ღარიბაშვილი: ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები აქ ყოველთვის 8 აგვისტოს ამოდიოდნენ

პუბლიკა

ირაკლი ღარიბაშვილმა მუხათგვერდის სასაფლაოზე აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგო. პრემიერ-მინისტრს ჟურნალისტებმა ომის დაწყების თარიღთან დაკავშირებით დაუსვეს კითხვები. ჟურნალისტმა პრემიერისთვის დასმულ კითხვაში თქვა, რომ საქართველოში რუსეთი 7 აგვისტოს შემოიჭრა და ომის დაწყების თარიღად 8 აგვისტოს დასახელება რუსული პროპაგანდაა.

„ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენ თარიღებზე გვიწევს საუბარი. აქ ჩვენ ყველანი შევიკრიბეთ იმისთვის, რომ ჩვენი გმირების წინაშე ქედი მოვიხაროთ. დანარჩენი, თარიღებზე საუბარს და სპეკულაციებს, გთხოვთ, ყველას რომ თავი დავანებოთ.

მინდა, შეგახსენოთ ყველას, რომ თარიღი 8 აგვისტო არასოდეს გამხდარა განხილვის საგანი. ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები აქ ყოველთვის 8 აგვისტოს ამოდიოდნენ. უხერხულია, ჩვენი გმირი სამხედროების ოჯახის წევრები დგანან და ჩვენ ვსაუბრობთ თარიღებზე.

მთავარი არის შემდეგი, რომ თქვენი ტელევიზიების დე ფაქტო მფლობელი, ყოფილი პრეზიდენტის სააკაშვილის, უგუნურმა პოლიტიკამ და გაუთვლელმა პროვოკაციულმა ნაბიჯებმა განაპირობა ის, რომ მათ თავიდან ვერ აიცილეს ეს ტრაგიკული ომი. ეს იყო სააკაშვილის და მისი გუნდის ღალატი. მათ გაწირეს ქვეყანა, ხალხი და ჩვენი სამხედროები“, – განაცხადა ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან.