დეოლიგარქიზაციის შესახებ შესაძლოა უკრაინის კანონის გადმოღება იყოს კარგი - პაპუაშვილი

პუბლიკა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ დეოლიგარქიზაციის პუნქტის შესასრულებლად შესაძლოა, უკრაინაში დეოლიგარქიზაციის შესახებ მიღებული კანონის გადმოღება იყოს კარგი.

როგორც ის აცხადებს, ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან ისაუბრა.

შალვა პაპუაშვილის თქმით, შეხვედრაზე განიხილეს უკრაინული კანონი, მისი პრინციპები, როგორ მოქმედებს და რა კრიტერიუმებია.

„მას აქვს უპირატესობა იმ კუთხით, რომ მოწყვეტილია ქართულ პოლიტიკურ სუბიექტივიზმს.  ეს არის კანონი, რომელიც ამ ქართული პოლიტიკური სუბიექტივიზმისგან მოწყვეტილად უცხოური რეკომენდაციითა და პრაქტიკით არის შედგენილი, რომელიც მოწონებულია და, მათ შორის, ევროკავშირი მოუწოდებს უკრაინას, რომ ეს კანონი იქნას იმპელმენტირებული. ამიტომ, ამ კანონის გადმოღება შეიძლება იყოს იმ კუთხით კარგი, რომ არ გამოიწვიოს შემდეგ რაიმე ურთიერთბრალდებები, რომ კანონი ვიღაცას ერგება ან არ ერგება“, – განაცხადა  შალვა პაპუაშვილმა.

17 ივლისს გამოქვეყნებულ ევროკომისიის რეკომენდაციებში ცალკე პუნქტად არის გამოყოფილი დეოლიგარქიზაციის საკითხი.

„უნდა შესრულდეს „დეოლიგარქიზაციის“ პირობისადმი ერთგულება, რასაც უნდა მიაღწიონ ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში კერძო ინტერესების გადაჭარბებული გავლენის აღმოფხვრის გზით“, – წერია ევროკომისიის 12-პუნქტიან დოკუმენტში.