მახარაძე „პრაიდის" გამართვის შემთხვევაში ხალხის ორგანიზებას აანონსებს

პუბლიკა

პრორუსული, ჰომოფობიური და ძალადობრივი პარტიის წევრი ზურა მახარაძე აცხადებს, რომ „პრაიდის” გამართვის შემთხვევაში ხალხის ორგანიზებასა და კვლავ ძალადობრივ მოქმედებებს აანონსებს.

მისივე თქმით, „ყველამ იცის, როგორი იქნება მათი რეაქცია”. როგორც ის აღნიშნავს, წელს არსებობს რისკი იმისა, რომ „ექსცესებმა მიიღოს არაკონტროლირებადი სახე – ბევრად უფრო მძიმე, ვიდრე წინა წელს”, ამიტომ ის ხელისუფლებას მოუწოდებს, არ მისცეს ორგანიზატორებს „პრაიდის” ჩატარების შესაძლებლობა.

„წელს „პრაიდის” ჩატარება, მარტო „პრაიდი” აღარ არის. ეგ მიბმული იქნება საქართველოს ომში ჩათრევის მცდელობის რიტორიკასთან. და ეგ ორი რაღაც პირდაპირ დაკავშირებულია ერთმანეთთან…

ამიტომ, აქ ცალსახაა, როგორი იქნება ჩვენი რეაქცია. ყველამ იცის, როგორიც იქნება… თუ მთავრობას ოდნავ მაინც აქვს თავში ტვინი და ოდნავ მაინც თუ ხვდება, რამხელა საფრთხის წინაშე დგას ახლა ქვეყანა, როგორმე ერთხელ მაინც უნდა იპოვოს საკუთარ თავში ძალა და შეასრულოს ის ფუნქცია, რომელიც მას აკისრია.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებიდან ინტერესებიდან გამომდინარე, რადგან არის ძალიან მაღალი რისკი, რომ ექსცესებმა მიიღოს არაკონტროლირებადი სახე, ბევრად უფრო მძიმე, ვიდრე იყო წინა წელს, სახელმწიფომ უნდა დააფიქსიროს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე შეუძლებელია, რამე მსგავსის ჩატარება, არ შეიძლება, ამიტომ დაყენდით, სადაც ხართ. და თუ ეგენი მაინც ეცდებიან, სახელმწიფომ უნდა გამოიყენოს თავის ხელთ არსებული ბერკეტები და ეგ ადამიანები გააჩეროს. იმიტომ, რომ უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, ნებისმიერი ღონისძიების ჩატარება, მით უმეტეს წელს – ამ საგარეო სიტუაციაში, ამ დაძაბულ ვითარებაში, პირდაპირ უკვე სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხია. აღარაა ეთიკურ-მორალური, ღირსების, სარწმუნოების საკითხი. ამ თემას გაცდა უკვე, პირდაპირ სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხი გახდა.

… თუ სახელმწიფო ვერ დადგება მოწოდების სიმაღლეზე და ეს ორი კინკილა პროვოკატორი და ელჩები მაინც ეცდებიან, ჩვენც მოგვიწევს აქტივობის ჩატარება. წელს ქალაქის ცენტრში რომ არ გამოვა, ეგ უკვე გასაგებია. [შეიძლება] სადღაც გეინაკრძალი გააკეთონ, შემოღობილი, სადაც 3-4 ზოლი პოლიციის კორდონისა დაიცავს, რაც აპრიორი აღარანაირი „პრაიდი” აღარ არის. „პრაიდი” ღირსების მარშს ჰქვია მაგათი აზრით და ცენტრალურ ქუჩაზე უნდა გაიარონ ამაყად. სადღაც შემოღობილში ახლაც აქვთ გეიბარები, და თავისი ორგანიზაციები და ახლაც აკეთებენ ეგეთ ღონისძიებებს. მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ მაინც დავაფიქსირებთ და გავაკეთებთ ორგანიზებას, და ხალხი გარეთ გამოვა და დანარჩენი, კი კიდევ ერთხელ ვამბობ, თავიდან ბოლომდე არის ხელისუფლებაზე”, – განაცხადა მახარაძემ პრორუსული პლატფორმა „ალტ-ინფოს” ეთერში.

პარტია „კონსერვატიული მოძრაობა“ პრორუსულმა და ძალადობრივმა პლატფორმა „ალტ-ინფომ“ დააფუძნა. მისი ორგანიზებით, 2021 წლის 5 ივლისს „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ გამართულ ჰომოფობიურ აქციაზე ათობით ჟურნალისტზე იძალადეს. რამდენიმე მათგანს ქირურგიული ჩარევაც დასჭირდა. ამ დრომდე სამართალდამცავ უწყებებს ძალადობის ორგანიზების ბრალდებით არცერთი პირი არ დაუკავებია.