„სოციალური სამართლიანობის ცენტრმა" მაია ბაქრაძის საქმეზე მთავრობის მოსაზრებებს უპასუხა

პუბლიკა

სოციალური სამართლიანობის ცენტრმა უპასუხა მაია ბაქრაძის საქმეზე  ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში მთავრობის მიერ წარმოდგენილ მოსაზრებებს. მაია ბაქრაძე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე და მოსამართლეთა გაერთიანება – „მოსამართლეთა ერთობის“ დამფუძნებელი წევრია, რომელსაც მოსამართლეობის ვადის ამოწურვის შემდეგ, 2015-2016 წლებში, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უარი უთხრა მოსამართლედ ხელახლა დანიშვნაზე.

ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში წარდგენილ განაცხადში მაია ბაქრაძე უთითებდა, რომ მის ხელახლა დანიშვნაზე უარი წარმოადგენდა სასჯელს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებების მიმართ მისი და „მოსამართლეთა ერთობის“ კრიტიკული გამონათქვამების გამო.

ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ მაია ბაქრაძის საქმე 2021 წლის ოქტომბერში მიიღო წარმოებაში და საქართველოს მთავრობას მიმართა კითხვებით კონვენციის სხვადასხვა მუხლის სავარაუდო დარღვევებთან დაკავშირებით.

როგორც „სოციალური სამართლიანობის ცენტრი” წერს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებების ასეთი დახურულობის მიუხედავად, განმცხადებელმა შეძლო წარმოედგინა დამაჯერებელი მტკიცებულებები, რომ იგი დაისაჯა მისი გამოხატვის და „მოსამართლეთა ერთობის“ წევრობის გამო. კერძოდ, მთავრობის მოსაზრებებზე სოციალური სამართლიანობის ცენტრის მიერ მომზადებულ პასუხში ხაზგასმულია 2015 -2016 წლებში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ ყოფილ მოსამართლეთა გადანიშვნის დინამიკა, რომელიც წარმოაჩენს „მოსამართლეთა ერთობის წევრთა“ აშკარა არახელსაყრელ მდგომარეობას, სხვა ყოფილ მოსამართლეებთან შედარებით. გარდა ამისა, მოსამართლეთა კონკურსის ფარგლებში, მაია ბაქრაძესთან ჩატარებული გასაუბრების ჩანაწერები ცხადყოფს, რომ იუსტიციის  უმაღლესი საბჭოს წევრები სვამდნენ არა მის პროფესიულ კვალიფიკაციასთან, არამედ „მოსამართლეთა ერთობის“ საქმიანობასთან დაკავშირებულ კითხვებს და დაინტერესებული იყვნენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა მიმართ მოსამართლეთა ერთობის აღმასრულებელი დირექტორის კონკრეტული კრიტიკული გამონათქვამებით. არათანაბარი მოპყრობის შესახებ სრული სურათის გამოსავლენად, განმცხადებელი ასევე ითხოვდა მასთან და სხვა კანდიდატებთან ჩატარებული გასაუბრებების შინაარსის შედარებას, რაზეც ეროვნულმა სასამართლოებმა უარი უთხრეს. შედეგად, მაია ბაქრაძეს არ მიეცა სრულყოფილი შესაძლებლობა საკუთარი ინტერესების ეროვნულ დონეზე დასაცავად.

„მაია ბაქრაძის საქმე ერთ-ერთი მაგალითია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ განსხვავებული აზრის დევნისა და მოსამართლეთა დანიშვნის კუთხით მიღებული თვითნებური გადაწყვეტილებებისა, რომელზეც  წლებია მიუთითებენ საქართველოში არსებული არასამთავრობო ორგანიზაციები. აღნიშნული პრაქტიკა განსაკუთრებული სიმწვავით წარმოჩინდა 2019 წლიდან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის პროცესში. ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში მაია ბაქრაძის საქმეზე მიმდინარე კომუნიკაციის ეტაპზე ჩაერთო სახალხო დამცველის აპარატიც, რომელმაც წარმოადგინა მესამე მხარის მოსაზრებები განცხადებაში გამოკვეთილ სისტემურ პრობლემებთან დაკავშირებით”, – წერს ორგანიზაცია.

განცხადებას სრულად გაეცანით ბმულზე;