ამისთვის მას პასუხისგება მოუწევს – ბრეგაძე ესტონეთის დაზვერვის შეფზე

ვასკა მათითაიშვილი

„რაც შეეხება ესტონეთის დაზვერვის შეფის მიერ გაკეთებულ განცხადებას, ეს განცხადება არის ყოვლად უპასუხისმგებლო. მე ვფიქრობ, რომ მას მოუწევს ამის გულისთვის პასუხისგება.“ – განუცხადა „ქართული მარშის“ ლიდერმა, სანდრო ბრეგაძემ „პუბლიკას“.

მისი მტკიცებით, არ არსებობს „ქართული მარშის“ რომელიმე წევრის რუსეთთან კავშირის დამადასტურებელი არც ერთი ფაქტი.

„თუ თუნდაც ერთ ფაქტს მოიტანს ვინმე, რომ „ქართული მარშის“ რომელიმე ლიდერს კავშირი აქვს რუსეთთან, ჩვენ საჯაროდ მოვიხდით ბოდიშს, მაგრამ ასეთ ფაქტს ვერასოდეს ვერ მოიტანენ. აქედან გამომდინარე, ესტონეთის საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელობას მოუწევს ბოდიშის მოხდა. ჩვენ უნდა აუცილებლად საპროტესტო ნოტა გავუგზავნოთ ესტონეთის საელჩოს და მოვითხოვოთ ამ ფაქტის დადასტურება, ან წინააღმდეგ შემთხვევაში, საჯაროდ ბოდიშის მოხდა და ამ უწყების ხელმძღვანელის პასუხისგებაში მიცემა“.

ესტონეთის საგარეო დაზვერვის სამსახურმა 2020 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში რუსეთის ე.წ რბილი ძალის გავლენებზეც არის საუბარი. ანგარიშში ნათქვამია, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ რუსეთმა საქართველოში ანტიდასავლური პროპაგანდის ინსტრუმენტები განსაკუთრებული ინტენსივობით აამოქმედა.

მაგალითებად ანგარიშში მოხსენიებულია „პრიმაკოვის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრი“, რომლის დირექტორადაც  დიმიტრი ლორთქიფანიძე დაინიშნა. ასევე გრეგორი კარასინის მიერ „რუსეთის კულტურის ცენტრის” თბილისში გახსნის დაანონსება, რასაც ქართულ საზოგადოებაში მწვავე პროტესტი მოჰყვა.

რუსეთის პროპაგანდისტული იარაღის მაგალითად ანგარიშში „ქართულ მარშიც“ არის მოხსენიებული. ანგარიშში ნათქვამია, რომ „ქართული მარშის“ რამდენიმე ლიდერს რუსეთთან აქვს კავშირი.