ომის დაწყების შემდეგ მოსახლეობაში რუსეთთან პარტნიორობის მხარდაჭერამ იკლო - NDI

პუბლიკა

NDI საზოგადოებრივი განწყობების შესახებ ახალი კვლევის შედეგებს აქვეყნებს, რომელიც 2022 წლის თებერვლისა და მარტის სატელეფონო გამოკითხვებისა და 2022 წლის მარტის ფოკუს ჯგუფების ძირითად მიგნებებს ასახავს.

NDI-ის კვლევის მიხედვით, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგბრუსეთმა პოზიციები დათმო საქართველოს მთავარი ეკონომიკური და პოლიტიკური პარტნიორების სიაში.

გამოკითხულთა უმრავლესობა საქართველოსთვის ერთ-ერთ ყველაზე სასურველ პოლიტიკურ და ეკონომიკურ პარტნიორად კვლავ ევროკავშირს მიიჩნევს. თუმცა, შემცირდა რუსეთისადმი კეთილგანწყობა.

ომის დაწყებამდე გამოკითხულთა 24% მიიჩნევდა, რომ საქართველოს ყველაზე მჭიდრო პოლიტიკური თანამშრომლობა რუსეთთან უნდა ჰქონოდა, ახლა კი ასე მხოლოდ 13% მიიჩნევს. რუსეთი ომამდე სიაში აშშ-სა და ევროკავშირს მოსდევდა, ახლა კი მას გადაუსწრო თურქეთმა და დაეწია აზერბაიჯანიც.

საპირისპიროდ, ყველაზე მჭიდრო პოლიტიკური თანამშრომლობის კუთხით გაიზარდა ევროკავშირის მხარდაჭერა. თუკი ომამდე ამას გამოკითხულთა 29% მიიჩნევდა, ახლა მხარდაჭერა 42%-მდეა გაზრდილი.

მსგავსი ტენდენცია გამოიკვეთა ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხითაც. ამ შემთხვევაშიც, აშშ-ს პოზიცია თითქმის იგივეა – ომამდე მასთან მჭიდრო მხარდაჭერას მხარს უჭერდა 29%, ახლა კი – 28%.

30%-დან 40%-მდე გაიზარდა ევროკავშირისადმი მხარდაჭერა, ხოლო შემცირდა მათი რაოდენობა, ვინც მიიჩნევს, რომ საქართველოს ყველაზე მჭიდრო ეკონომიკური თანამშრომლობა რუსეთთან უნდა ჰქონდეს, მათმა რაოდენობამ 29%-დან 16%-მდე იკლო. მას უსწრებს ევროკავშირი, აშშ, თურქეთი და აზერბაიჯანი.

NDI ასევე აღნიშნავს, რომ შემცირდა იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც მიიჩნევს, რუსეთთან მჭიდრო ურთიერთობით საქართველო მეტ სარგებელს მიიღებს.

კითხვას მიიღებს თუ არა მეტ სარგებლს საქართველო, თუ რუსეთთან ურთიერთობის სანაცვლოდ უარს იტყვის ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე, მოსახლეობას 2014 წლიდან უსვამენ. ახლა კი ამ მოსაზრებას ყველაზე ნაკლები ადამიანი, გამოკითხულთა მხოლოდ 10% ეთანხმება. 2015 წელს ასე გამოკითხულთა 30% მიიჩნევდა.

სანაცვლოდ, ამ შემთხვევაშიც მოიმატა ევროკავშირის მხარდაჭერამ. გამოკითხულთა 69% მიიჩნევს, რომ საქართველო მეტ სარგებელს ევროატლანტიკური ინტეგრაციით მიიღებს. ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ამ მხრივ 2015 წელს იყო, მაშინ ასე მიიჩნევდა გამოკითხულთა მხოლოდ 45%.

შედარებით ნაკლები ცვლილებები იყო ომამდე და ომის დაწყების შემდეგ დასმულ კითხვაზე, გაიზარდა თუ არა რუსეთის, ევროკავშირის, აშშ-ის ან NATO-ს გავლენა საქართველოზე.

თუმცა, ზოგადად მაღალია იმ მოქალაქეთა რაოდენობა, ვინც მიიჩნევს, რომ რუსეთის გავლენა საქართველოზე ბოლო 5 წელში გაიზარდა. ომის დაწყებამდე ასე გამოკითხულთა 51% მიიჩნევდა, ახლა კი 53% მიიჩნევს.

ომის დაწყების შემდეგ შემცირდა იმ მოქალაქეთა რაოდენობა, ვინც მიიჩნევს, რომ ბოლო 5 წელში ევროკავშირის, აშშ-ის ან NATO-ს გავლენა გაიზარდა საქართველოზე.

NDI-ის მიხედვით, მოსახლეობა რუსეთის გავლენას უარყოფითად, ხოლო ევროკავშირის, NATO-სა და აშშ-ს გავლენას დადებითად აფასებს.

ასევე, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, მეტი ადამიანი ფიქრობს, რომ ბოლო ხუთ წელში საქართველო ევროკავშირს დაშორდა. ომამდე ამგვარად 27% მიიჩნევდა, ახლა კი გამოკითხულთა 36% ფიქრობს ასე.


NDI-ის ანგარიში რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრამდე დაახლოებით ორი კვირით ადრე (3-15 თებერვალი) და ორი კვირის შემდეგ (9-20 მარტი) ჩატარებულ ქვეყნის წარმომადგენლობით (ოკუპირებილი ტერიტორიების გამოკლებით) ორი სატალეფონო გამოკითხვის შედეგებს ემყარება.

საშუალო ცდომილების ზღვარი თებერვლის კვლევაში – +/- 1.8 პროცენტი, ხოლო მარტის კვლევაში +/- 1.6 პროცენტია. რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი შერჩევის გზით – შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.