Euronews: რუსეთის 27 რეგიონში აივ ინფექციის ეპიდემიაა - ვირუსი მხოლოდ რისკჯგუფებში აღარ ვრცელდება

პუბლიკა

რუსეთის 27 რეგიონში აივ ინფექციის ეპიდემიაა – ვირუსი მხოლოდ მაღალი რისკს ჯგუფებში აღარ ვრცელდება და ის მთელ მოსახლეობას მოიცავს. ამის შესახებ გამოცემა Euronews როსპოტრებნადზორის ეპიდემიოლოგიის ცენტრალურ სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტზე დაყრდნობით წერს. 

ინსტიტუტის ინფორმაციით, ყველაზე მძიმე მდგომარეობა კემეროვოს, ირკუტსკისა და სვერდლოვსკის ოლქებშია. ამ რეგიონებში აივ ინფექცია ორსულთა 1%-ზე მეტს უდასტურდება. 

Euronews წერს, რომ მიუხედავად იმისა, რომ შიდსის პრევენციისა და კონტროლის ცენტრალური სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მონაცემებით, 2025 წელს რუსეთში აივ ინფექციის 45 000 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც 2024 წლის მაჩვენებელზე 13.4%-ით ნაკლებია, გასულ წელს სამედიცინო დაწესებულებებში აივ-ითა და ჰეპატიტით ინფიცირების შემთხვევების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა. ამის შესახებ სპეციალიზებული პორტალ „მედვესტნიკის“ სტატისტიკა მოწმობს. 

ექსპერტები ამბობენ, რომ რუსეთში, სამედიცინო დაწესებულებებში აივ ინფექციისა და ვირუსული ჰეპატიტების გავრცელების მაჩვენებელი ბოლო 15 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალია.

როსპოტრებნადზორის მოსახლეობის ეპიდემიოლოგიური კეთილდღეობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ელენა იგონინას განცხადებით, შემთხვევების უმრავლესობა ვირუსული C ჰეპატიტისა და შერეული ინფექციების (აივ ინფექცია და ჰეპატიტი) კერებზე მოდის. 

Euronews სამედიცინო გამოცემა Medvestnik–ზე დაყრდნობით წერს, რომ 2025 წელს რუსეთის სამედიცინო დაწესებულებებში აივ ინფექციითა და ჰეპატიტებით ინფიცირების რვა კერა დაფიქსირდა, რის შედეგადაც 104 პაციენტი დაინფიცირდა.

როსპოტრებნადზორის ინფორმაციით, 2026 წელს რუსეთის ათ რეგიონში ინფექციის 11 კერასთან დაკავშირებით გამოძიება კვლავ მიმდინარეობდა. ეჭვი არსებობს, რომ სამედიცინო დაწესებულებებში აივ ინფექციისა და ჰეპატიტის გავრცელებას ჰქონდა ადგილი.

მოსკოვში ამჟამად მიმდინარეობს ერთ-ერთი ასეთი კერის შესწავლა, რომლის ფარგლებშიც ვირუსული C ჰეპატიტის 22 შემთხვევა გამოვლინდა.