ონლაინგამოცემა „ნეტგაზეთის“ ინფორმაციით, კორონავირუსთან დაკავშირებული საფრთხეების გამო, დღეს, 21 თებერვალს, ჩინეთიდან თბილისის მიმართულებით საქართველოს 30-მდე მოქალაქის ევაკუაცია იგეგმება. გამოცემას საქართველოს მოქალაქეთა ევაკუაციასა და საქართველოში მათი დაბრუნების შემდეგ კარანტინში განთავსების შესახებ შეკითხვებზე არც ერთმა შესაბამისმა უწყებამ არ უპასუხა.
„პუბლიკა“ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორს, ამირან გამყრელიძეს დაუკავშირდა.
შეკითხვაზე, იგეგმება თუ არა ჩინეთის სხვადასხვა ქალაქში მცხოვრები ქართველების ევაკუაცია საქართველოში, ამირან გამყრელიძემ გვიპასუხა, რომ ის საქმის კურსშია, თუმცა დეტალები საგარეო საქმეთა სამინისტროსთან უნდა დავაზუსტოთ.
„გარკვეული ინფორმაცია გვაქვს, რომ მსგავსი რამ იგეგმება, მაგრამ როდის და რა პირობებით, ამის ფორმულირებას მე ვერ მოვახდენ. ამის კორდინირებას აკეთებს საგარეო საქმეთა სამინისტრო“, – გვიპასუხა ამირან გამყრელიძემ. შეკითხვაზე, განთავსდებიან თუ არა კარანტინში ჩინეთიდან საქართველოში დაბრუნების შემდეგ საქართველოს მოქალაქეები, ამირან გამყრელიძემ გვიპასუხა, რომ „ამაზე მოგვიანებით გავაკეთებთ განცხადებას როცა დაზუსტდება ყველაფერი“.
„პუბლიკამ“ საგარეო საქმეთა სამინისტროსთან დაკავშირება ვერ შეძლო. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი ჩვენი გამოცემის სატელეფონო ზარს და შეტყობინებებს არ პასუხობს.