ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ, პარლამენტში ინტერპელაციის წესით გამოსვლის დროს ონკოლოგიასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვებს უპასუხა. მიხეილ სარჯველაძე ფრაქციამ „საქართველოსთვის“ დაიბარა.
სარჯველაძის თქმით, ბიუჯეტიდან ონკოლოგიის დასაფინანსებლად გამოყოფილი თანხა 400 მილიონ ლარს აღემატება.
„როდესაც ვამბობთ, რომ 400 მილიონი ლარია ონკოლოგიის დაფინანსება და დაახლოებით 10 წლის წინანდელ პერიოდთან შედარებით ამდენად არის გაზრდილი, რა თქმა უნდა, ეს ნიშნავს, რომ მოქალაქეს ნაკლების გადახდა უწევს ჯიბიდან. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ყველა პაციენტისთვის ხელმისაწვდომია სტანდარტული, საერთაშორისოდ აღიარებული მეთოდებით მკურნალობა. ეს დადგენილია გაიდლაინებით, პროტოკოლებით, სათანადო პროცედურებით.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ ამ მიმართულებით, სახელმწიფოს ინიციატივით, სულ უფრო მეტი ინოვაციური მედიკამენტი შემოდის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში, პერმანენტულად ინერგება ალტერნატიული, მაღალტექნოლოგიური მკურნალობის მეთოდები, შესაბამისად, იცვლება ექიმების მიდგომები და პაციენტების განწყობაც.
მიუხედავად ამისა, არც თუ იშვიათად, ექიმები და პაციენტები, ცალკეულ შემთხვევებში, უპირატესობას ანიჭებენ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით პირდაპირ გაუთვალისწინებელ, ალტერნატიულ ან დამატებით სამკურნალო საშუალებებს. არის ასეთი რამ მსოფლიოში – სამედიცინო სფეროში, განსაკუთრებით მედიკამენტების სივრცეში, დამახასიათებელია სწრაფი განვითარების, ბევრი ალტერნატივის არსებობის პირობებში აზრთა სხვადასხვაობა, რაც ნიშნავს იმას, რომ შესაძლოა, ხშირად პაციენტის განწყობა სხვადასხვა მედიკამენტის მიმართ განსხვავებული იყოს. ასეთ დროს, ბუნებრივია, ჯგუფის უკლებლივ ყველა მედიკამენტის უზრუნველყოფა არ იქნებოდა სწორი ამოცანა, მთავარი არის რომ ჯგუფის საჭირო მაღალი ხარისხის მედიკამენტი და მკურნალობა იყოს ხელმისაწვდომი, რასაც სახელმწიფო აკეთებს კიდეც“ – განაცხადა სარჯველაძემ.
მინისტრის მტკიცებით, სახელმწიფო ასეთ შემთხვევებში მაინც რეაგირებს და ეხმარება პაციენტებს, უმსუბუქებს მათ მიერ არჩეული პროგრამით პირდაპირ გაუთვალისწინებელი, დამატებითი, ალტერნატიული მკურნალობის მეთოდებზე ხელმისაწვდომობას.
„ეს ხორციელდება იმის პარალელურად, რაც არის სტანდარტულად, მაღალი ხარისხით უზრუნველყოფილი და თუ მაინც არჩევანია დამატებით საშუალებაზე, აქაც, ბუნებრივია, სახელმწიფო გარკვეული ფორმით მხარში უდგას მოქალაქეს. ეს ხორციელდება რეფერალური დაფინანსების გზით, მაგრამ ასეთ შემთხვევებში არჩეული ალტერნატიული საშუალებების დაფინანსება ექცევა ლიმიტების ქვეშ და ეს სავსებით ბუნებრივია. ეს ლიმიტები დადგენილია შესაბამისი ნორმატიული აქტით. თუ პაციენტი სახელმწიფოსგან შეთავაზებული მკურნალობის საშუალებებისა და მეთოდების ნაცვლად ირჩევს ალტერნატიულს, აქ სახელმწიფო სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით (მაგალითად, სოციალური ფაქტორების), მაგრამ მაინც ეხმარება პაციენტს კონკრეტული გონივრული მოცულობით,“ – განაცხადა სარჯველაძემ.
მან სახელმწიფო პროგრამის ალტერნატიული მკურნალობის ლიმიტთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს პაციენტსა და მის მიერ არჩეულ სამედიცინო დაწესებულებას შორის ურთიერთობის სივრცეა, რომელიც სცილდება სახელმწიფოსგან ფასების რეგულირების შესაძლებლობათა ფარგლებს.
„რაც არ უნდა ეცადონ ჩვენი ოპონენტები იმის წარმოჩენას, თითქოსდა, პაციენტს უწევს „ჯიბიდან გადახდა“ უფრო მეტის, ამის საწინააღმდეგოდ არსებობს ფაქტები: პირველი – 2025 წელს ონკოლოგიურ პაციენტებზე სახელმწიფოს მიერ დაიხარჯა იმდენი, რამდენიც არასდროს დახარჯულა საქართველოში. აქვე ვიტყვი, რომ გვაქვს გაუმჯობესებული მაჩვენებლებიც ონკოლოგიის მართვის წარმატებულობისა და ეფექტიანობის მიმართულებითაც (აქ არის ხარისხობრივი მკურნალობის გაუმჯობესების მომავალი პერსპექტივაც და ამ დრომდე მიღწეული წარმატებებიც). მეორე – „ჯიბიდან გადახდები“ საქართველოში (ბოლო წლების ანალიტიკის თანახმად და ავტორიტეტული კვლევებია ეს) სახელმწიფოს მხრიდან ონკოლოგიური სერვისების დაფინანსების ზრდის ფონზე რადიკალურად არის შემცირებული – კერძოდ, ბოლო 5 წლის განმავლობაში, ონკოლოგიაზე ე.წ. „ჯიბიდან გადახდები“ არის, დაახლოებით, განახევრებული – ანუ ის, რასაც მოქალაქეები ჯამში იხდიდნენ, დღევანდელი გადასახედიდან, არის იმის ნახევარი, რასაც 5 წლის წინ იხდიდნენ“ – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
შეკითხვაზე, რატომ ამჯობინებს ონკოპაციენტების მნიშვნელოვანი ნაწილი საზღვარგართ მკურნალობას, მიხეილ საჯრველაძემ რამდენიმე მიზეზი გამოყო, მათ შორის, ექიმთა და ექთანთა ნაწილის კვალიფიკაციის და დისციპლინის პრობლემა, საზღვარგართ მკურნალობის პოპულარიზაციისთვის აგრესიული მარკეტინგი, სპეციალიზებული კლინიკების საჭიროება, მაღალტექნილოგიური კვლევებისთვის საჭირო საშუალებების არქონა და სხვა.
„2025 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მხოლოდ ონკოპაციენტების საჭიროებისთვის 400 მილიონი ლარი დაიხარჯა. მთლად ისე ნუ წარმოაჩენს ოპოზიცია, რომ საქართველოში ქართველ ექიმებს არავინ ენდობა. არ ეცადოთ ამის გაკეთება, ეს მხოლოდ შეგარცხვენთ და დაგამცირებთ. ინტერპრეტაცია ეგ არის ზუსტად, რომ თქვენ ფიქრობთ და ხელს უწყობთ აზრის კულტივირებას, რომ საქართველოში წარმატებული მკურნალობა [არ ხდება].
ჩვენს ხელს არსებული ინფორმაციით, გასულ წელს ონკოლოგიის მიმართულებით საზღვარგარეთ მკურნალობა დაუფინანსდა მხოლოდ 573 პაციენტს. თბილისის მერიის მიერ დაფინანსდა 127 ონკოპაციენტის მკურნალობა, ოღონდ შეიძლება იყოს დუბლირებები… ხოლო აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაფინანსდა 78 ონკოპაციენტი. ონკოლიგიური სერვისებისთვის დამოუკიდებლად გასული პაციენტების რაოდენობა, შეიძლება, აღემატებოდეს დასახელებულ რიცხვს.
38 627 ბენეფიციართან შედარებით საზღვარგარეთ მკურნალობის მაჩვენებლი ვფიქრობ მაღალ რიცხვს არ შეადგენს, თუმცა გეთანხმებით, პრობლემა მაინც საგულისხმოა და ამაზე ჩვენც ვსაუბრობთ კორექტულად და მონდომებით, რომ საქართველოს ჯანდაცვის სისტემამ და ექიმებმა დაიბრუნონ კუთვნილი მაღალი რეპუტაცია, რომელსაც ეს ხალხი იმსახურებს.
მიუხედავად ჩემი პატივისცემისა ექიმების მიმართ, სამწუხაროდ, უმცირესობაში არიან ექიმები და ექთნები, რომლებსაც აქვთ კვალიფიკაციის და დისციპლინასთან დაკავშირებული პრობლემა. დიახ, არის კვალიფიკაციის გამოწვევა საქართველოში და ამასთან დაკავშირებით საუბრობს ჩემთვის პატივსაცემი ყველა ექიმი. პრობლემა გვაქვს პროფესიული დეფიციტების…
თავის ადგილას არის საკმაოდ აგრესიული მარკეტინგიც. დღეს საკმაოდ დიდი ინდუსტრიაა აწყობილი პაციენტების უცხოეთში სამკურნალოდ გაგზავნასთან დაკავშირებით, რასაც სამწუხაროდ, გარკვეული დოზით ახასიათებს რეკლამაც, რა თქმა უნდა, თავისი გადაჭარბებული მოლოდინების შექმნითაც და საქართველოში არსებული კონკურენტების ე.წ. გაშავების ტაქტიკითაც. ყველაფერი ეს ბადებს რეპუტაციულ პრობლემებსაც, და ამის კულტივირებაზე მაქვს საუბარი, როგორც სახიფათოსა და მანკიერ მოვლენაზე. […]
ჩვენი მიზანია, რომ მაქსიმალურად შემცირდეს მოქალაქეებს შორის აღქმა იმისა, რომ საზღვარგარეთ მკურნალობა აღემატება იმას, რაც ხელმისაწვდომია საქართველოში. ეს არის ჩვენი სტრატეგიული ამოცანა, რომ საქართველოს ჯანდაცვის სექტორის რეპუტაცია იყოს მაღალი და ამას ჰქონდეს ობიექტური დასაყრდენი”. – თქვა მიხეილ სარჯველაძემ პლენარულ სხდომაზე.