეთნიკური უმცირესობებისა და ებრაელი თემის წინააღმდეგ.

მისი ერთ-ერთი გეგმა ითვალისწინებდა სანტა კლაუსის ფორმაში გამოწყობას, რათა ბავშვებისთვის მოწამლული კანფეტები დაერიგებინათ.

მიხეილ ჩხიკვიშვილის მეტსახელია „კაპიტანი ყასაბი“, სასჯელი მას ბრუკლინის ფედერალურმა სასამართლომ 13 მაისს გამოუტანა. დამნაშავედ ჩხიკვიშვილი სასამართლომ ნოემბერში ცნო სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებსა და ბომბებისა და რიცინის შექმნის შესახებ ინფორმაციის გავრცელების გამო.

„ვაღიარებ, რომ ჩემმა ქმედებებმა ზიანი მოიტანა სიძულვილისა და ძალადობის გავრცელებით, და ამის გამო გულწრფელად ვწუხვარ“, – წერდა ჩხიკვიშვილი მიმდინარე წლის აპრილში მოსამართლისთვის მიწერილ წერილში.

მისმა ადვოკატმა, ზაქარი ტეილორმა ხუთწლიანი პატიმრობა მოითხოვა და მიზეზად ჩხიკვიშვილის ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები დაასახელა, რომელიც მოზარდობის ასაკიდანვე „სოციალურ ქსელებში ძალადობრივი ექსტრემისტული კონტენტის გავლენის ქვეშ მოექცა“, თუმცა მას შემდეგ გამოსწორდა. ადვოკატმა მოსამართლისადმი მიწერილ წერილში ასევე მიუთითა მკაცრი პირობებზე, რომელიც ჩხიკვიშვილს მოლდოვაში თითქმის ერთწლიანი პატიმრობის დროს ჰქონდა – ამ ქვეყანაში ის 2024 წელს საერთაშორისო ორდერით დააკავეს.

პროკურორებმა ჩხიკვიშვილი უწოდეს საერთაშორისო ექსტრემისტული დაჯგუფების, „მანიაკი მკვლელობის კულტის“ (Maniac Murder Cult) ლიდერი. ეს დაჯგუფება მისდევს ნეონაცისტურ იდეოლოგიას, რომელიც პროპაგანდას უწევს ძალადობას რასობრივი და რელიგიური ომის პროვოცირების მიზნით.