დიდი ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის ლიდერობისთვის ბრძოლაში მოქმედმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლიზ ტრასმა გაიმარჯვა. მან 81 236 ხმა მიიღო, მისმა კონკურენტმა, ფინანსთა ყოფილმა მინისტრმა, რიში სუნაკმა კი 60 359 ხმა მიიღო. ხმის მიცემისას აქტივობა 82,6% იყო.
ხვალ ლიზ ტრასი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი გახდება, მას შემდეგ, რაც დედოფალს ბალმორალში ეწვევა მთავრობის დასაკომპლექტებლად.
7 ივლისს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა კონსერვატიული პარტიის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა, თუმცა დროებით რჩებოდა პრემიერად, სანამ მის შემცვლელს აარჩევდნენ.
ბორის ჯონსონმა აღნიშნა, რომ 1987 წლის შემდეგ ყველაზე დიდი უმრავლესობით აირჩიეს, ასევე 1979 წლის შემდეგ – ხმების ყველაზე მეტი წილით.
მისივე თქმით, ამაყობს გაკეთებული საქმეებით. სიტყვით გამოსვლისას ჯონსონმა „ბრექსიტიც“ ახსენა, ასევე პანდემიასთან ბრძოლა და ევროპაში ვაქცინაციის ყველაზე სწრაფად დაწყება.
მისივე თქმით, ბრიტანეთი უკრაინის მხარდაჭერის ავანგარდშია. გამოსვლის დასასრულს კი განაცხადა, რომ მომავალი ნათელი იქნება.
ბოლო პერიოდში ბორის ჯონსონი არაერთ პოლიტიკურ სკანდალში გაეხვა. მისი ადმინისტრაცია 57-მა წევრმა დატოვა.
ბორის ჯონსონისთვის უნდობლობის გამოცხადების კენჭისყრა ივნისში ჩავარდა.
მის მიმართ უნდობლობის გამოცხადებას 148 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 211 კი წინააღმდეგი იყო.
უნდობლობის პროცესის წამოსაწყებად თემთა პალატის 54 წევრის ხმა იყო საჭირო. კენჭისყრაში გასამარჯვებლად კი, რომელიც კონსერვატორ წევრებს შორის ჩატარდა, ჯონსონს უბრალო უმრავლესობა ჰყოფნიდა.
ბრიტანეთში Partygate-ის სახელით ცნობილი სკანდალი კორონავირუსის პანდემიის დროს ხელისუფლების წარმომადგენლების, მათ შორის პრემიერ-მინისტრის წვეულებებში მონაწილეობის გამო აგორდა.
ყველაზე დიდი გამოხმაურება 2021 წლის 16 აპრილს პრემიერ-მინისტრის რეზიდენციაში გამართულმა წვეულებამ გამოიწვია. იმ დროს პრინცი ფილიპი ახალი გარდაცვლილი იყო და ქვეყანა გლოვობდა, ხოლო დედოფალი ელიზაბეტი ქმრის პანაშვიდს კოვიდრეგულაციების დაცვით მართავდა. ამ დროს დაუნინგ სტრიტზე, როგორც შემდეგ გახდა ცნობილი, რეგულაციები დაარღვიეს და ორი წვეულება გამართეს.
ჯონსონსა და მისი მთავრობის წევრებს 2020-2021 წლებში სხვა არაერთი წვეულების გამართვაშიც ადანაშაულებენ. ბრიტანული მედია ე.წ. ლოქდაუნის დროს 16-მდე წვეულების შესახებ წერდა, თუმცა ვარაუდობდნენ, რომ მათი რაოდენობა შეიძლება მეტიც იყოს.
წვეულების მასშტაბი და მასში მონაწილე პირები სხვადასხვა დროს განსხვავებული იყო. Partygate-ის სკანდალს ხელისუფლების წარმომადგენელთა ბოდიშები მოჰყვა, თავად ჯონსონმა კი განაცხადა, რომ ერთ-ერთი შეკრება, რომელიც მისი რეზიდენციის ბაღში გაიმართა, სამუშაო ღონისძიება იყო და არ უფიქრია, რომ რეგულაციებს არღვევდა, თუმცა რეგულაციების დარღვევისთვის საზოგადოების აღშფოთების ესმის.
Partygate-ის სკანდალის გამო, დიდ ბრიტანეთში კონსერვატორები, განსაკუთრებით კი პრემიერ-მინისტრი, ხალხის მხარდაჭერას კარგავენ. ბოლო კვლევებით, სულ უფრო მცირდება მმართველი პარტიის რეიტინგი.
ჯონსონს მხარდაჭერა გამოუცხადა მინისტრთა კაბინეტმა და თანაპარტიელების ნაწილმა. მათ მიაჩნიათ, რომ ხელისუფლებამ და პრემიერმა სათანადოდ უპასუხეს ბრიტანეთის წინაშე არსებულ დიდ გამოწვევებს – „ბრექსითსა“ და კორონავირუსის პანდემიას. ახლა კი ყველამ ყურადღება უკრაინაში მიმდინარე ომს უნდა დაუთმოს და მნიშვნელოვანია, ბორის ჯონსონმა საქმიანობა განაგრძოს.