„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე ნიკა გვარამიას დაკავების საქმეზე ისაუბრა. მისი თქმით, კონკრეტულმა ადამიანებმა ჩაიდინეს კონკრეტული დანაშაული და მათ კანონის შესაბამისად შეეფარდათ სასჯელი სასამართლოს მხრიდან.
კობახიძის შეფასებით, სასამართლოს წინააღმდეგ მიმდინარეობს ისტერიული კამპანიაა „რომელიც, ერთმნიშვნელოვნად, მართლმსაჯულების პოლიტიზების მცდელობად უნდა შეფასდეს.“
მისი თქმით, 2017 წლის ისტერიული კამპანიის ფონზე, სტრასბურგის სასამართლომ გამოიყენა დროებითი ზომა, რითაც ტელეკომპანია „რუსთავი 2-ი“ კანონიერი მფლობელის საკუთრებაში დაბრუნება 2 წლით შეჩერდა.
„ამ გადაწყვეტილებამ გვარამიას მისცა შესაძლებლობა, ტელეკომპანია კიდევ რამდენიმე მილიონით გაეძარცვა. ამით, რადიკალურმა ოპოზიციამ, მაშინდელმა პრეზიდენტმა, მაშინდელმა სახალხო დამცველმა, ენჯეოებმა და უცხოელმა ლობისტებმა სტრასბურგის სასამართლო უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენეს, თუმცა სასამართლოსთვის დღემდე ბოდიში არავის მოუხდია“, – განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, 2019 წელს სტრასბურგის სასამართლომ სრულად დაადასტურა ქართული სასამართლოს გადაწყვეტილების მართლზომიერება.
„სამწუხაროდ, „ნაციონალურ მოძრაობას“, მის სატელიტებს, ენჯეოებს, მარგველაშვილსა და უცხოელ ლობისტებს 2019 წელს ბოდიში არ მოუხდიათ არც ქართული საზოგადოებისთვის იმის გამო, რომ სრულიად ურცხვი, უტიფარ სიცრუეზე აგებული კამპანია აკადრეს“, – განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, ის ასევე ეხმაურება იმ ადამიანებს, რომლებიც ცდილობენ ტოლობის ნიშანი დასვან გვარამიასა და ევროინტეგრაციას შორის.
„ბოლოს, უსათუოდ უნდა გამოვეხმაუროთ იმ ადამიანებს, რომლებიც ცდილობენ, ტოლობის ნიშანი დასვან გვარამიას არდასჯასა და საქართველოს ევროპულ პერსპექტივას შორის. მათ პასუხად მკაფიოდ უნდა ითქვას, რომ ევროკავშირი არ არის კორუფცია, ძარცვა და უსამართლობა, არამედ ევროკავშირი სწორედ სამართლის უზენაესობა და კორუფციისგან თავისუფალი საზოგადოებაა. შესაბამისად, სწორედ „ნაციონალური მოძრაობა“, ენჯეოები, გვარამია და მათი უცხოელი ლობისტები არიან, თავისი არსით, ანტიევროკავშირი. სამართლის უზენაესობის გარეშე კი, ჩვენ ევროპული ოჯახის წევრები ვერც ისე და ვერც ასე ვერ გავხდებით. შესაბამისად, სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის დასაცავად, რაც ერთ-ერთი უმთავრესი ევროპული ღირებულებაა, ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს“, – განაცხადა კობახიძემ.