გერმანიისგან მეორე მსოფლიო ომში მიღებული $1.3 ტრილიონის ზარალის ანაზღაურებას მოვითხოვთ - კაჩინსკი

პუბლიკა

პოლონეთში აცხადებენ, რომ მეორე მსოფლიო ომში ქვეყნისთვის მიყენებული ზარალი $1.32 ტრილიონს უტოლდება და გერმანიისგან ოფიციალურად მოითხოვენ რეპარაციას. ამის შესახებ მმართველი პარტიის „კანონი & სამართალის“ ლიდერმა და პრემიერის მოადგილემ იაროსლავ კაჩინსკიმ ისაუბრა. კაჩინსკის თქმით, ეს იქნება „გრძელი და რთული პროცესი“.

როგორც Reuters წერს, პოლონეთის მმართველი პარტია, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ პერიოდულად საუბრობს გერმანიის მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურების საჭიროებაზე, მაგრამ ბერლინისთვის აქამდე ოფიციალურად არასდროს მიუმართავთ.

დღეს კი კაჩინსკიმ, ნაცისტური გერმანიის პოლონეთში შეჭრის 83 წლისთავზე კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ გერმანიას პოლონეთისთვის შესაბამისი კომპენსაცია არასდროს გადაუხდია.

„გერმანია შემოიჭრა პოლონეთში და მოგვაყენა სერიოზული ზიანი… ჩვენ არ შეგვიძლია, რომ უბრალოდ მივიღოთ ეს, მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცას მიაჩნია, თითქოს პოლონეთი სხვა ქვეყნებზე დაბლა დგას“, – განაცხადა კაჩინსკიმ.

გერმანიაში კი, რომელიც პოლონეთის უდიდესი სავაჭრო პარტნიორია, აცხადებდნენ რომ მეზობელ ქვეყანასთან მეორე მსოფლიო ომთან დაკავშირებული საკითხები გადაწყვეტილი იყო.

როგორც Bloomberg წერს, კაჩინსკის განცხადებას შიდაპოლიტიკური კონტექსტიც აქვს. პოლონეთში მომავალ წელს არჩევნებია, მმართველი პარტია კი ნაციონალისტური განცხადებებით მოსახლეობის გულის მოგებას ცდილობს.