„ოცნების“ მიერ წარმოდგენილი გეგმა ზედაპირულია, არაა მიმართული შინაარსზე - „შინ ევროპისკენ“

პუბლიკა

მოძრაობა „შინ ევროპისკენ“ განცხადებას ავრცელებს, რითიც ეხმაურება პარტია „ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ინიციატივას საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატობის წინაპირობების 12 პუნქტიანი გეგმის შესრულების შესახებ.

მათი შეფასებით, მმართველი პარტიის მიერ წარმოდგენილი გეგმა „ზედაპირულია და არ არის მიმართული შინაარსზე“, რომელიც არსებითად გადაწყვეტს ევროკავშირთან დაახლოვებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან საკითხებს.

„შემოთავაზებული გეგმა ორიენტირებულია მხოლოდ სამუშაო ფორმატზე, რაც პროცესის გაჭიანურებას ემსახურება და არა მოთხოვნების შესრულებას.

„ქართულ ოცნებას” შევახსენებთ, რომ საყოველთაო სახალხო მოძრაობამ, „შინ ევროპისკენ”, ხელისუფლებას ევროკავშირის კანდიდატის წევრი სახელმწიფოს სტატუსის მიღებისთვის სამუშაო ფორმატის შესახებ ხედვა, ეროვნული თანხმობის მთავრობის ჩამოყალიბების სახით, უკვე წარუდგინა და დათანხმებისთვის ვადა 3 ივლისამდე განუსაზღვრა.

საზოგადოებას კარგად ახსოვს მმართველი პოლიტიკური გუნდის არაერთი შეუსრულებელი დაპირება რეფორმების გატარების თაობაზე, რაც ბუნებრივად იწვევს უნდობლობას დაანონსებული სამუშაო ფორმატების მიმართ.

Ამ უნდობლობას კიდევ უფრო აძლიერებს ქვეყანაში მიმდინარე ბოლო დღეების მოვლენები. კერძოდ, მიხეილ ჩინჩალაძის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ ხელახალი დანიშვნა, პროევროპული კამპანიის რეგიონული შეხვედრების აშკარად კოორდინირებული ძალადობისა და ჩაშლის მცდელობები ოცნების პარტაქტივის მიერ, მედიაზე თავდასხმები, მკაფიოდ ანტიდასავლური გზავნილების გაგრძელება.

Შექმნილ ვითარებაში, პროცედურული დაპირების ნაცვლად, მნიშვნელოვანია რეალური პოლიტიკური ნების ჩვენება და შინაარსობრივი გადაწყვეტილებების მიღება“,- ნათქვამია განცხადებაში.

აქვე ნათქვამია, რომ Სამოქალაქო ორგანიზაციები მზად არიან, საზოგადოებას უახლოეს მომავალში წარუდგინონ კონკრეტული გეგმა კანონპროექტებისა და ჩამოყალიბებული ხედვის სახით, რომლის შემუშავებაშიც ჩართულია ფართო საზოგადოებრივი სპექტრი სხვადასხვა გამოცდილებითა და ექსპერტული ცოდნით.

გუშინ „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა საბჭომ ევროკავშირის მიერ დადგენილი 12 პუნქტის შესრულებაზე იმსჯელა. საბჭოს დასრულების შემდგომ ბრიფინგზე პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ  მმართველი გუნდი უზრუნველყოფს ევროკავშირის მიერ დადგენილი 12 პუნქტის შესრულებას „სათანადო დროში და სათანადო ხარისხით.“