რას პასუხობს კობახიძე გვარამიას საქმის მოსამართლის აშშ-ის პროგრამიდან მოხსნაზე

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე „ნაციონალურ მოძრაობას“, სხვა ოპოზიციურ პარტიებს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სახალხო დამცველს ანტიდასავლურ პროპაგანდაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ეს ადამიანები აშშ-ის საელჩოს დისკრიმინაციაში, არაფორმალურ მმართველობასა და სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის ხელყოფაში სდებენ ბრალს.

ამ განცხადებით ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლის, ლაშა ჩხიკვაძის საელჩოს პროგრამიდან მოხსნის ინფორმაციას.

„ვიღაცები ამბობდნენ, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები, რომ ჩვენ გვაქვს ანტიდასავლური რიტორიკა და რას ეფუძნებოდა ეს, რომ ორ ევროპარლამენტარს დავარქვით „ნაცმოძრაობის“ ლობისტი, რაც ფაქტია. სინამდვილეში, ანტიდასავლურ რიტორიკას აწარმოებს „ნაცმოძრაობა“, რადიკალური ოპოზიცია თავისი ლომჯარიათი, NGO-ებით და სხვებით.

პრაქტიკულად, მათ აშშ-ის საელჩოს ბრალი დასდეს რაში: ეს არის პირდაპირ გამოხატული დისკრიმინაცია, სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობაში ჩარევა, არაფორმალური მმართველობის მცდელობა.

ზუსტად ეს არის ანტიდასავლური რიტორიკა. 2004-დან 2012 წლამდე, მაშინაც კი არ გამოდიოდა არავითარი კრიტიკით კონკრეტული მოსამართლეების მიმართ ამერიკის საელჩო, როდესაც მთელი სისტემა მუშაობდა, როგორც რეპრესიული მანქანა.

მაშინ გახსოვთ ასეთი ფაქტი, რომ რომელიმე მოსამართლე არ წაეყვანათ საზღვარგარეთ? კონკრეტული მოსამართლეები, რომლებიც უმძიმეს განაჩენებს ადგენდნენ, პირდაპირ იყვნენ რეკეტში, ყაჩაღობაში ჩართულნი, ისინი დაჰყავდათ საზღვარგარეთ და რატომ? ამაში ვერავის გაამტყუნებ, საელჩო ვერ ჩაერეოდა სასამართლოს დამოუკიდებლობაში. ყაჩაღები დაჰყავდათ მაშინ, მათ არ ჰქონდათ სხვანაირი საშუალება.

ეს არის ანტიდასავლური პოლიტიკა, როდესაც რადიკალური ოპოზიცია თავისი ლომჯარიათი, NGO-ებით ადანაშაულებს აშშ-ის საელჩოს დისკრიმინაციაში, არაფორმალურ მმართველობაში და სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის ხელყოფაში – ეს არის ანტიდასავლური პროპაგანდა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

20 მაისს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, ლაშა ჩხიკვაძე, რომელმაც ნიკა გვარამიას საქმეზე განაჩენი გამოიტანა,  აშშ-ის მთავრობის დაფინანსებული პროგრამით შეერთებულ შტატებში აღარ გაემგზავრება.

მედიის ცნობით, მოსამართლის პროგრამიდან მოხსნის საკითხზე ჟურნალისტებმა ელჩ დეგნანთან შეხვედრაზე, 18 მაისს ისაუბრეს. ინფორმაციის შესახებ განმარტება არ გაუვრცელებია აშშ-ის საელჩოს.

თავად მოსამართლე ჩხიკვაძემ „რადიო თავისუფლებას“ უთხრა, რომ თემაზე განმარტება საელჩომ უნდა გააკეთოს.

პროგრამა ითვალისწინებს ქართველი მოსამართლეების შეხვედრას ამერიკული სასამართლოს ხელმძღვანელ პირებთან და იურისტებთან, რათა გაეცნონ იქაური სასამართლოს მუშაობის პრინციპს.