სუბარი: სამხედრო მოქმედებები დაიწყო 7 აგვისტოს, როცა რუსეთის ჯარი საქართველოს ტერიტორიაზე შემოვიდა

პუბლიკა

საქართველოს პარლამენტის წევრი და მმართველი პარტიის ყოფილმა წარმომადგენელმა სოზარ სუბარმა აგვისტოს ომის დაწყების თარიღთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებები დაიწყო 7 აგვისტოს, როცა შემოვიდა რუსეთის ჯარი საქართველოს ტერიტორიაზე. თუმცა, მისი თქმით, სააკაშვილის ბრძანებულებაში, რომელიც გამოიცა 9 აგვისტოს, პირდაპირ წერია, რომ 8 აგვისტოს შემოვიდნენ რუსეთის ფედერაციის ძალები საქართველოში, რაც სოზარ სუბარის შეფასებით მაშინდელი მთავრობის არასწორი გადაწყვეტილება და ტყუილია.

„რაც შეეხება კონკრეტულად აგვისტოს ომს, უშუალოდ ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებები დაიწყო 7 აგვისტოს, როცა შემოვიდა რუსეთის ჯარი საქართველოს ტერიტორიაზე, თუმცა სამწუხაროდ, მაშინდელი მთავრობის ძალიან არასწორი გადაწყვეტილებები გვაქვს. კონკრეტულად გეტყვით. პრეზიდენტ სააკაშვილის ბრძანებულებაში, რომელიც გამოიცა 9 აგვისტოს, პირდაპირ წერია, რომ 8 აგვისტოს შემოვიდნენ რუსეთის ფედერაციის ძალები საქართველოში. ეს არის ტყუილი, მაგრამ ეს არის ტრადიცია, რომელიც დაამკვიდრა საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“. 2008-2012 წლებში 8 აგვისტოს ხდებოდა ომის დაწყების თარიღის აღნიშვნა.

სწორედ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაამკვიდრა თარიღი 08.08.08. 8 აგვისტო არის ის თარიღი, როდესაც დაღუპული გმირების მშობლები ამოდიან სასაფლაოზე. ჩვენ არ ჩაგვითვლია, რომ ეს ტრადიცია გადახედილიყო. ამ ტრადიციას მივყვებით დღესაც და კარგი იქნებოდა, თავის დროზე პრეზიდენტს 8 აგვისტო კი არ ჩაეწერა ბრძანებულებაში, არამედ 7 აგვისტო.

მეორე საკითხი არის 2008 წლის 2 ოქტომბრის სტრასბურგის რეზოლუცია, სადაც ქართულმა მხარემ და მაშინდელმა პარლამენტის წევრებმა ხელი მოაწერეს დოკუმენტს. წერია, რომ 2008 წლის 7 აგვისტოს საქართველოს სამხედრო ძალების მიერ ცხინვალის გაუფრთხილებლად დაბომბვა დაიწყო, ანუ იქ საერთოდ არ წერია, რომ რუსეთი შემოიჭრა 8 აგვისტოს, შემოიჭრა 7 აგვისტოს. ჩვენ რომ ახლა 7 აგვისტოზე ვლაპარაკობთ, ეს რაღაცნაირად ამ ქმედების გამართლებაც იქნება, ამიტომ ტრადიცია რაც არის, იმას მივყვებით”, – განაცხადა სოზარ სუბარმა.