უმთავრესი პასუხისმგებლობა გახარიას ეკისრება – ბაჩანა შენგელია

პუბლიკა

ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის გარდაცვლილი დირექტორის ია კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელია ამბობს, რომ მინისტრმა გადადგომით, პრაქტიკულად,  მოიხსნა დანაშაული და თანაშრომლებს გადააბრალა. ამის შესახებ ბაჩანა შენგელიამ „TV პირველთან“ ისაუბრა. მისი თქმით, უმთავრესი პასუხისმგებლობა ეკისრება პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, რომელიც მაშინ შინაგან საქმეთა მინისტრი იყო.

„დიდი ხანია, მზადდებოდა ეს გადადგომა. უბრალოდ, ლოგიკა არ არის. როცა რამდენიმე თვის წინ მინისტრმა თითქოს განვითარების გრძელვადიანი გეგმა წარადგინა, როგორ შეიძილება,  ის  უცებ თავისი ნებით წავიდეს თანამდებობიდან. ის, უბრალოდ, იძულებული იყო. მას თანამდებობაზე ვერ დატოვებდნენ. ის დღევანდელი მთავრობისთვის დამოკლეს მახვილივით იყო და ის დიდი დანაშაული, რომელიც მას მიუძღვის და ყველამ იცის, ასე უბრალოდ ვერ დარჩებოდა“, – ამბობს ბაჩანა შენგელია.

მისივე თქმით, სიმბოლურია, რომ ზუსტად ერთი წელი გავიდა იმ ბრძანებიდან, როცა მან მეექვსე სკოლაში „გამოაგზავნა ზონდერები“. მიხეილ ბატიაშვილთან ერთად ბაჩანა შენგელია პრემიერ-მინისტრის, ყოფილი შსს მინისტრის გიორგი გახარიას პასუხისმგებლობაზე  საუბრობს.