კრემლი საქართველოსა და უკრაინის დაყოფას ცდილობს, დავები მას მხოლოდ ეხმარება - დეგნანი

პუბლიკა

„ვიცით, რომ კრემლი საქართველოსა და უკრაინის დაყოფას ცდილობს“,- ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.

„საქართველო და უკრაინა ბუნებრივი მოკავშირეები არიან და მათ უნდა მოაგვარონ ნებისმიერი უთანხმოება პირადად და არა მედიის საშუალებით. ვიცით, რომ კრემლი საქართველოსა და უკრაინის დაყოფას ცდილობს. ვიცით, რომ კრემლი ცდილობს ქართველების და უკრაინელების დაბნევას, ასე რომ საჯარო დავები მხოლოდ ეხმარება კრემლს თავისი ბინძური საქმის შესრულებაში. ვფიქრობ, რომ ყველანი უნდა ვიყოთ ძალიან კონცენტრირებულნი იმაზე რომ გავაკეთოთ ის, რაც საჭიროა ამ ომის დასასრულებლად“,- აცხადებს ელჩი დეგნანი. [„ფორმულას“ თარგმანი]

ელჩის განცხადებით, შეერთებული შტატები იყო და არის საქართველოს NATO-სა და ევროკავშირში გაწევრიანების ყველაზე ძლიერი მხარდამჭერი.

„ეს არის ის, რაზეც ჩვენ ძალიან ღიად ვსაუბრობდით. ფაქტობრივად, საქართველოს ამერიკაზე უკეთესი მეგობარი არ ჰყავს და ეს არ შეიცვლება. ეს იმიტომ, რომ ჩვენ გვჯერა საქართველოს ევროპული მომავლის. ეს არის საქართველოს ისტორია. ეს არის ის, რაც ქართველების აბსოლუტურ უმრავლესობას სურს და ეს არის საქართველოს ბედი. ასე, რომ ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას საქართველოსთან, როგორც ქვეყნის მტკიცე მეგობარი, რათა დავეხმაროთ იმ მოთხოვნების შესრულებაში, რაც NATO-სა და ევროკავშირის წევრობის ნაწილია.

ეს არ არის ადვილი პროცესი, ეს NATO-ს ნებისმიერ მოკავშირესა თუ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოს შეუძლია, დაადასტუროს. ეს ძალიან მომთხოვნი პროცესია და მას სჭირდება ყველა დაინტერესებული მხარის პოლიტიკური ნება და დიდი ძალისხმევა არამხოლოდ პოლიტიკური პარტიებისა, არამედ მთელი საზოგადოების, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოების.“