13 მაისი
პირველი დილა კიევში. ჩვენმა მატარებელმა საათ–ნახევრით დაიგვიანა. ევროპიდან უკრაინის აღმოსავლეთით მიმავალ სამხედრო ეშელონებს ვატარებდით. უკვე კიევს მიახლოებულებმა გავიგეთ, რომ ჩვენი მატარებლის გამოსვლიდან ნახევარ საათში ლვოვი და მათ შორის რკინიგზის ვაგზალი დაბომბეს. შავი ზღვის საზღვაო აკვატორიაზე რეიდზე მდგარი რუსული სამხედრო კრეისერიდან 4 „ისკანდერის“ ტიპის რაკეტა გაუშვეს (თუმცა თავს ვერ დავდებ, აქ ყველა შორსმსროლელ რაკეტას „ისკანდერს“ ეძახიან, ყველაზე „პოპულარულია“).
როგორც ჩანს, სწორედ იმ ევროპულ სამხედრო ეშელონზე ნადირობდნენ, რომელიც ჩვენმა „დაბავოჩნი პოეზდმა“ გამოატარა ღამე, მაგრამ მადლობა ღმერთს, ააცილეს და ლვოვის შემოგარენში ჩაახალეს…
რა თქმა უნდა, ეგრევე დავუკავშირდით ჩვენს მასპინძლებს ლვოვში და მადლობა ღმერთს, მშვიდობიანად დაგვხვდნენ. მოგვიანებით ნატალია ტროხიმმაც მომწერა და პირველი ის მივახარე, არ ინერვიულო, არ იღელვო, ბავშვები კარგად არიან–მეთქი. თვითონ ნატალია ახლა ლიტვის მწერალთა კავშირის თავმჯდომარესთან და ჩვენს დიდი ხნის მეგობართან, ბირიუტე იონუშკაიტესთან არის სტუმრად და იქიდან ჩვენთან მოდის თბილისში.
გოგა და მე კიევის რკინიგზის ვაგზლიდან გამოვედით და პირველივე კაფეში ვდურთეთ თავი, სულის მოსათქმელად, მოსაწესრიგებლად და სასაუზმოდ…
რაღაც უცნაური დუმილით და მოღუშული, ღრუბლიანი ცით დაგვხვდა უკრაინის დედაქალაქი. ულამაზეს კიევის ქუჩებს სულ ახლანდელი დაბომბვის კვალი ეტყობოდა. თითქოს ყველაფერი მუშაობდა, ხალხიც მიდი–მოდიოდა, მაგრამ წარმოუდგენელი ტკივილის, ტრაგედიისა და ღია ჭრილობების დამღა და ანარეკლი პირდაპირ ჰაერში იგრძნობოდა და ისუსხებოდა.
გოგა ამაოდ ცდილობდა ძველ თანამებრძოლებთან დაკავშირებას, მაგრამ ვერ ახერხებდა. როგორც ჩანს, წინა ხაზზე იყვნენ. სამაგიეროდ, კავშირზე გამოვიდნენ გოგას მეგობარი უკრაინელი პოეტები და მუსიკოსები, რომლებსაც გოგა სხვადასხვა ლიტერატურული და მუსიკალური ფესტივალიდან იცნობდა (ე.წ. საავტორო სიმღერა – ბარდები, რომელიც ძალიან პოპულარული იყო ყოფილ საბჭოთა კავშირში და თავისუფლების ერთ–ერთ კუნძულად მიიჩნეოდა – ვლადიმერ ვისოცკი, ალექსანდრე გალიჩი, ბულატ ოკუჯავა და ა.შ.) თბილისიდან, კიევიდან, ბაქოდან და რავი, კიდევ სად არ დაწანწალებდა თავისი გიტარით და აი, სად გამოგვადგა ჭყონიას პოეზია და სიმღერა – ვალერა სერგეევმა თავისთან მიგვიპატიჟა, ვადიმ გეფტერმა კი პირდაპირ დნეპრიდან დაგაზა ჩვენს შესახვედრად და შეგვპირდა, რომ დნეპრში წაგვიყვანდა თავისთან. ეს ძალიან დასაფასებელი საქციელი იყო, რადგან რუსული სამხედრო ავიაციის იერიშების შედეგად თითქმის მთელი სანავთობო რეზერვები განადგურდა და კიევში, ისევე როგორც მთელ უკრაინაში, საწვავის სერიოზული დეფიციტი გაჩნდა. ქალაქში ბენზინგასამართ სადგურებთან მრავალკილომეტრიანი რიგებია და ხალხი ღამეებს ათენებს.
დნეპრი კიევიდან სამხრეთ–აღმოსავლეთით 450 კილომეტრშია, უფრო სამხრეთით 100 კილომეტრში ზაპოროჟიეა, იქიდან კი უკვე 60 კილომეტრში – საქვეყნოდ ცნობილი მარიუპოლი, აზოვსტალი და უკვე გმირული ლეგენდით შემოსილი ბატალიონი „აზოვი“…
დნეპრში ცხოვრობს ჩემი რძალი, ბიძაშვილის, ბეჟან თაფლიაშვილის ცოლი, ლილია ორლანსკაია. ჩემი ბიძაშვილი 1985 წელს მოკლა „ძაღლობამ“, როგორც მაშინ ვეძახდით საბჭოთა მილიციას… ლილიამ სულ ახალგაზრდა, ულამაზესმა, ქვრივმა გოგომ ისე გაზარდა ერთადერთი ვაჟი – ელგუჯა, გუჯიკა თაფლიაშვილი, ცივი ნიავი არ მიუკარებია. გუჯიკა ასე ორ ქალაქში იზრდებოდა, თბილისსა და დნეპრში. 2014 წლის ამბების დაწყებისთანავე არმიაში ჩაეწერა და მთელი ეს წლები, მარიუპოლიდან მოყოლებული ბრძოლა არ გამოუტოვებია…. ორი წლის წინ ბებოს დაკრძალვაზე ჩამოვიდა თბილისში და დარჩა, 23 ნოემბერს, კი გიორგობა დღეს თავისსავე სახლში, თავისსავე ქალაქში გაზის გაჟონვას ემსხვერპლა. საერთოდ ჩემს მოდგმაში ხდება, ხოლმე, ასეთი უცნაური, ამოუცნობი და ცოტა მისტიკური ამბები. არ ვიცი, ასეთი რა კარმა გამოვიყოლეთ მთებიდან.
ლილიამ ამ მეორე საზარელ დარტყმასაც საოცრად ღირსეულად გაუძლო – ჩამოვიდა, შვილი მამის გვერდით დაკრძალა, ჩვენს საგარეჯოს სასაფლაოზე, დაბრუნდა დნეპრში და ახლა შვილიშვილს, გუჯიკას გოგოს, უმცროს ლილია თაფლიაშვილს ზრდის. თუ მართლა მოვხვდით დნეპრში, ძალიან მინდა მათი ნახვა, თან იქნებ დავითანხმო, სანამ ომია სახლში – თბილისში დაბრუნდნენ. მთელი უკრაინა ჩვენთანაა, ღმერთმა სიკეთე მისცეთ და ამათ ფეხი არ მოიცვალეს…
საერთოდ, უკრაინელი ქალების სიმტკიცე და შინაგანი სიძლიერე მართლა განსაცვიფრებელია. სულ ახლახან ვწერდი: ეს ჩვენი კავკასიური, წარმოუდგენლად იდიოტური სტერეოტიპი ე.წ. „უკრაინელ ნაშებზე” სულ თავდაყირა დგება. ჯერ ერთი, „მაგარი ნაშობა“ და მაგარი შინაგანი სიძლიერე სულაც არ გამორიცხავს ერთმანეთს, მეორეც „მაგარი ნაშები“ ქართველებიც მინახავს, იტალიელებიც, ლიტველებიც, ჩეხებიც, პოლონელებიც და, რა ვიცი, ოსებიც, ბატონო, მაგრამ ჩემთვის უკრაინელ ქალებს სწორედ ეს უცნაური სიმშვიდე, სიმტკიცე და ნება გამოარჩევთ, რაც ამ სასტიკმა ომმა კიდევ ერთხელ დაადასტურა. ასე რომ, ტარიელ ჭანტურიას ცნობილი „ეს მაია პლისეცკაია, ასეც კაია, ისეც კაიასი“ არ იყოს, მართლა ძალიან მაგარი ქალები ჰყავთ უკრაინელებს, ყველანაირი თვალსაზრისით; პირადად ჩემში კი, პირველ რიგში, მათი შინაგანი სიმტკიცე იწვევს აღფრთოვანებას…
მოკლედ, გოგას წყალობით, კიევში მასპინძელი გვყავს და დნეპრამდეც შეიძლება ჩავაღწიოთ. კარგი ამბებით გახალისებულები დაღლილობას აღარ ვიმჩნევთ. ერთი აქაურობისთვის უჩვეულოდ შავტუხა ჯეელი შევაწუხეთ და ტაქსი გამოვაძახებინეთ. (კიევსა და მთელ უკრაინაში ტაქსის ქუჩაში ვეღარ გააჩერებ, უნდა გამოიძახო, ეს კი ახლად ჩასული ადამიანისთვის მთელი ცერემონიაა). შავტუხამ დიდი ხალისით გაგვიწია დახმარება, ჩვენებურად, სამხრეთულად გამოიდო თავი. ტაქსის მოლოდინში ჩვენს შორის საინტერესო დიალოგი გაიმართა. ჩემი კავკასიური, არეული რუსულით რომ არ შეგაწუხოთ, პირდაპირ გადმოქართულებულ ვარიანტს შემოგთავაზებთ.
– სადაური ხარ ძმობილო?.. ჩვენი ხარ? კავკასიელი?…
– არა, მეგობარო, ავღანი ვარ, ავღანეთიდან…
– ვახ, აქ რამ მოგიყვანა?…
– რავი, ჩვენთან სულ ომია და წამოვედი. ვიფიქრე, ორ ყურეშს ვიშოვი–მეთქი და აქაც ომში ამოვყავი თავი… თქვენ სადაურები ხართ?…
– გურჯები ვართ. ომში ჩამოვედით ჩვენც და აი, სად შეგხვდით. თქვენთანაც ნამყოფი ვარ ავღანეთში!.. ქაბული, ჰელმანდი, მუსაქალა, პუშტუნი ხარ?.. პუშტუნვალე?..
– ჰო, ჰო პუშტუნი ვარ! – გაიხარა ავღანელმა – კარგად დაგიმახსოვრებია!..
– კიი, ტოო – ჰაფიზულლა ამინი, გულბედინ ჰექმათიარი, მულა უმარი – ის აღარ ვუთხარი, დამიმახსოვრებია კი არა შეჩემა, იმხელა მოთხრობა მაქვს თქვენზე დაწერილი „მუსაქალა“-მეთქი. მართლა რა დროს ლიტერატურა და იოზეფ ჰაიდნის ვენური სიმფონია იყო, ნაომარი კიევის, დაბომბილ, მტვრიან, პირქუშ და შეიარაღებული პატრულით გაძეძგილ რკინიგზის ვაგზალთან გურჯი და პუშტუნი შევყრილიყავით და მშობლიურ და წარმტაც ავღანეთს ვიხსენებდით.
– ე, ბიჭო, წამოდი აწი, მოვიდა ტაქსი – იკივლა უცებ გოგა ჭყონიამ გურულად – სადაც არ უნდა წახვიდე, ყველგან ამ უპატრონო ავღანელებს და მოჯაჰედებს როგორ პოულობ, შენ შეჩვენდი, წამოიყვანე ბარემ თან სტუმრად ვალერა სერგეევთან…
თან სად წავიყვანდი, ნეტა ჩვენ შევეშვით ვინმეს სახლში, ამ ომსა და ცეცხლით დაგვაში. ასე გამაგდებინა ხელიდან ის ჯიგარი ავღანი გოგამ, გამომშვიდობება ძლივს მოვასწარი. ვახ, და ტაქსი რომ გამოვაძახებინეთ, ის ხომ კარგი იყო. მაშინ არ იყო არა მოჯაჰედი და ავღანი?.. გოგა კიდევ მთელი დღე უკრაინელ ძმაკაცებს შესჩიოდა, ავღანელი ნახა ვაგზალთან, ტაქსი გამოაძახებინა და თან პუშტუნურად ელაპარაკებოდაო.
კიევს უკვე საშინელი კვალი დააჩნია ამ ომმა. დაბომბილი სახლები, ყოველ ნაბიჯზე უამრავი ბლოკპოსტი, შეიარაღებული პატრული და მოსახლეობის გადაძაბული, გადაღლილი სახეები. განსაკუთრებით იცავენ უგანივრეს დნეპრზე გადებულ კილომეტრნახევრიან, ორ კილომეტრიან ხიდებს. გოგამ გადაღება დააპირა მანქანიდან. მძღოლმა გაგვაფრთხილა: „ძალიან ფრთხილად გადაიღეთ, თორემ პატრულმა თუ დაგვინახა, შეუძლიათ, ულაპარაკოდ ჩაგვცხრილონ მანქანაშივე და პასუხსაც ვერავინ მოსთხოვს, საომარი მდგომარეობაა. ცოტა ხნის წინ ოჯახმა არ გააჩერა ბლოკპოსტზე, გარბოდნენ ქალაქიდან და დაიბნა, ეტყობა, საჭესთან ვინც იჯდა, საწყალი; გაქცევა დააპირა და ეგრევე დაუშვეს; თავიც დაიღუპა და ოჯახიც დაღუპა. ბრძანება აქვთ, შეუძლიათ, ნებისმიერ საეჭვო ვითარებაში პირდაპირ გვესროლონ.“
მეორე მხრივ, ჩვეულებრივად მუშაობს დაწესებულებები; საზოგადოებრივი ტრანსპორტი და მეტრო უფასოა. ამბობენ, რომ ჯერ კიდევ ერთი თვის წინ გაცილებით რთული მდგომარეობა იყო და ქუჩის ბრძოლები პირდაპირ ქალაქში – იმავე ობოლონის უბანსა და მის შემოგარენში – აწ უკვე ტრაგიკულად ცნობილ ირპენსა და ბუჩაში მიმდინარეობდა (ჩვენ რომ უკვე გახურებულ სამზადისში ვიყავით უკრაინაში წამოსასვლელად და რამდენი დაბრკოლების გადალახვა მოგვიწია, ამაზე ცალკე წიგნი დაიწერება), როდესაც კიევი სრულიად რეალურად იდგა ალყაში მოქცევისა და დაცემის საფრთხის წინაშე.
ვალერი სერგეევი თავის ავ, საყვარელ და კაპას ცოლთან ერთად მდინარე დნეპრის მახლობლად კერძო სახლში ცხოვრობს. ეს მდინარე დნეპრი კიდევ სხვა რამეა – წარმოიდგინეთ კილომეტრ–ნახევარი–ორკილომეტრიანი ზღვასავით მდორე მდინარე შუა ქალაქში, თავისი საკმაოდ მოზრდილი კუნძულებით. ტაქსის მძღოლმა გვითხრა, ასე რომ დაუყვე დინებას, პირდაპირ დნეპრში ჩაგიყვანს და იქ კიდევ უფრო განიერიაო. დნეპრს უკრაინულ ყაიდაზე დნიპროს ეძახიან. ეს ლინგვისტური ამბები კიდევ ცალკე ომია რუსებსა და უკრაინელებს ან, როგორც უფრო შინაურულად ამბობენ, კაცაპებს ანუ მოსკალებსა და ხახოლებს შორის. ლვოვის აქეთ კიევის ნახევარი მაინც რუსულენოვანია. მთლიანად რუსულენოვანი იყო ხარკოვი, მელიტოპოლი, ხერსონი, მარიუპოლი, ოლექსანდრია, მიკოლაევი, ანუ ქალაქები, რომლებმაც რუსებს ყველაზე მეტი წინააღმდეგობა გაუწიეს და საშინლად დაზარალდნენ. კრემლმა ყველაზე მეტად მანდ წააგო ჭკუა – რატომღაც, ეგონა, ე.წ. რუსულენოვანი ქალაქები წითელი ფიანდაზებით, ტაშით და ს ხლებომ და ს სალცემ შეხვდებოდნენ. არადა, ყველამ ვნახეთ, როგორც შეხვდნენ – „დაი ბოგ კაჟდოვა ოკუპანტა ტაკ ვსტრეტიტ!..“ ანუ დაზვერვაც ძალიან „მაგრად“ უმუშავებთ, თან იმის ფონზე, რომ 22 წელია, ფეესბეს ყოფილი დირექტორი და ჩეკისტი ჰყავთ პრეზიდენტად. საერთოდ, რუსებმა ვერ გაიგეს, რომ ტანკი, ბომბი და ძალმომრეობა ვერაფერიშვილი არგუმენტია და ამით ვერავის თავს ვერ შეაყვარებ და ვერც ვერაფერს გამორჩები, სიძულვილის, შურისძიებისა და ტყვიის გარდა…
ახლაც ამ ბარბაროსული დაბომბვით, სრულიად უაზრო გაუმართლებელი სისასტიკით და ამხელა მსხვერპლით მხოლოდ იმას გამორჩნენ, რომ აღმოსავლეთის ე.წ. რუსულენოვან ქალაქებს, ლვოველებზე მეტად შეაძულეს თავი და ეს სისხლი და მტრობა, ალბათ, საუკუნეებს გასწვდება. უკრაინელები ხუმრობენ, ხარკოვში ორ კაცს ვერ ნახავდით, უკრაინული რომ სცოდნოდათ, ახლა კი მთელი ხარკოვი, ვინც გადარჩა, ნანგრევებში ზის, ცალ ხელში ავტომატი უჭირავს, მეორე ხელში უკრაინული ენის სახელმძღვანელო და გამწარებულები სწავლობენ უკრაინულსო.
ამას გარდა, რაც კრემლმა და მათმა ბოტოქსგადაკრულმა პრეზიდენტმა, პუტინ ვლადიმერ ვლადიმეროვიჩმა ვერ გათვალეს, ის იყო, რომ ეთნიკური და ლინგვისტური ნათესაობის მიუხედავად, უკრაინის რუსულენოვანი მოსახლეობა მენტალურად რადიკალურად განსხვავდება რუსეთის მოსახლეობისგან. უკრაინელებში გაცილებით მეტია დამოუკიდებლობის ან თუნდაც პიროვნული თავისუფლების ხარისხი. ჩვენი ქართველებისა არ იყოს, სრულად თავისუფლად აგინებენ თავიანთ მთავრობას, პოლიტიკოსებს; მხარს უჭერენ ამას ან იმას, (გავიხსენოთ ფანტასტიკური სცენა ნიკოლაი გოგოლის „ტარას ბულბადან“, ზაპოროჟიეს სეჩში“ კოშევოის როგორ ირჩევენ – აი, ეგ არის დღემდე) ჩხუბობენ, დავობენ, მაგრამ ზუსტად იციან, რა არ უნდათ და რის წინააღმდეგ გაერთიანდებიან, პოლიტიკური, ეთნიკური, ლინგვისტური თუ რელიგიური განსხვავებების მიუხედავად – ეს არის რუსული სისტემური დიქტატურა (სადაც მხოლოდ დიქტატორების სახელები იცვლება – სტალინი, ხრუშჩოვი, ბრეჟნევი, გორბაჩოვი, ელცინი, პუტინი, მერე რასპუტინი, პუტანა და ღმერთმა ნუ იცის მაგათი თავი)… რუსული ბიუროკრატია; კორუფცია; მონური, ბინძური სიღატაკე; ფანატიზმი და მორჩილება – აი, ეს არ უნდათ და აი, ამის წინააღმდეგ ერთიანდებიან და იბრძვიან, იბრძვიან დინჯად, გააფთრებით, დალაგებულად, საქმის ცოდნით და ბოლომდე. დიახ, „მსოფლიო მნიშვნელობის პოლიტიკოსმა“ პუტინმა მოახერხა და როგორც არასდროს, ისე გააერთიანა და გააძლიერა მთელი უკრაინა. მოახერხა მისი სრული სამხედრო და მორალური რეაბილიტაცია, ყირიმის მართლაც სამარცხვინო და კატასტროფული ფიასკოს შემდეგ და პლუს შვედეთი და ფინეთიც „შეიყვანა“ „ნატოში“, ანუ „ნატოს“ საზღვრები 250 კილომეტრით მიუახლოვა მშობლიურ სანქტ პეტერბურგსა თუ ლენინგრადს…
„პუტინი მაგარია“.
და სწორედ ისე დაამთავრებს, როგორც მისი მსგავსი „მაგარი“ დიქტატორებისა და პარანოიკების უმრავლესობა ამთავრებს.
14 მაისი
მასპინძლები ვალერი სერგეევი და ტანიჩკა გადასარევად დაგვხვდნენ… გამოგვიყვეს ოთახები, დაგვასვენეს, დაგვაპურეს, სუფრა გაგვიშალეს… ძალიან შევუყვარდით მათ „ავჩარკას“, ულამაზეს გოგოს, „გრეტხენს“
ვალერი სერგეევი კიევში ცნობილი პოეტი, მუსიკოსი და ბარდია. სიტყვა შეასრულა და დნეპრიდან ჩამოგვაკითხა გოგას მეგობარმა. ვადიმ გეფტერი შეგვპირდა, რომ მეორე დღეს დნეპრში წაგვიყვანდა. ვადიკა მაგარი ოხერი ებრაელი გამოდგა, თან პოეტი, თან ბარდი, თან ლიტერატორი, თან საქმე, ქუჩა ამბავი… გოგას პატივსაცემად და სანახავად ეწვია კიდევ ერთი პოეტი, დიმა დოლგოვი, მე-19 საუკუნის ტიპურ რუს ინტელიგენტს რომ ჰგავდა; ა ლა ბულგაკოვი და ბუნინი თავის ტოლსტოისა და დოსტოევსკის შესახებ საუბრებით, ბრიუსოვზე ბუნინზე, დმიტრიი მერეჟკოვსკიზე და ზინაიდა გიპიუსი, მარინა ცვეტაევაზე და არსენი ტარკოვსკიზე ორიგინალური და სიღრმისეული მსჯელობებით… თბილისში რომ ჩამოვა, აუცილებლად უნდა შევახვედრო ჩემს რატი ქართველიშვილს, რაღა მაგათი მოსმენა და ყურება და რაღა ქუჩური რაზბორკის ან არგენტინა–ბრაზილიის დერბის ყურება…
საერთოდ, ცალკე დრამა და ტრაგედიაა კიევში, და საერთოდ უკრაინაში, მცხოვრები რუსულენოვანი შემოქმედების ბედი. ერთი მხრივ, ისინი, როგორც რუსულენოვანი ადამიანები, ლიტერატორები, მუსიკოსები თუ პოეტები, რუსული კულტურის ნაწილად და მემკვიდრეებად მიიჩნევენ თავს, მეორე მხრივ კი ისინი ძირძველი უკრაინელები – რამდენიმე თაობის კიეველები, ხარკოველები, ლუგანსკელები, დონეცკელები, ზაპორეოჯიელები ან მარიუპოლელები არიან და ბუნებრივია, სრულიად გულწრფელად გულშემატკივრობენ თავიანთ სამშობლოს და მათთვის სრულიად მიუღებელია კრემლის რეჟიმი, პუტინის აგრესია და საშინლად განიცდიან ამ ომსა და უბედურებას.
რაკი მეორე დღეს სამხრეთ აღმოსავლეთით დნეპრში (უკრაინულად დნიპრი) ვაპირებდით გამგზავრებას, გადავწყვიტეთ, კიევის ცენტრი დაგვეთვალიერებინა. დიმა დოლგოვმა, მე მოგატარებთ კიევის ცენტრსო. განსაკუთრებით გვაინტერესებდა კიევის ცენტრში XI-XII საუკუნის უნიკალური მონასტრები – წმინდა მიხეილის ცნობილი კიევის წმინდა უსპენსკის პეჩორის ლავრა, წმინდა სოფიოს ტაძრები, რომლებსაც უკრაინელები „ერთმორწმუნე რუსი ძმების“ დაბომბვებისგან ქვიშის ტომრების ბარიკადებით იცავენ. სხვათა შორის, სულ მაინტერესებს და ყოველგვარი ქვენა გრძნობისა და ირონიის გარეშე მინდა, ვკითხო საქართველოს ეკლესიის იმ წარმომადგენლებს, რომლებიც მთელი ამ წლების განმავლობაში ყველა იმ უბედურების, სისხლისა და ოკუპაციის მიუხედავად, მაინც „ერთმორწმუნე“ რუსეთსა და ე.წ. პატრიარქ, ჩეკისტ კირილეზე გველაპარაკება (რომელმაც სხვათა შორის, სწორედ დღეს დალოცა და აკურთხა ე.წ. „სამხრეთ ოსეთი“ თავის მთავრობიან ეკლესიიანად), ჩემთვის, როგორც ქართველისა და მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის, რატომ არ არის მართლმადიდებლური სიწმინდეები კიევის პეჩორის ლავრა, წმინდა მიხეილის, წმინდა ნიკოლოზისა და წმინდა სოფიას ტაძრები და რატომ არ არის ერთმორწმუნე კიეველი რუსი, დიმა დოლგოვი და ის, ვინც ამ სიწმინდეების ბომბავს და ანადგურებს, ეკლესია–მონასტრებთან ერთად – მოსკოვის ულუსის კურანტები, ასტრთანი, ულან–უდე, ჩებიქსარი, ბურიატია, იაკუტია, იოშარ–იოლა რატომ არის ან როდიდან გახდა მართლმადიდებლური რელიგიის სიწმინდე და კულტურის ნაწილი და ან უკვე აწ წარმდგარი ჟირინოვსკი, ან პუტინი, რომელიც ასევე მალე წარდგება, ან კადიროვი ან სოლოვიოვი, ან კედმანი ან მარგარიტა სიმონიანი, როდის აქეთ და რატომ არიან ჩვენი ერთმორწმუნეები, მართლა მაინტერესებს პასუხი.
დიმა დოლგოვმა გვაჩვენა კირით თეთრად შეღებილი მონასტრების ქვეშ საუკუნეების წინანდელი უნიკალური ძველი სლავური და ბიზანტიური წარწერები და ძველი ფრესკები. ჩვენი ეკლესია–მონასტრების ბედი გამახსენდა, რომლებსაც ასე თეთრად ღებავდნენ და ანადგურებდნენ რუსი დამპყრობლები და დღესაც იმავეს განაგრძობენ აფხაზეთსა და შიდა ქართლში – ცხინვალის რეგიონში…
ადრეც ვთქვი და ახლაც გავიმეორებ – რუსული ურდო დიდი მრავალფეროვნებით თავს არ იწუხებს, არც პოლიტიკური და არც რელიგიური ექსპანსიის დროს. ერთი და იმავე მეთოდებით უსწორდება ქართველსა და უკრაინელს, ჩეხსა და ჩეჩენს, ჩერქეზსა და ფინელს, უნგრელსა და ავღანს…
ისტორიული უკრაინის ცენტრი ორ ნაწილად იყოფა – ზემოთ შეფენილი არისტოკრატიული ნაწილი, სადაც კიევის დიდი მთავარი და მისი ამალა ცხოვრობდა– „ვერხნიი გრად“ და ქვემოთ, სადაც მოქალაქეები ვაჭრები, ხელოსნები და მეწარმეები ცხოვრობდნენ – „ნიჟნი გრად“. სწორედ ამიტომაც ცნობილი ანდრეევსკი სპუსკი „ანდრეევსკი სპუსკია“ და არა „ანდრეევსკი პადიომი“.
დოლგოვთან შეხვედრამდე ერთი თავგადასავალიც გადაგვხდა – საერთოდ, კიევის ცენტრის ძველი ქალაქის აღწერა შეუძლებელია. ეს უნდა ნახო. საერთოდ, გადაღება მეზარება, ხოლმე, მაგრამ ძველი კიევის უნიკალური, უძველესი და ჯადოსნური არქიტექტურით ისე მოვიხიბლეთ, რომ გადავიღე და გადავიღე… ვიდეოც, ფოტოც… თან ჩემი მობილურით ვიღებდი, კამერის არქონის გამო და შემიპყრეს კიდევაც, დაგვიჭირეს და დაგვაპატიმრეს…
თან პირდაპირ უშიშროებამ დაგვდო პატივი. თურმე, ეკლესია–მონასტრების გარდა, გასაიდუმლოებული სამხედრო ობიექტებისთვისაც მიგვიშვერია მობილური. მოკლედ, სერიოზულად დაგვაკავეს სამხედროფორმიანებმა, ეგრევე „ასობისტები“ გამოიძახეს, რომლებიც, როგორც წესი, სამოქალაქო ტანსაცმლით დადიან. მოვიდნენ, პასპორტები და მობილურები ჩამოგვართვეს, აგვხედ–დაგვხედეს და ისე შინაურულად, თბილად და მოკრძალებულად გვკითხეს, შპიონები ხართ, ბიჭებოო?… რომ რაღაც წამის მეათედში გულიც კი დამწყდა, იმედი რომ უნდა გამეცრუებინა – არა, მწერალი ვარ–მეთქი! – გვეკაიფებითო?… არა–მეთქი, რას გეკაიფებით და თითქოს დავით ანდრიაძის გადაცემა „დღის კოდში“ უკრაინაში წამოსვლამდე ორიოდე დღით ადრე მე არ ვამტკიცებდი მთელი საქართველოს გასაგონად: „საკუთარ თავზე იმის თქმა, რომ მწერალი ვარ, ისეთივე უხერხულია, როგორც კაცისგან იმის თქმა, რომ ლამაზი ვარო“… და ავტყდი და აღარ გავჩერდი, გინდა თუ არა, მწერალი ვარ–მეთქი. თან სუ აქეთ–იქით ვიყურებოდი, ემანდ, ამ ჩემის ცოდვით სავსე დავით ა. გაბუნიამ არ გამოიაროს და არ „ჩამიშვას“: არაფერი მწერალი არ არის, ბატონო, ეს. იბრალებს. მაჩოა ხულიგანი და ტლუ კახელი და კარგს იზამთ, თუ დააპატიმრებთ და ეგება, დაგეხვრიტათ კიდევაცო… გოგა ჭყონიაზე ვუთხარი, ეს კიდევ პოეტია–მეთქი. – რა მწერალი, რისი პოეტი… თქვენ ხომ არ აფრენთ, ან პოეტს რა გიგავთ, ან მწერალს, ვინ ხართ და საერთოდ რას გვერჩითო. – მაგის შემოწმებაზე ადვილი რა არის, გადაშალეთ პასპორტები აკრიფეთ ჩვენი სახელები და გვარები, გინდა გუგლში, გინდა ვიკიპედიაზე, გინდ იუთუბიზე და ნახავთ–მეთქი. – კარგიო. პირველი გოგა აკრიფეს და გოგამაც ისეთი შემოსძახა თავისი სიმღერა იუთუბიზე, პოლიციელს კინაღამ მობილური გაუვარდა ხელიდან. მერე მეც მოვიძებნე, ჩემი ავლა–დიდებით, ჩინ–მენდლებითა და ეპოლეტებით. – კარგი, მაგრამ ძმურად ეს რა ანბანია, გაგვარკვიე. რისი გადაღებაც არ შეიძლებოდა, შენ თვითონ აქვე წაშალე და ანდრეევსკი სპუსკი და ეკლესია–მონასტრები გქონდეს, არ გვენანებაო… ეს ახალი ანბანია, ეგრე მე-16 საუკუნიდან. კიდევ ორი გვაქვს ეგეთი ძველი და კიდევ უფრო ძველი–მეთქი… რა შვილი ვიყავი, არ ავტრაბახებულიყავი. – კაი, ბატონო, ა თქვენი ქართული პასპორტები და ტელეფონებიც და მიბრძანდით, თუ შეიძლება აქედან, თქვენი სამივე გაურკვეველი და დახლართული ანბანებითო.
საერთოდ, ეს სრულიად უცხო ენა და ანბანი გვარიანად აბნევთ ხოლმე აქაურებს და არა მარტო ბლოკპოსტებზე და პასპორტის შემოწმებისას, არამედ ყოფით ცხოვრებაშიც.
ჯერ კიდევ 2017 წელს ბრნოს ლიტერატურულ ფესტივალზე, როდესაც კოშიცედან ლვოვში გადმოვდიოდით (თავადაც ვატყობ, როგორი ნოსტალგიით ვიგონებ იმ მშვიდობიან წლებს უკრაინაში, გზაში სახლიდან დამირეკეს და მეც, რა თქმა უნდა, ქართულად ავქაქანდი. საუბარს რომ მოვრჩი, მოვიხედე და მძღოლი რუსლან გოჟელანიკი გაფართოებული თვალებით მიყურებს და გაოგნებული მეუბნება – ბეკა ტა ია ტე სკაჟუ, ნე ადნო სლოვა ნე როზუმელ…
თითქმის მთელ აღმოსავლეთ ევროპას, ყოველ შემთხვევაში სლავურენოვან ქვეყნებს მაინც: უკრაინას, ბელორუსს, პოლონეთს, ჩეხეთს, ბულგარეთს, სერბეთს ერთმანეთის სალაპარაკო ენა ესმით და კირილიცას და ლათინურ შრიფტსაც არჩევენ, ამიტომ ძალიან უკვირთ და აბნევთ, როდესაც ვერც ერთ სიტყვას ვერ არჩევენ და ვერაფერს ვერ იგებენ.
– რუსლან, კაკ ტი მოჟეშ როზუმეტ კოგდა მი დრუგ დრუა ნე მოჟემ როზუმეტ, კრომე ტაგო უ ნას იშჩო და ვნუტრენნიხ იაზიკა, იაზიკი სვანოვ ი მეგრელოვ…
მახსოვს, მაშინ რუსლანამ ის თავისი გაფართოებული თვალები ახლა ზეცად აღაპყრო. ზეცა კი მშვენიერი იყო, ისევე როგორც განთქმული კარპატების მთები. სლოვაკეთიდან, კოშიცედან მოვდიოდით, უჟგორდს გავცდით და ყველაფერი გადასარევად იყო. იმედია, ყველაფერი კარგად იქნება და ჩვენ ყველანი ერთად გავიმარჯვებთ კრემლის ბოროტების იმპერიაზე. სხვანაირად არ შეიძლება… არ შეიძლება პუტინის გამარჯვება და მთელი სამყაროს ჩრდილო კორეად ქცევა. ეს რაღაც არმაგედონზე უარესი იქნება…
სხვათა შორის, სლოვაკური კოშიცეც და უკრაინული უჟგოროდიც უნგრული ქალაქებია, სადაც აბსოლუტური უმრავლესობა ეთნიკური უნგრელები ცხოვრობენ… ასე რომ, ეთნიკური უმცირესობების საკითხი, სასაზღვრო დავა მხოლოდ საქართველოსა და კავკასიის პრობლემები არ გახლავთ. ევროპაში თითქმის არ არსებობს ორი მოსაზღვრე სახელმწიფო, ისტორიული ან ტერიტორიული პრეტენზიები რომ არ ჰქონდეთ ერთმანეთთან – ზემო და ქვემო სილეზია, პოლონეთსა და ჩეხეთის საზღვარზე; ტრანსილვანიის საკითხი რუმინეთსა და უნგრეთს შორის; ბალკანური, ყოფილი იუგოსლავიის ქვეყნები, თავიანთი ცნობილი კონფლიქტებით, ომებითა და სასაზღვრო დავით საბერძნეთსა და ბულგარეთთან; იტალო სლოვენიის, იტალია–საფრანგეთის, ელზას ლოთარინგიის საუკუნეებს გამოყოლილი დავა გერმანია–საფრანგეთს შორის და თავს აღარ შეგაწყენთ სხვა მაგალითების ჩამოთვლით, მაგრამ ჩვენი ჩრდილოელი მეზობლებისგან განსხვავებით, არავის მოსდის აზრად, ამის გამო მეზობლებს ზარბაზნები და რაკეტები დაუშინოს და თანაც ამას ომი კი არა „სპეციალური დანიშნულების სამხედრო ოპერაცია“ უწოდოს. თითქოს ამ იდიოტური ტერმინის გამოყენებით მათი ჭურვებისგან ჩახოცილი და წამებით მოკლული ქალები, ბავშვები და მოხუცები ნაკლებად ნაწამები მკვდრები იქნებიან.
ამიტომაც ვამბობ: თუ კრემლი კართაგენივით არ დაინგრა, ეს ბოროტების ურდო ყველა ჩვენგანის კარზე მოაკაკუნებს, სიკვდილით და სიკვდილზე უარესით, შეურაცხყოფით, ღირსების აყრითა და წამებით. მოუკაკუნებს ყველას კარზე – ყირგიზეთიდან და ყაზახეთიდან დაწყებული, ესტონეთითა და ფინეთით დამთავრებული…
გაგრძელება იქნება