აჭარის მაუწყებელში წარმოქმნილი ხელოვნური კრიზისი პოლიტიკური ხასიათისაა - კოალიცია

პუბლიკა

კოალიცია „მედია ადვოკატირებისათვის“ წევრი ორგანიზაციები აჭარის მაუწყებელში მიმდინარე პროცესებს საგანგაშოდ და საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეისათვის დამაზიანებლად მიიჩნევს.

როგორც კოალიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ აჭარის მაუწყებელში წარმოქმნილი ხელოვნური კრიზისი პოლიტიკური ხასიათისაა და არ უნდა დარჩეს შიდა თუ საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების მიღმა.

კოალიცის რამდენიმე გადაწყვეტილების შესახებ ამახვილებს ყურადღებას:

1. საშტატო ნუსხის შეცვლა და თანამშრომელთა გათავისუფლება – დღეს, 2020 წლის 24 თებერვალს კი გაირკვა, რომ მაია მერკვილაძე ჩამოაშორეს სარედაქციო გუნდს დირექტორის შეთავაზება კი მისთვის თოქ-შოუს ხელმძღვანელობას ან რადიოს უფროსის მოადგილეობას გულისხმობს. 2020 წლის 19 თებერვალს, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭო განიხილა მაუწყებლის დირექტორის, გიორგი კოხრეიძის მიერ წარმოდგენილ ცვლილებები და აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელში გაუქმდა ახალი ამბების სამსახურის უფროსის მოადგილის, მაია მერკვილაძის თანამდებობა, ცვლილება შეეხო შემოქმედებითი პოლიტიკის განმსაზღვრელ გიორგი მურვანიძეს, შემოქმედებითი მიმართულებით კიდევ ერთ მოადგილეს ბესო დუმბაძეს და ფინანსური სამსახურის უფროსის მოადგილეს მაია შაშიკაძეს. აღსანიშნავია, რომ ცვლილებების საჭიროება არ იყო დასაბუთებული მაღალი სტანდარტით. არ იყო წარმოდგენილი ადამიანური რესურსების მართვის და ამავე დროს იურიდიული სამსახურის შეფასება, ისევე როგორც უშუაო ხელმძღვანელების პოზიციები ცვლილებების აუცილებლობის შესახებ. მრჩეველთა საბჭო გადაწყვეტილების მიღებისას დაეყრდნო დირექტორის მხოლოდ ზეპირ განმარტებას რომ „დასაქმებული ადამიანები დაინიშნებიან სხვა თანამდებობებზე, შრომითი კანონმდებლობის შესაბამისად გაკეთდება ეს ყველაფერი“. ამასთან, სხდომაზე სიტყვით გამოსვლის საშუალება არ მისცეს მაუწყებლის ალტერნატიული პროფკავშირის წარმომადგენელს, მალხაზ რეხვიაშვილს. ამ პროფკავშირში მაუწყებლის70-ზე მეტი ადამიანია გაერთიანებული. დაპირისპირების გამო სხდომა ცოტა ხნით გადაიდოკიდეც.

2. დირექტორის მოადგილის მაუწყებლობის განვითარების დარგში – 2020 წლის 07 თებერვლის ბრძანებით, გამოცხადდა კონკურსი მაუწყებლობის განვითარების დარგში სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიოს“ დირექტორის მოადგილის შესარჩევად. სამუშაოს აღწერის მიხედვით, სამომავლო ვალდებულებები მნიშვნელოვნად არ განსხვავდება ნათია ზოიძის შრომითი მოვალეობებისაგან. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ნათია ზოიძემ მაუწყებელი 2020 წლის 02 თებერვალს დატოვა. ის აცხადებდა, რომ არ ეძლეოდა მუშაობის შესაძლებლობა მანამდე კი, 2019 წლის დეკემბერში ნათია ზოიძეს მაუწყებლის დირექტორმა ხელშეკრულება შეუცვალა. ცვლილებების მიხედვით ნათია ზოიძე სარედაქციო პოლიტიკის მიმართულებაზე პასუხისმგებლობა შეეზღუდა. მოგვიანებით, თითქმის იდენტური საკონკურსო განაცხადის პირობებში, ახალ მოადგილედ ვახო ხუზმიაშვილი აირჩიეს ვახო ხუზმიაშვილის არჩევით, მაუწყებლის გაკონტროლების საფრთხეზე საუბრობენ, ჟურნალისტები, მედია ექსპერტები და იურისტები საია კი საქმის შესწავლას იწყებს. მიგვაჩნია, რომ გაუმჭვირვალე და არასათანადოდ მომზადებული იყო თავად გასაუბრების პროცესიც. აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ალტერნატიულ პროფესიულ კავშირის ინფორმაციით, დირექტორობის პირველ კანდიდატთან მიმდინარე გასაუბრების დროს ჟურნალისტმა ნათია ლომაძემ დაინახა[მისი აზრით] საინტერესო დეტალი, გადაიღო ფოტო და კონკურსის ირგვლივ არსებული მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ინფორმაცია მიაწოდა საინფორმაციო სამსახურის პროდიუსერს. საკონკურსო კომისიის ერთ-ერთი წევრის მხრიდან აღნიშნულ ფაქტს უკმაყოფილება მოჰყვა. ნათია ლომაძე დაადანაშაულეს, რომ ის ფარულად იღებდა მიმდინარე გასაუბრების პროცესს, რის საფუძველზეც მომდევნო კონკურსანტთან გასაუბრება დახურეს. მოგვიანებით, ზეწოლის შედეგად ჟურნალისტმა ვერ დაასრულა აღნიშნულ სიუჟეტზე მუშაობა და ვერ შეძლო პროფესიული საქმიანობის ჯეროვნად შესრულება. მაუწყებლის კიდევ ერთი თანამშრომელი კი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო საავადმყოფოში გადაიყვანეს. ჩვენთვის გაურკვეველია, რატომ შეეზღუდა ჟურნალისტს გადაღების უფლება სხდომაზე, რატომ დაიხურა სხდომა, სადაც მაღალი საჯარო ინტერესის საკითხი განიხილებოდა ანდა რატომ გამოიყენა კომისიამ ფოტოგადაღების საკითხი ჟურნალისტების დევნის საბაბად. მიგვაჩნია, რომ ამ ინციდენტის დროს იკვეთება ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელშეშლის ნიშნები და მოვუწოდებთ შესაბამის ორგანოებს დროული რეაგირებისაკენ. ამავე დროს კითხვის ნიშნებს აჩენს დირექტორის მოადგილის არჩევისათვის შექმნილი საკონკურსო კომისიის მუშაობის მიმართ. მით უფრო, როცა მაუწყებლის დირექტორის განცხადების მიხედვითაც კი, მართებული არ იყო შეფასების ის კრიტერიუმები და მეთოდები, რასაც საკონკურსო კომისია იყენებდა კანდიდატებთან გასაუბრებისას.

3. ახალი ამბების სამსახურის უფროსის შევიწროება – დღეისთვის მაუწყებელში მიმდინარეობს დისციპლინური წარმოება მაუწყებლის ახალი ამბების სამსახურის უფროსის შორენა ღლონტის მიმართ. აღნიშნულთან დაკავშირებით არხის ჟურნალისტები ითხოვენ დახმარებას და მიაჩნიათ, რომ ადგილი აქვს ადამიანების დევნას და შევიწროება მათი მოსაზრებების და პოზიციების გამო. ამ დრომდე გაურკვეველია მენეჯმენტის დამოკიდებულება არხის სარედაქციო პოლიტიკაზე პასუხისმგებელი პირის მიმართ.

4. პროფკავშირების შევიწროების მცდელობა – ტელევიზიის თანამშრომელთა ინფორმაციით, დირექტორი გადაცემა „ჰეშთეგის” ერთ-ერთ წამყვანს, მალხაზ რეხვიაშვილს მოუწოდებს, დატოვოს წამყვანის პოზიცია იმის გამო, რომ რეხვიაშვილი ტელევიზიაში შექმნილი ალტერნატიული პროფკავშირის თავმჯდომარეა. რეხვიაშვილსაც მენეჯმენტისადმი კრიტიკული დამოკიდებულება აქვს. მიგვაჩნია, რომ ზემოჩამოთვლილი მოვლენები ამყარებს ეჭვებს, რომ აჭარის მაუწყებელში ბოლო ერთი წლის განმავლობაში განვითარებული მოვლენები პოლიტიკური ხასიათისაა და არხის დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკის მოშლის მიზანს ემსახურება.

************

აჭარის მაუწყებელში ცვლილებებს, რომელც საშტატო განრიგს ეხება მაუწყებლის თანამშრომელთა ნაწილი სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის მცდელობად აღიქვამს. არაერთ განცხადება გავრცელდა მაუწყებლის მხარდასაჭერი, აქციები გაიმართა ქვეყნის მასშტაბით სხვადახვა ქალაქებში.