„გადავედით უკიდურეს ფორმაზე და ვდგავართ აქ" - მაუწყებლის თანამშრომლებმა დირექტორის გადაწყვეტილება გააპროტესტეს

პუბლიკა

დღეს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ ახალი ამბების გუნდი და ტელევიზიის თანამშრომლები დირექტორის, გიორგი კოხრეიძის გადაწყვეტილებების გასაპროტესტებლად გამოვიდნენ.

აჭარის მაუწყებლის დირექტორის გადაწყვეტილებით, მაია მერკვილაძე  ახალი ამბების მიმართულებით რედაქტორი აღარ იქნება. ინფორმაციას ამის შესახებ  მაია მერკვილაძე ავრცელებს. მისი თქმით,  დირექტორი მას გაუგებარ პოზიციაზე სთავაზობს მუშაობის გაგრძელებას, რასაც არ დასთანხმდება.

„გადავედით უკიდურეს ფორმაზე, ვდგავართ და არ ვმუშაობთ იმიტომ, რომ არაერთხელ გვქონდა მცდელობა აგვეხსნა მაია მერკვილაძის იმ ფუნქციებზე რასაც ის აკეთებდა, ის მხოლოდ „რვიანის“ რედაქტორი არ იყო, როგორც მოადგილე ის ანალიტიკურ გამოშვებებშიც აქტიურად იყო ჩართული.

„ჩვენ გვქონდა ყველა ინსტანციაზე მცდელობა დაგვემტკიცებინა, რომ ყოველი ის ნაბიჯი რომელსაც აკეთებდა დირექტორი იყო მიმართული იქეთკენ, რომ სარედაქციო დამოუკიდებლობა და პოლიტიკა ჩვენს მაუწყებელში შეცვლილიყო. აქამდე ბოლომდე ვიტოვებდი იმედს, რომ იქნებ ჩვენ ვცდებით, მაგრამ დღეს უკვე იურიდიულად გაფორმდა. ადამიანებს მინდა ვთხოვო, რომ თქვენი ტელევიზია იკარგება, თქვენი ხმა იკარგებ ჩვენს მაუწყებლში“,- განაცხადა აჭარის მაუწყებლის პირდაპირ ეთერში ჟურნალისტმა ხათუნა შუშანიძემ.

მაუწყებლის დირექტორი გიორგი კოხრეიძე „რუსთავი 2-ის“ ეთერში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ საზოგადოების არასწორად ინფორმირება ხდება.

„რა მოხდა ღეს – მე ქალბატონ მაიას შევთავაზე პროდიუსერობა ყოველდღიური 1-საათიანი თოქ-შოუსი, რომელზეც უბრალოდ პასუხისმგებელი იქნებოდა თვითონ, ამ პასუხისმგებლობას გაურბიან. საინფორმაციოში რჩება შორება ღლონტი, არაფერი არ იცვლება. მაგრამ, მე ვამბობ, საარჩევნო წელიწადია, სრული თავისუფლებაა, არის ბევრი კითხვის ნიშანი, აი ბურთი, აი მოედანი“,- ამბობს კოხრეიძე.

მაია მერკვილაძე ახალი ამბების მიმართულების დირექტორის მოადგილე  და 8-საათიანი საინფორმაციო გამოშვების რედაქტორია. 14 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ დირექტორს საშტატო განრიგში ცვლილებები შეტანა სურდა, რითaც უქმდებოდა მოადგილის შტატი. ცვლილებები მაუწყებლის ბორდმა დაამტკიცა.

************

აჭარის მაუწყებელში ცვლილებებს, რომელც საშტატო განრიგს ეხება მაუწყებლის თანამშრომელთა ნაწილი სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის მცდელობად აღიქვამს. არაერთ განცხადება გავრცელდა მაუწყებლის მხარდასაჭერი, აქციები გაიმართა ქვეყნის მასშტაბით სხვადახვა ქალაქებში.