Tbilisi Pride-ის განცხადების შემდეგ, ძალადობრივი, ჰომოფობიური და პრორუსული პარტია „ალტ-ინფოს“ წევრები აცხადებენ, რომ მობილიზაციას დაიწყებენ და ორგანიზატორები „ვერანაირ გრანდიოზულ ფესტივალს ვერ ჩაატარებენ“.
„Tbilisi Pride ვერ გაგახარებთ …. საქართველოში …. ვერანაირ გრანდიოზულ ფესტივალს ვერ ჩაატარებთ, ვერსად და ვერასდროს …. … ღირსების მარშს რომ ვერ ატარებთ თქვენივე ნებით, ეგ გასაგებია … ეგ ისედაც ცხადი იყო. 2021 წლის 5 ივლისის შემდეგ განსაკუთრებით არ გექნებოდათ მაგის სურვილი. ნუ ეგეც ჩვენი გამარჯვებაა ნაწილიბრივ ….მაგრამ მობილიზაციას ჩვენც დავიწყებთ დღეიდან და ვნახოთ, რა ფესტივალის სურვილი გექნებათ ივნისის ბოლოს”, – წერს „ალტ-ინფოს” ერთ-ერთი ლიდერი კოკა მორგოშია.
პარტიის თავმჯდომარის, გიორგი ქარდავას აზრით კი, დაგეგმილი ღონისძიებები არის მუხანათური პროვოკაცია.
„როდესაც სამყარო უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების გამო ლამის მესამე მსოფლიო ომის წინაშე დგას, მაშინ, როდესაც საქართველო ურთულეს გეოპოლიტიკურ ჩიხში იმყოფება და ბეწვის ხიდზე გადის, ჩვენს დროებით დაკარგულ რეგიონებში რუსეთთან შეერთების რეფერენდუმები ტარდება, ასეთ ეგზისტენციალურ, საბედისწერო მომენტში მსგავსი მასშტაბის ღონისძიების დაგეგმვა, მით უმეტეს 5 ივლისის მოვლენების ფონზე, არის უმძიმესი, მუხანათური პროვოკაცია, რომელიც დარწმუნებული ვარ, კონკრეტული ქვეყნების სპეცსამსახურების აქტიური ჩარევით ხორციელდება…
მიზანი გასაგებია, ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოწყობა და არეულობის ფონზე ქვეყნის ჩათრევა კონფლიქტში”, – წერს ქარდავა.
კოკა მორგოშიას facebook-პოსტი გამოქვეყნებიდან დაახლოებით ერთ საათში აღარ იძებნება. „პუბლიკა“ დაუკავშირდა მორგოშიას შეკითხვით, თუ რატომ აღარ იძებნება მისი განცხადება. მორგოშიას თქმით, facebook-ზე მისი ეს განცხადება გამოქვეყნებიდან მალევე დაუბლოკეს.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, რატომ აქვთ წინააღმდეგობა პრაიდფესტივალთან დაკავშირებით, მაშინ, როდესაც ერთი წლის წინ ისინი აცხადებდნენ, რომ ეწინააღმდეგებოდნენ „ღირსების მარშს“ და არა ფესტივალს, მორგოშიამ უპასუხა, რომ აქვთ ინფორმაცია, წლევანდელი ფესტივალი იქნება მასშტაბური, ჩატარდება დიდ სივრცეში, რასაც „გააპიარებენ“.
„ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ საკმაოდ დიდ სივრცეში გეგმავენ, მასშტაბურ ღონისძიებას, რომელიც უნდა გააპიარონ ისე, რომ თითქოს ეს [„ღირსების მარში”] შედგა. რასაც არ დავუშვებთ“, – განუცხადა მორგოშიამ „პუბლიკას“.
„პუბლიკა“ დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, პრევენციის მიზნით ექნება თუ არა რეაგირება უწყებას. პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.
Tbilisi Pride-ის განცხადებით, 2022 წლის 28 ივნისიდან 2 ივლისამდე პრაიდის კვირეული გაიმართება. მათივე ცნობით, წელს „ღირსების მარშის“ ჩატარების შესაძლებლობა არ ეძლევათ.