ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ პარლამენტში თქვა, რომ რეფერენტული ფასწარმოქმნის მექანიზმის პროგრამის ფარგლებში ფასები დაწეულია 7500-ზე მეტ მედიკამენტზე, ზოგ შემთხვევაში 70-80%-ით.
სარჯველაძემ, რომელიც პარლამენტში ინტერპელაციის წესით გიორგი გახარიას პარტიის მიერ არის დაბარებული, თქვა, რომ „იაფფასიანი სპეკუპაციებია, თითქოს პენსიონერებს მთელი პენსიის მედიკამენტებში დახარჯვა უწევთ“.
„დღეის მდგომარეობით, რეფერენტული ფასები განსაზღვრულია 7500-ზე მეტ ფარმაცევტულ პროდუქტზე. პირველ ეტაპზე ფასების რეგულაცია შეეხო იმ მედიკამენტებს, რომლებიც განსაზღვრულია ქრონიკული დაავადებების მართვის პროგრამით. ასევე, რამდენიმე ონკოლოგიურ მედიკამენტზე გავრცელდა. მომდევნო ეტაპებზე დაემატა ხშირად მოხმარებადი წამლები, ხოლო გასული წლის ნოემბერში – სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული, ე.წ ფსიქოტროპული მედიკამენტები.
ფასების მექანიზმის დანერგვის შემდეგ საცალო ქსელში ზოგიერთ მედიკამენტზე ფასები შემცირებულია 70%-ით, 80%-ით. არის შემთხვევები, როცა გაიაფების მაჩვენებელი 90%-ს აჭარბებს. ე.ი, იქ სადაც მედიკამენტი ღირდა 100 ლარი, მისი ფასი გახდა 10 ლარზე ნაკლები. ეს არანორმალურად დიდი სხვაობაა.
არის კვლევები, რომლის მიხედვითაც დასტურდება, რომ რეფერენტული ფასების რეფორმის შედეგად რეგულირებული მედიკამენტების ფასებით სარგებლობს მთელი მოსახლეობა.
იაფფასიანი სპეკულაციები, თითქოს პენსიონერებს მთელი პენსიის მედიკამენტებში დახარჯვა უწევთ, სწორი არ არის. ყველა ძირითადი მნიშვნელოვანი დაავადების სამკურნალო საშუალება უზრუნველყოფილია ამ პროგრამის მეშვეობით“, – თქვა მიხეილ სარჯველაძემ.
მისივე თქმით, რეფერენტული ფასების პროგრამის დამსახურებით, მოსახლეობამ წამლებში 2023-2025 წლებში 853 მილიონი ლარით ნაკლები დახარჯა.
სარჯველაძემ ასევე უპასუხა კითხვას აფთიაქების ოლიგოპოლიის შესახებ და თქვა, რომ ამის კვლევაზე მნიშვნელოვანია, არსებობდეს დამზღვევი მექანიზმების ეფექტიანი და გამჭვირვალე სისტემა და სამართლებრივი გარანტიები, რომ „ოლიგოპოლია იქნება თუ სხვა რაღაც, არ იქნას ბოროტად გამოყენებული“.