18 მაისი
გამთენიისას დაბომბვამ გამაღვიძა. სერიოზულად დაგვიშვეს. იმდენად ახლოს ცვიოდა ჭურვები, რომ აფეთქებების ბათქი, განგაშის სირენების ხმას ახშობდა. ამხელა შენობა – მთელი სასტუმრო ერთიანად ზანზარებდა. ფანჯრებზე სქელი ფარდები იყო ჩამოფარებული, ე.წ. „სვეტამასკიროვკა“, მაგრამ, ოდნავ შემოპარულ სინათლის სხივებზე მაინც მივხვდი, რომ სულ ახალი გათენებული იყო…
პირდაპირ გარიჟრაჟზე დაგვცხეს ჩვენმა „ერთმორწმუნეებმა“ და „უკრაინელების მოძმე“ რუსებმა… აი ეს იყო მძინარე და მშვიდობიანი ქალაქის დაბომბვა და არა ცხინვალი, როდესაც ჩვენვე გვაბრალებდნენ და თავისივე დაბომბილს, ცეცხლში გახვეულ გორის კადრებს აჩვენებდნენ მთელს მსოფლიოს და ახლაც ყურში მიდგას იმ გორელი ქალბატონის ხმა ქართულად რომ დაჰყვირის თავისი მოკლული შვილის ცხედარს: „მიშველეთ ხალხოო…“. ამ საშინელებას, ჩვენს მიერ დახოცილ ოსებად ასაღებდნენ და ასე აჩვენებდნენ ეს მართლა ნაძირლები…
დაბომბვა არ წყდებოდა. მომეჩვენა რომ აფეთქების ხმა უფრო და უფრო გვიახლოვდებოდა. გადავწყვიტე გოგა გამეღვიძებინა. თავგამოდებით კი ვემარიაჟებოდით ერთმანეთს, როგორ არ გვეშინოდა და როგორი თავზეხელაღებულები ვიყავით, მაგრამ მაინც სასწრაფოდ წამოვხტი ჩემი მატრასებიდან – ოთხი მატრასი მქონდა ასე ორი – ორზე დადებული და ერთმანეთს მიმდგარი მეტი კომფორტისთვის, მაგრამ ძილში ბევრს თუ ვიწრიალებდი, ერთმანეთს შორდებოდნენ და შუაში ვიჩხრიკებოდი…
სასტუმროს ჰოლიდან გაფაციცებული მოძრაობის ხმა შემოდიოდა, მოგუდული ლაპარაკი და გადაძახილ გადმოძახილი ისმოდა. აქ ჩასახლებული ლტოლვილები გამალებით მიიჩქაროდნენ თავშესაფარში, თან ცდილობდნენ, მშვიდად ჩუმად და დაწყობილად ემოძრავათ… ერთმანეთს ეძებდნენ, ატირებულ ბავშვებს ამშვიდებდნენ… მათ უკვე იცოდნენ რას ნიშნავდა აფეთქების ტალღების ასე „მოჩვენებითი“ მოახლოება, როდესაც, ამხელა შენობა კალათბურთის ბურთივით იწყებს ხტუნვას და მასიური ფანჯრები ისე, ზრიალებენ ლამის ჩარჩოებიდან ამოვარდნენ… მათ უკვე გამოვლილი ჰქონდათ სუმი და ხარკოვი, ლისიჩინსკი და ბახმუტი, სევერნოდონეცკი და ხერსონი, მარიუპოლი და მელიტოპოლი…
გოგას ოთახის კარზე მივუკაკუნე და შევაღე, უნდა მეთქვა: – გავედით აწი ჩვენც, ამ ბეტონებში არ ჩავიმარხოთ–თქო…
ჭყონია გულაღმა იყო გაშხლართული, ხელები ისე გაეშალა, თითქოს თავის მატრასზე, ძილში წონასწორობას იცავსო – რომ გაიღვიძა, გამომიტყდა, რომ მართლაც ასე უწევდა ძილში წონასწორობის დაცვა, რომ არ ჩამოვარდნილიყო და ისე მაგრად ხვრინავდა, თვით დარბაისელი პორთოსიც კი „სამი მუშკეტერიდან“ ათი წუთი ტაშს დაუკრავდა.
– გოგა!… – გოგაა! – დავუძახე საკმაოდ ხმამაღლა… თქვენც არ მომიკვდეთ… გარედან აფეთქებების ტალღა აზანზარებდა სასტუმროს ოთახის ფანჯრებს, შიგნიდან ჭყონიას ომახიანი ხვრინვა…
ეჰ – ვიფიქრე – მძინარე ადამიანის გაღვიძება ცოდვაა – თუ არადა, ნაპოლეონისა არ იყოს, ერთ თავის ადიუტანტს რომ მიმართა, რომელიც დაბომბვისას, ყოველი აფეთქებისას წელში ორად იხრებოდა: – „ე სუდარ, ზრია უტრუჟდაიტე სებია პაკლონამი, ა კარტეჩ ვედ ვსიო რავნო ნაიდიოტ ვინოვატოვა…“. მართლაც და თავის წილ ჭურვს სიკვდილსა და ბედისწერას ვინ გაჰქცევია, რომ მე და ჭყონია გავქცეოდით…
გამოვბრუნდი და ისევ ჩემს მატრასებზე გავიშხლართე, ეგრევე ჩაცმულ–დახურული საბრძოლველად და სასიკვდილოდ გამზადებული. თან კარი ღია დავტოვე, თუ რამე შემოგვიფრინდებოდა და მეტ–ნაკლებად მთელები გადავრჩებოდით, კარზე ჯაჯგურში არ დამეკარგა ძვირფასი წამები…
სასტუმროს ჰოლიდან უკანასკნელი ხმებიც შეწყდა. ეტყობა ყველანი ჩავიდა თავშესაფარში… ბოლოს თითქოს ძაღლის წკმუტუნში გადარეული ყეფა ჩამესმა…
ვიწექი ასე მთელს სიგრძეზე გაშლილი… რატომღაც ძაღლის წკმუტუნმა ყველაზე მეტად დამასევდიანა. ჩემი ლაბრადორი, „როკი“ გამახსენდა… მერე ჩემი ოჯახი, ცოლ–შვილი, ძმები, მეგობრები და შავ–ბნელმა ფიქრებმა შემიპყრო. არც ძველ ფხოველ მოთარეშეს, არც საბურთალოს უკვდავი და მრავლისმნახველი ქუჩების შვილს რომ არ ეკადრება, ისეთმა შავ–ბნელმა ფიქრებმა… თან რუსებიც არაფრით ცეცხლს არ წყვეტდნენ, ისევ უშურველად გვბომბავდნენ ეს ბოლო კახპის გაგდებულები…
ხუმრობა იქით იყოს და მართლაც რომ შემოგვივარდეს, ერთი, დედაატირებული რუსული რაკეტა და გაგვწიოს საიქიოსკენ, დამრჩეს განზე ჩემი განთქმული „ფარტი“ და იღბლიანობა, რითაც ასე მომაქვს თავი, მერე სად მივდივარ?.. აი, ღირს?… ღირს ის, რასაც ვაკეთებ?.. ან, რომ ავიყოლიებ ხოლმე ამ ხალხს, ანრიც მე გადმომყვა 1999 წლის შემოდგომაზე, პარტიზანებთან ერთად აფხაზეთში და გალში და გოგაც მე წამომყვა ახლა, 60 წლის ასაკში, თორემ თავისი წილი აფხაზეთიც მოვლილი აქვს და 2014 წლიდან მოყოლებული აქამდე უკვე ორჯერ იყო უკრაინაში, დოკუმენტური ფილმიც აქვს გადაღებული კიევის ცნობილ მაიდანსა და დონბასზე…
დედამისს, თინა შონიას, რომელიც 80 წლისაა, უკრაინაში წამოსვლამდე რამდენიმე დღით ადრე გულზე უმძიმესი ოპერაცია გაუკეთეს, ჩვენ კი დავტოვეთ ასე და წამოვედით!.. ცოლი რჩება, შვილი, შვილიშვილი…
მე ხომ მთელი ცხოვრება, 16 წლიდან სისხლი გავუშრე მთელ ჩემს ოჯახს… ახლა ჩემი შვილი სანდროა 16 წლის, კაი ვირგლა გაიზარდა ესეც, ლამის ჩემ სიმაღლეა და ქუჩაში გასულს, ოდნავ რომ დააგვიანდება ჭკუიდან ვიშლები… თავად კი მთელი ცხოვრება ასე გავტანჯე ჩემი ცხონებული მშობლები… ჩემი უმცროსი ძმები… ლექსოს მთელი ბავშვობა გავუმწარე, სულ ჩემს მოლოდინში იყო, ახლა 37 წლისაა და ისევ ამ დღეში მყავს… ვეღარ მიტანს უკვე, აღარ მელაპარაკება… ახლა ჩემი ცოლ–შვილი გადავრიე, ავღანეთი კაი… პატარები იყვნენ… მაგრამ გაიზარდნენ და ახლა ამათ ვანერვიულებ!.. მართლა რო დავიბრიდო, ჩამიტანონ დამდგან თბილისში, ქაშვეთია ახლა მოდაში და ეს საწყალი მარიამი, სანდრიკა და ფეფო, პირდაღებულები და ატირებულები ამ ჩემს კუბოსთან… ფაქტობრივად ქუჩაში დარჩენილები, ხომ ბოლომდე დავუნგრევ ცხოვრებას, ჩემს ერთადერთ შთამომავლებს, ჩემს სისხლსა და ხორცს…
და რა ღირს ამად?… რა ღირდა ჩემი მშობლების ტანჯვად და ნერვიულობად?… რა ყველაზე კეთილშობილი და კარგი ადამიანი ვარ?… არა, არანაირად… ყველზე მეტად მიყვარს სამშობლო?… არა, რა თქმა უნდა, ძალიან ჩემი ქვეყანა და ძალიან ქართველი ვარ, ვისაც გინდა – მოეწონოს, ვისაც გინდა – არ მოეწონოს, მარცხენა ბეჭზე მახატიან თავის ფსევდო „გლობალური აზროვნებით“ და „მსოფლიო მოქალაქეობით“… მარა ერთი ამ საქართველოს ოხერი და უპატრონო, საკუთარი შვილებიჭამია დედაც ვატირე რა ბოლოს და ბოლოს… მაიცა ჩემი შვილები ჩემები არ არიან? … ჩემი ცოლი მარიამი ჩემი არ არის?… ჩემი ძმები ჩემები არ არიან?… ჩემი ძმაკაცები, რომლებიც მთელი ცხოვრება მიტანენ, ნერვიულობენ და ზრუნავენ და ახლაც თავის უკანასკნელ კაპიკებს აქ მიგზავნიან?.. რა მიღირს ამად?.. რა მინდა?… საკუთარი თავის წარმოსაჩენად და სახელისა და დიდებისათვის?… კი გვჭირს ქართველებს ეგ: „ხოლო არიან ქართველნი მოყვარულნი სახელისა და დიდებისათვის ეგზომ, რომ არღარა დაზოგონ არცა მეფე თვისი, არცა სამშობლო თვისი..“. მაგრამ ეს სახელიც ასე თუ ისე მაქვს და თუ მეტი მინდა, სულაც არ არის აუცილებელი დნეპრში, ვადიმ გეფტერის ლტოლვილებით სავსე სასტუმროში ან ბომბაუბეჟიშჩეში ჩამარხვა, უამისოდაც შეიძლება, ამ ტიტულების და ცენზის მოპოვება. ახერხებს ხალხი, რაღაცას ჩალიჩობს, წვალობს… მაგარი ბიჭი ვარ?… კი მაგარი ბიჭი ვარ, მაგრამ ჩემზე მაგარი ბიჭებიც იყვნენ, თუმცა მათმა უმრავლესობამ დიდი ხანია წინ გამასწრეს და უკვე საიმედოდ არიან დაბინავებულები წმინდა სასუფეველში… აბა რა მინდა? რას ვაკეთებ?… არა ვარ მე იმის სულელი, ვფიქრობდე, რომ რეალურად რამე გავაკეთე, ან ახლა ვაკეთებ რამეს, ან აფხაზური რეიდებით რა შევცვალე და რას ვუშველე, ან კოდორის ხეობაში გადასვლით… ან ცხინვალი რით დავიცავი, რა უშველა ჩემმა წანწალმა დიდი ლიახვის ხეობაში?.. ან პანკისში, ინგუშეთში და დაღესტანში გადასვლამ რა შეცვალა, ან ჩემმა ჩრდილოეთ კავკასიურმა ყონაღობამ და ნაბეგებმა?… რომელი აჰმად ხუჩბაროვი, ბაისანგურ ბენოელი და ჰაჯი–მურატი მე ვარ?… ან ამ უკრაინას რას ვუშველი და რას ვუკეთებ იმის ფასს, რასაც ჩვენი დაღუპვით, ამდენ ხალხს, ამდენ ოჯახს დავმართებთ?.. კარგი ვწერე, დავწერ და აგერ ახლაც ვწერ, მაგრამ ჯერ ერთი ვარლამ შალამოვისა არ იყოს მწერლობით და ლიტერატურით გადარჩენილი სამყაროსი არც მე მჯერა. აგერ არ ვართ, რაცხა გადარჩენილები ვართ?… და მეორეც ერთი, იქნება და მართლებიც არიან ეს ჩემი კრიტიკოსები და ვატრაკებ და მიხარია?..
და რატომ არ მტოვებს შეგრძნება, რომ ამჯერად თითქოს გამოვეპარე გარდაცვლილ მამაჩემს და დედაჩემს და გადასარევად და უსინდისოდ ვსარგებლობ იმით, რომ ვეღარ მეჩხუბებიან და ვეღარ ინერვიულებენ?.. უფრო სწორად, მე ვეღარ ვიგრძნობ აქ, როგორ ნერვიულობენ იქ და ასე უნამუსოდ ვსარგებლობ ამით და ახლაც დავტყდი უკრაინაში, ჯიუტად და უკანმოუხედავად… ნუთუ ობლობასაც თავის კომფორტი აქვს, თუნდაც იმას, რომ სახლიდან გასულს, ისე როგორც 42 წლამდე, დედაჩემი აღარ გამომენთება, ეგ გაიხადე, არ გიხდება და აი ეს ჩაიცვიო…
დედასთან და მამასთან მინდა ვაა… და საერთოდ არ მაინტერესებს ეს კალენდარი – 47 წლის ვარ თუ-7-ის…
გამოღებულ კარში ნამძინარევი, გაბუჟებული და მატრასზე წოლისგან წელგაკავებული ჭყონია ჩამოდგა…
– არ დააქციეს ქვეყანა დილაადრიანად ამ ბოზიშვილებმა?… არ დამაძინეს, ჩამეძინებოდა და ბუუ… და ბუუუ… და ამ ვადიმას კიდე… დაგვყარა ამ მატრასებზე… ჰაერში მძინავს ბლიად… ადე ჰა გავიდეთ, სიგარეტი გამითავდა იქნება ვიშოვოთ სადმე…
ავდექი და დასტოინი გაკრეჭილი სიფათით დავიძარი კარისკენ…
ღირს მარაა…
– პასპორტი არ დაგრჩეს ჭყონი… იქით დავარიგე გოგა, თითქოს სულ ერთი წუთის წინ მე არ მინდოდა დედასთან…
მაგასაც უნდა თინასთან, მარა რას გამოტეხ, ამპარტავანი გურულია.